ამ აქტივობებს ინიცირებულებს ვუწოდებთ - ეს ყველაფერი ტრენინგების ჩატარების შემდეგ ხდება, ანუ ახალგაზრდები ტრენინგების შემდეგ ცდილობენ, მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიარონ და უამრავ საინტერესო ღონისძიებას ატარებენ.

მუშაობა 10 მუნიციპალიტეტში ვრცელდება, იქ, სადაც არის ჩამოყალიბებული ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრები.

აქტივობების თემებია: კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია.

აქტივობა კი მრავალფეროვანია: საინფორმაციო შეხვედრა, ფილმის ჩვენება, სადისკუსიო კლუბი, აქცია  და ა.შ. მოზარდებმა უკრაინის ტრაგედიასთან დაკავშირებითაც გააკეთეს სამშვიდობო აქცია-მოწოდებები. ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები  სკოლის პედაგოგები და დირექტორები. ისინი მიიჩნევენ, რომ ფონდი „სოხუმი“ ხელს უწყობს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჭრა-კერვის ახალი კურსი დაიწყო ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). აქ შექმნილია ყველა პირობა, რომ ქალებმა კარგად შეისწავლონ ეს პროფესია. კურსის მასწავლებელი ამიდა ახალაია სიამოვნებით გადასცემს თავის ცოდნას და გამოცდილებას ახალი კურსის სამ მონაწილეს, რომლებიც ინტერესით და მონდომებით ეუფლებიან ახალ საქმეს.

როგორც ფახულანელები ამბობენ, ეს მხარდაჭერა ახალ შესაძლებლობებს უხსნის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ნაყოფიერი იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართული შეხვედრები წალენჯიხის, ჩოხატაურის, ბაღდათის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტებში.

სამოქალაქო ატივისტებმა, თვითმმართველობების და საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლებმა მსხვერპლთა დახმარების ეფექტიან მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარ პასუხისმგებლობაზე გააკეთეს აქცენტი და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ დახმარების ერთიანი ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, მხოლოდ მაშინ ექნება რეაგირებას ეფექტი.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ კოორდინაციის გაძლიერების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კომპლექსური ყოველდღიური ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა წარიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარებილიტაციო ცენტრში. აქ ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა 8 ბენეფიციარი  – ქალები და ბავშვები. ქალებთან აქტიურად მუშაობდნენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი, ბავშვებთან კი პედაგოგი ატარებდა დღის დიდ ნაწილს.

მოკლედ  ერთ-ერთი ქალის შესახებ:

ლ., 35 წლის - ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. სარეაბილიტაციო ცენტრში ქალთა მხარდაჭერის ერთ-ერთი ცენტრის მობილიზატორის რეკომენდაციით მოხვდა.

„ცუდი განწყობით მოვედი აქ, მძიმე ემოციებით, უიმედობით და დაძაბულობით. 10 წელი ველოდი, რომ ქმარი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ყველაფერი, მერე შემეშინდა ჩემი და შვილების სიცოცხლის გამო - და პოლიციაც გამოვიძახე. ახლა მარტო ვარ ბავშვებთან. სარებილიტაციო ცენტრში ყოფნისას კმაყოფილებას ვგრძნობდი, სიმშვიდეს, პოზიტიურ განწყობას. მივდივარ ბედნიერი, იმედებით და მიზნებით სავსე. მადლობა, ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცით“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის ინიციატივას პირველმა ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი - ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში შეიქმნა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია.

კომისიას მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე უხელმძღვანელებს. კომისია ითანამშრომლებს ბაღდათის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან; პერიოდულად მიაწვდის მათ ინფორმაციას და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; კოორდინაციას გაუწევს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის კომისიისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„არაფორმალური განათლება ჩემთვის არის ახალი ფანჯარა, რომ კარგად დავინახო ის პრობლემები, რომლებიც მთავარ გამოწვევებად დგას ჩემი თაობისთვის“.

„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ კონფლიქტსა და ძალადობაზე - 21-ე საუკუნის „აქილევსის ქუსლად“ მიჩნეულ საკითხებზე“.

„საინტერესოა ერთმანეთის მოსაზრებები, შეხედულებები. ზოგჯერ მსჯელობის პროცესში რაღაცები გადაგვიფასებია, უკეთ დაგვინახავს გამოსავალი“.

ასე ამბობენ ახალგაზრდა მონაწილეები ტრენინგების დროს ან ბოლოს.

მაისის კიდევ 4 შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში - ამჯერად ბაღდათის, ჩოხატაურის, თერჯოლის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგებში ჩართული იყო 80 მონაწილე. სატრენინგო პროცესი მათთვის საინტერესო და სახალისოა. ახალგაზრდები თავიანთ ცოდნას სხვებსაც  უზიარებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება შეხვედრების ციკლი „ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“ პარტნიორ მუნიციპალიტეტებში. ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფისა და ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მორიგი შეხვედრა ჩოხატაურში ჩაატარეს.  ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის სამსახურების, საზოგადოების  სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

შედგა დიალოგი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების საკითხებში თვითმმართველობების როლის გაზრდაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევებზე:  მოძალადის ქცევის ნაადრევ სტადიაზე კორექციის პროგრამების საჭიროება; ქალთა გაძლიერება - ბავშვთა მოვლის სერვისები. წარმოდგენილი იყო ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურს-ცენტრი“ http://sosfsokhumi.ge/ პრეზენტაცია.

მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოჯახებში ძალადობრივ კონფლიქტებზე, მომავალი თაობების აღზრდაზე და საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებზე.

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტში აქტიურ სტადიაშია ოჯახში ძალადობის საკითხებზე რეაგირების უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რაც ქალთა ფონდ „სოხუმთან“ პარტნიორობის წარმატებული შედეგია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ოჯახში ძალადობის აღკვეთაში საზოგადოების ჩართულობა“ - ამ თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სამტრედიაში (ორგანიზატორები: ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფი და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი). შეხვედრას დაესწრნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის სამსახურების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველობის როლის გაზრდაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია კვლევებზე, რომლების 10 მუნიციპალიტეტში ჩაატარა ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ძალადობის საკითხებზე, გაეცნენ ვებგვერდს „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - http://sosfsokhumi.ge/.

შეხვედრის შემდეგ შეკრებილებს გაუჩნდათ მოტივაცია, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოჯახური კონფლიქტები, ძალადობა ქალზე, მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები - ამ საკითხებზე გაიმართა საუბრები ვანის, სენაკის, ქობულეთის, თერჯოლის და ზუგდიდის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გახსნილობა გაზრდილია, თუმცა, ამავდროულად ჯერ კიდევ სამუშაოა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რადგან ბევრმა არ იცის, რა რეაგირება მოახდინოს ძალადობის შემთხვევაში, როგორია მისი პასუხისმგებლობა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსის შეხვედრები აუცილებელია, რათა ინფორმაციული ვაკუუმი შეივსოს და საზოგადოება მზად იყოს, დაუპირისპირდეს ძალადობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის და ადვოკატირების ჯგუფმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები: მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციას და ეფექტიან რეაგირებას ქალთა დასაქმების ხელშეწყობის - ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით. ასევე მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობასა და არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე.

შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ძალადობის პრევენციისთვის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები