ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის და კოკი/ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა ჯგუფის შეხვედრებზე განიხილეს პრობლემები, რომლებიც  მუნიციპალიტეტში გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა. ქალთა ჯგუფებმა ყველაზე აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელებენ.

სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე მთავარი საკითხი საპროექტო განაცხადის დახვეწა იყო. ახალგაზრდებმა ქუთაისში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლეს, როგორ შეიძლება საინტერესო იდეა პროექტად გადააქციო. უკვე შედეგიც არის: მოამზადეს ორი პროექტი, რომელსაც მალე განიხილავს სპეციალური კომისია.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი სენაკში ადვოკატირების გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემათა პრიორიტეტულობაზე და საბოლოოდ აქტუალურ პრობლემაზე შეჩერდნენ. პრობლემის შინაარსიდან გამომდინარე, ჯგუფის წევრები პრობლემის ადვოკატირებას შეეცდებიან როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.

სამუშაო პროცესშია ჩართული სენაკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფიც, მონაწილეები საგრანტო პროექტზე მუშაობენ. პროექტების სამუშაო ვერსიებში თითოეული პუნქტი ერთობლივად განიხილეს და დეტალები დააზუსტეს. სამუშაო პროცესი პროექტის წარდგენამდე გაგრძელდება. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა ქალთა და ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან.

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავა. კონკრეტული პრობლემა  კვლევის შედეგად გამოვლინდა. უკვე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია, გაიწერა კონკრეტული აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით.

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები პროექტის შექმნაზე მუშაობენ. მონაწილეებმა უკვე იციან, როგორ ააგონ პროექტი. იმუშავეს პროექტის სახელწოდებაზე, დაამუშავეს სლოგანი, იმსჯელეს მიზნებისა და ამოცანების დახვეწაზე. 

ქვეგრანტების კონკურსზე წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფები ორ-ორ პროექტს წარადგენენ, თითოეულ პროექტში კონკურსით გამოცხადებული მიმართულებები გაჟღერდება.

შეხვედრის ადგილი - ზუგდიდი.

ტრენინგის თემა „მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების პრაქტიკა“.

აქ შეიკრიბნენ ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის, ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები. მათ პრაქტიკული მაგალითებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით განიხილეს ადვოკატირების პროცესი.

მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს: განსაზღვრეს კვლევიდან გამოვლენილი აქტუალური პრობლემა, ამოცანები, ჩამოაყალიბეს ადვოკატირების გეგმა. მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება მათ, მუნიციპალიტეტების მიხედვით მოამზადონ ადვოკატირების გეგმა და სწორად დაგეგმონ ადვოკატირების პროცესი.

 

როგორ ვაქციოთ იდეები რეალობად, როგორ დავგეგმოთ საპროექტო აქტივობები - ამ საკითხებზე ჩატარდა ტრენინგი ქუთაისში. მასში მონაწილეობა მიიღეს სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის ქუთაისის, წყალტუბოს და ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

თეორიული მასალების გაცნობის შემდეგ ჯგუფებმა პროექტების შექმნაზე იმუშავეს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციები და უნარები დაეხმარება ახალგაზრდულ ჯგუფებს, რომ დაწერონ პროექტის სამუშაო ვერსიები და დროულად წარუდგინონ საკონკურსო კომისიას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ჩემი მოლოდინები გამართლდა, მივიღე ბევრი ახალი ინფორმაცია, ვისურვებდი მომავალშიც საინტერესო ღონისძიებებს - ასე დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ტრენინგის დასასრულს. მათთვის ჩატარდა ტრენინგი 10 ივნისს თემაზე „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი“.

18 ივნისს კი ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხისა და გენდერული საჭიროებების შეფასების“ რაოდენობრივი კვლევის  შედეგები მოისმინეს. მათ კვლევის სარეკომენდაციო წინადადებებიდან შეარჩიეს პრობლემური საკითხი, რომლის ადვოკატირებაზე უნდა იმუშაონ. უკვე დაისახა გეგმები და ჯგუფის წევრები მზად არიან, ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში.

- ვინ არის ლიდერი, რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, რითი განსხვავდება ლიდერი აქტივისტისგან - ამ საკითხების გარშემო ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა საკუთარი მაგალითებიც დაასახელეს, თუ როგორ არიან ჩართულები სამოქალაქო აქტივიზმში: სკოლის ეზოს გამწვანებაში მონაწილეობა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გაჭირვებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, უსახლკარო ცხოველების დაპურება...

ახალგაზრდებმა იციან, რომ ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი ურთიერთკავშირშია და ერთი მეორის განვითარებას უწყობს ხელს.

კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ქალთა საინიციატივო ჯგუფებში. ჯგუფის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსახლეობის საჭიროებების შეფასებაში და ინტერესით მოისმინეს კვლევის შედეგები. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს კვლევის ჩატარების ფუფუნება და მადლობა გადაუხადა ფონდს „სოხუმს“ გაწეული მუშაობისთვის. კვლევა წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გაითვალისწინონ შემუშავებული რეკომენდაციები.

რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.

საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.

საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.

რაც საზოგადოების კეთილდღეობას ეხება, ჩვენი საქმეა, - აღნიშნეს შეხვედრის ბოლოს კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. შეხვედრა ლიდერობას და სამოქალაქო აქტივიზმს ეხებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი რამ გაიგეს. ყველაზე მთავარი კი ის, რომ აქტივიზმი არის: აქტიურობა, მოქმედება, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მონაწილეობა, მოხალისეობა.

ამას გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდის და კოკი/ხურჩას ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე.

მონაწილეებმა შეარჩიეს გარკვეული სარეკომენდაციო წინადადებები - მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრების გახსნა სოფლებში (სალონი, სამკერვალო, ფეხსაცმლის შეკეთება), სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. საინიციატივო ჯგუფების წევრები პრობლემების ადვოკატირებას შეუდგებიან.

ეს სტატია ფონდი „სოხუმის“ სამშვიდობო საქმიანობას მოუთხრობს „ახალი განათლების“ მკითხველს - კონკრეტულად  საუბარია ახალ პროექტზე „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა - ხალ­ხ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის“. და ასახულია ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან ჩატარებული ტრენინგების ციკლი.  

ამ მუშაობაში განსაკუთრებულია ახალგაზრდების როლი და სტატიაშიც სწორედ ეს არის ხაზგასმული - მათი ინტერესი, მეტი გაიგონ კონფლიქტის შესახებ და გა­ნი­ხი­ლონ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი. მათი სურვილი - გამოავლინონ ინიციატივები და გახდნენ მშვიდობისმყოფელები...

 

https://akhaliganatleba.ge/

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები