საინტერესო და შთამბეჭდავი სცენები, მაყურებლების აქტიური ჩართულობა, დისკუსიები და საკუთარ პრობლემებზე საუბარი...

ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები თებერვალში. ამჯერად ახალგაზრდა მსახიობებს ახალმა მაყურებლებმა უმასპინძლეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში და სოფელ ბარდუბნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.

მაყურებელს მოეწონა ფორუმ-თეატრის წარმოდგენილი სცენები, ინტერესით ჩაერთო შემოქმედებით პროცესში  და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თბილისში გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართა საკრებულოს წევრ ქალთა პოლიტიკური ფორუმი, რომელსაც 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.

ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ საკრებულოს წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას საპარლამენტო და ადგილობრივი არჩვენებისათვის მზადების პერიოდში.

ფორუმს ესწრებოდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე.

დასრულდა ციკლი „5 ART“ - გაიმართა 5 შეხვედრა უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ ლტოლვილ ბავშვებთან. თერაპიული შეხვედრების მიზანია, ბავშვებს  განუვითარდეს ემოციების და იმ სიტუაციების ურთიერთკავშირის უნარი, რომელშიც ისინი იძულებით აღმოჩნდნენ. შეხვედრები ეხმარება ბავშვებს ემოციური სტრესის და თანმხლები სიმპტომების აღმოფხვრაში, საკუთარ თავთან და სხვებთან სწორად ურთიერთობაში, ნეგატიური იმპულსების და რეაქციების პოზიტიურად გარდაქმნაში.

შედეგები თვალსაჩინოა: სტრესის მოხსნა, გადაჭარბებული ცნობიერი კონტროლის შესუსტება, ურთიერთნდობა, ფიზიკური სილაღე. 7-დან 12 წლამდე 10-მა ბავშვმა 5 საინტერესო დღე გაატარა ქალთა ფონდ „სოხუმში“ და დაუმეგობრდა ერთმანეთს.

მუშაობა წარიმართა მცხეთა მთიანეთის რეგიონალური ჰაბის მხარდაჭერით

მოკლე სამუშაო თვის მიუხედავად, აქტიური იანვარი გამოუვიდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგს - მანანა გოცირიძეს. მან ჯგუფური შეხვედრა ჩაატარა სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ამას გარდა ონლაინ 12 ინდივიდუალური კონსულტაცია გამართა რეგიონებში და 13 ინდივიდუალური ფსიქოტერაპიულ სესია - ქუთაისში. უპასუხა 8 სატელეფონო ზარს და დაეხმარა ბენეფიციარებს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.

ფსიქოლოგი ყოველდღე მუშაობდა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და მათი შვილები. აქ ფსიქოლოგთან ერთად მუშაობდა იურისტი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი, რომელიც ბავშვებთან ატარებდა სახალისო-შემეცნებით საათებს.

ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღნიშნა: „აქ ისე კარგად ვგრძნობ თავს, წასვლა არ მინდა. მიხარია, რომ ახლა მეტი ვიცი, უფრო ინფორმირებული ვარ და მოტივაციაც მეტი მაქვს, რომ ჩემი პრობლემები მოვაგვარო... დიდი მადლობა თქვენ - 34 წლის მანძილზე ეს იყო ჩემთვის ყველაზე ნათელი, თბილი და სასიამოვნო დღეები“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

9 ახალი ადამიანი დაემატა უკრაინელთა რაოდენობას იანვარში და ახლა 387 ადამიანია. როგორც წინა თვეებში, ახლაც გაეწია მათ დახმარება სხვადასხვა სახით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სურსათის ვაუჩერების დარიგებაა. იანვარში ორგანიზაციამ შეისყიდა 52 ცალი 100-ლარიანი ვაუჩერი, რომელიც დაურიგა 39 ოჯახს. ამას გარდა, 4 ოჯახს გადავუხადეთ კომუნალური ხარჯები, 6-მა ოჯახმა კი მიიღო თანხა ბინის ქირის დასაფარად.

საჭიროებების მიხედვით, არის სხვა სახის მხარდაჭერაც: ტელეფონის საფასურის გადახდა, ონკოავადმყოფებისთვის კონსულტაციების, გადასხმების და წამლების ხარჯის ანაზღაურება.

ყველაფერი ეს შეიძლება მცირეა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი გვემადლიერება ამ სტაბილური მხარდაჭერისთვის, რომელიც თითქმის ორი წელია გრძელდება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონიტორინგის ჯგუფმა გააგრძელა საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტში. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მექანიზმებზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლების დახმარებისა და გაძლიერების კუთხით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს დაეთმო.  

მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების პროგრამა, რაც, მათი აზრით, დიდი მხარდაჭერაა ისეთი ოჯახებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ შვილების განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი ეკატერინე ქვაჩაკიძე შეხვდა რისკის ჯგუფის და სოციალურად დაუცველ ქალებს, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. შეხვედრები წარიმართა ჯგუფური და ინდივიდუალური ფორმატით. შეხვედრის ძირითადი თემა „კონფლიქტის მოგვარება“ საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მონაწილეებმა განიხილეს ქეისები კონფლიქტთან დაკავშირებით. კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, თითქმის ყველა ურთიერთობაში იჩენს თავს. რადგან კონფლიქტი გარდაუვალია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ ეს არ მოინდომა მასში ჩართულმა ყველა მხარემ. შეხვედრაზე მყოფ ქალებს ფსიქოლოგმა  გაუზიარა რჩევები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იანვარი მოკლე სამუშაო თვე იყო. მეორე შემაფერხებელი ფაქტორიც გამოჩნდა - სეზონური გრიპის ვირუსი. ამის მიუხედავად, ყველა დაგეგმილი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრებთან. მუშაობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდა - 5 ტრენინგი ადგილებზე გაიმართა, 5 კი - ონლაინ ფორმატში.

ეს იყო საინტერესო, აქტიური და დასამახსოვრებელი ტრენინგები მონაწილეებისთვის: აქტუალური თემების განხილვა, გულახდილი საუბრები საკუთარ პრობლემებზე. პარალელურად დაიწყო ლიდერების მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. ეს განსაკუთრებით საინტერესო ეტაპია მათ ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური ინტერაქციის ფონზე ჩატარდა ტრენინგი ზუგდიდში, რომელსაც ესწრებოდნენ დევნილი ლიდერი ქალები, ამხანაგობების თავმჯდომარეები ბარამიას და ლაღიძის ქუჩებიდან.

მონაწილეებმა გაიგეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების არსი, გააანალიზეს პროცესი პრობლემის იდენტიფიცირებიდან - მოგვარებამდე.  SWOT ანალიზის გამოყენებით შეაფასეს საკუთარი რესურსები, ძლიერი და სუსტი მხარეები, იმსჯელეს მოსალოდნელ რისკებზე.

ტრენინგის მონაწილეებმა კონკრეტული პრობლემები შეარჩიეს და შეადგინეს სამოქმედო გეგმები.

მონაწილეთა უკუკავშირიდან:

„ვისწავლეთ ადვოკატირების გეგმის გაწერა და პასუხისმგებლობების გადანაწილება.“

„ამ უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში გამოვიყენებთ ჩვენს თემებში პრობლემათა ადვოკატირებაზე მუშაობისას.“ 

მუშაობა მიმდინარეობს ცენტრ „აფხაზეთთან“ პარტნიორობით, პროექტის „კონფლიქტების ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვაში“ ფარგლებში.

იანვრიდან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა აქტიურად დაიწყეს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. 10 ცენტრის მობილიზატორების დახმარებით 150-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და მუნიციპალურ პროგრამებზე.

ინფორმირების პროცესმა ხელი შეუწყო ახალი ოჯახების იდენტიფიცირებას.  თვის განმავლობაში 10 რისკის ჯგუფის მქონე გამოვლინდა. მათთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ბენეფიციარები  უკვე სარგებლობენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ უფასო სერვისებით: იღებენ ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები