ქსელი WAVE-ის  ორგანიზებით, რომელიც აერთიანებს 150-ზე მეტ ქალთა  მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩატარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო, უკრაინაში ომის შედეგად ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაში გადაუდებელი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება უკრაინელი კოლეგებისგან, ინფორმაციის გაცვლა პარტნიორების მხრიდან არსებული მხარდაჭერის ინიციატივებზე. ქსელის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიებზე, რაც უზრუნველყოფს დახმარების მეტ ეფექტიანობას.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, ეკა გამახარიამ კოლეგებს გაუზიარა ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც უკრაინაში მყოფ მოსახლეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად ხორციელდება ორგანიზაციის მხრიდან - ოკუპირებულ მელიტოპოლში მოსახლეობის ფულადი რესურსებით და ჰუმანიტარული ტვირთით დახმარება; ქუთაისში განთავსებული უკრაინელი ლტოლვილებისთვის საჭირო ნივთების და პროდუქტების შეძენა, დროებით ბინის ქირის გადახდა და დასაქმებაში დახმარება, ასევე -  ფსიქოლოგის კონსულტაცია. 

ხუთი მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ჩოხატაური, სენაკი, წალენჯიხა და ბაღდათი) ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ შემაჯამებელ შეხვედრებს, რომლებიც ონლაინ ჩატარდა.

ცენტრებმა წარმოადგინეს ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ანგარიში.  ახალგაზრდების პრეზენტაციებში და ემოციურ გამოსვლებში ჩანდა საგრძნობი შედეგები და ცვლილებები. ისინი ამბობდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა, გუნდური მუშაობა, სატრენინგო კურსზე სერიოზული ცოდნის და უამრავი უნარ-ჩვევის შეძენა.

ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სატრენინგო კურსის მონაწილეებს და ახალგაზრდა ტრენერებს სერტიფიკატები გადასცა, პროცესში ჩართულ სკოლებს კი - მადლობის სიგელები მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ერთობლივი კომპლექსური ყოველდღიური ინტენსიური ფსიქორეაბილიტაციური მუშაობა მიმდინარეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ორ ქალთან. ერთი მათგანს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მეორე კი ორი  ბავშვის დედაა.

ახალგაზრდა ქალები ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, ბავშვობიდან ტრავმირებულები, სოციალურად დაუცველები. მართალია, თავიანთ მუნიციპალიტეტში იღებენ გარკვეულ დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ კომპლექსური მუშაობაც აუცილებელი იყო მათთვის.

სარეაბილიტაციო ცენტრში ორი კვირის მანძილზე მათი რამდენიმე პრობლემა მოგვარდა, გაირკვა სხვა პრობლემების მოგვარების გზებიც. ქალებთან და ბავშვებთან მუშაობაში ჩართულები იყვნენ სოციალური მუშაკი, იურისტი და ფსიქოლოგი.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წლებია, მუნიციპალიტეტებში აქტიურად  ატარებს შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატით, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონით გათვალისწინებული რეფერირების სუბიექტების ჩართულობით, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე უწყებებს შორის კოორდინაციის სისტემის დანერგვას.

შეხვედრებმა გამოავლინა ადგილებზე უწყებათაშორისი კომისიის ჩამოყალიბების საჭიროება. ამ ინიციატივის რეალიზებისთვის აქტიური მუშაობა დაიწყო სამიზნე მუნიციპალიტეტებში. ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა ბაღდათის, სენაკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ  მერის მოადგილეები, მერიის იურიდიული, ახალგაზრდული, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილებების ხელმძღვანელები, ბავშვთა განყოფილების კოორდინატორები, გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად ეხმიანებიან ყველა აქტუალურ მოვლენას. ქალებმა პროტესტი გამოხატეს უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. ათივე მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სამტრედია, ზუგდიდი,  წალენჯიხა, სენაკი, ქობულეთი, ჩოხატაური) გაიმართა მდუმარე აქციები.

სოლიდარობა მშვიდობისთვის! სოლიდარობა ჩვენი შვილების ნათელი მომავლისთვის! -  ასეთი იყო ქალების სამშვიდობო გზავნილები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების წარმომადგენლები ასევე მონაწილეობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მდუმარე აქციაზე, რომელიც 8 მარტს ჩატარდა ქუთაისში.

2022 წლის 17 მარტი, ბერლინი

ძვირფასო დებო და ძმებო,

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

ძვირფასო პარტნიორებო უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში!

 

რთულია, წარმოვიდგინოთ თქვენი მდგომარეობა ამ სიტუაციაში. სიტყვები არ გვყოფნის ჩვენი გრძნობების გამოსახატავად, რადგან ამ დღეებში განუზომელი ტანჯვის მოწმენი ვართ. ომი წარმოუდგენლად საშინელი და სასტიკია, ომს მივყავართ ნგრევამდე და სიკვდილამდე - ომი მოიცავს ყველაფერს, რისი გადალახვაც გვსურდა საერთო ძალისხმევით და პარტნიორობით ღირსეული სიცოცხლისთვის. ომი კავშირების გაწყვეტისა და ადამიანების გაყოფის საშინელი მცდელობაა, იგი ხორციელდება ახლო და გრძელვადიანი ურთიერთობების გასანადგურებლად.

ამ მოცემულობაში, ჩვენი საშუალებები ამ სიტუაციის შესაცვლელად შეზღუდულია. მაგრამ გვსურს დაგამშვიდოთ, რომ გავაკეთებთ თქვენთვის ყველაფერს, რაც შესაძლებელია. ჩვენ გვსურს შეძლებისდაგვარად დაგიჭიროთ მხარი და გვერდით დაგიდგეთ. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს საჭიროებებზე და სიტუაციაზე, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის ახლა - რადგან მდგომარეობა და საჭიროებები სწრაფად იცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვეყრდნობით თქვენი მხრიდან მიღებულ ინფორმაციას. ჩვენ ვცდილობთ ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად და ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები. ჩვენმა ჰუმანიტარულმა ფილიალმა Diakonie Katastrophenhilfe-მ შექმნა გადაუდებელი საჭიროების ფონდი და ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს ამ ფონდის გასაფართოებლად.

მძიმე დღეები უდგას უკრაინას...

ჩვენ ვიცით ომის საშინელება, ჩვენ გამოვიარეთ ომი, ვიცით, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქალებს, დედებს, ქვეყანას... ამიტომაც ქალთა ფონდი „სოხუმი“ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ მონიტორინგის ახალ ანგარიშს:  „ადრეულ ეტაპზე მოძალადის ძალადობრივი ქცევის კორექციის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო გამოცდილება“. დოკუმენტის მიზანია, ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამის დანერგვის საკითხზე დაინტერესებულ პირთა დამოკიდებულებების შესწავლა და აღნიშნული თემის ირგვლივ აქტიური დისკუსიების წამოწყება. ეს ხელს შეუწყობს შესაბამისი პროგრამის საკანონმდებლო დარეგულირებას და მის პრაქტიკაში ამოქმედებას.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახში ძალადობრივი გარემოს აღმოსაფხვრელად და ეფექტიანი პრევენციისთვის არასაკმარისია მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის მიმართ გატარებული ღონისძიებები. აუცილებელია, დაინერგოს მოძალადესთან ადრეულ ეტაპზე მუშაობის პრაქტიკა, გაძლიერდეს მოძალადეების გამოვლენის ხარისხი, შემუშავდეს მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა და უზრუნველყოფილ იქნას მოძალადეთა ჩართვა ამ პროგრამაში. ასევე, მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ქცევის კორექციის პროგრამების მიმართ, საინფორმაციო კამპანიის წარმოების გზით.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე  სოლიდარობის თემა განიხილეს.

- ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე  ომს გვერდს ვერ ავუვლით. სოლიდარობა ნიშნავს თანაგრძნობას, მხარდაჭერას, გვერდით დგომას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, - აღნიშნეს მონაწილეებმა.

შეხვედრებზე ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის მაგალითებზე, გაიხსენეს 8 მარტის ისტორია, ქალთა მოძრაობები საქართველოში.

შეხვედრებს წალენჯიხის, სენაკის, თერჯოლის, ტყიბულის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები ესწრებოდნენ. მათი პოზიცია ასეთია: ჩვენ, ქალები, განსაკუთრებით ვგრძნობთ ომის სისასტიკეს. ყველას გვსურს მშვიდობა. ამ  საქმეში ჩვენი სოლიდარობა მკაფიოდ გამოხატულია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

 

აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა კარგად ვიცით ომის შემზარავი სახე, მისი რთული შედეგები...

ამიტომაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მთავარი გზავნილია: მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ!

მშვიდობა უკრაინას!

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები