სოფია თოლორდავას სტიმული ახალი წარმატებებისთვის

სოფია ვერ მალავს მიღებული შედეგით მოგვრილ სიხარულსა და სიამაყეს. ეს ადვოკატირების კამპანიის შედეგია შემდეგ საკითხზე: ავტობუსის გაჩერების მოწყობა „პანდუსით“ (ამას ხაზს უსვამს ყოველ ჯერზე, როცა სამოქალაქო ინიციატივაზე იწყებს ლაპარაკს).

მოვიდნენ ზუგდიდის მერიიდან, შეისწავლეს ადგილი, ჩაიწერეს მონაცემები. მათი თქმით, კონსტრუქცია 2022 წლის პირველ კვარტალში დაიდგმება. გამოდის, რომ ძალიან მალე, რადგან წლის ბოლოს ასეთი რამ იშვიათად ხდება. ქალთა საინიციატივო ჯგუფმა კი ეს შეძლო!

სოფია თოლორდავას არ უნდა ამ წარმატების მიწერა თავის თავზე. ის ამბობს, რომ მთელი თემია ჩართული  – ქალებმა დაიწყეს, და როცა დაინახეს, საქმე დაიძრა, კაცებიც აყვნენ, ახალგაზრდებიც...

სოფია გატაცებით უზიარებდა გამოცდილებას თემის წევრებს და ისინიც აქტიურად ერთვებოდნენ ხელმოწერების  შეგროვებაში, ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაციაში. მან დამოუკიდებლადაც კი ჩაატარა ვორკშოპი ადვოკატირების ნპრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე.

- მე არ ვიყავი ასეთი თამამი, – აღიარებს სოფია. - ამაღელვებელი იყო ჩემი პირველი მისვლა მერიაში შეხვედრისთვის… თითქოს მოვამზადე სათქმელი, არგუმენტები, კამპანიის ძირითადი მესიჯები, მაგრამ უცებ მომეჩვენა, რომ სიტყვასაც ვერ დავძრავდი. საშინელება იყო, შერცხვენის მეშინოდა. მაგრამ… თუ ადრე მხოლოდ ჩემი სახელით მიწევდა ლაპარაკი, ახლა თემს წარმოვადგენდი, ჩემს უკან იდგა კოალიცია „ქალები მშვიდობისთვის“, ძლიერი ირგანიზაცია - ფონდი „სოხუმი“. ყოველი ნაბიჯის შემდეგ ფონდში ვრეკავდი და რჩევებს მაძლევდნენ, მასწავლიდნენ, როგორ გადამედგა შემდეგი ნაბიჯი“.

სოფიამ იცოდა, რომ მასზე იყო დამოკიდებული კამპანიის წარმატება. კამპანიისთვის დაგეგმილი ყველა შეხვედრა წარმატებით გაიმართა. უკვე სხვებს ასწავლის, როგორ წარმართოს კონსტრუქციული დიალოგი, როგორ გადააქციოს თანამოაზრეებად ადგილობრივი ჩინოვნიკები.

- ჩვენი თემი შეკავშირდა, უკვე ვაგვარებთ რაღაც პრობლემებს, ახალი პრობლემებიც ვიპოვეთ ადვოკატირებისთვის, - სიხარულს ვერ ფარავს სოფია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

მისი პირადი ფეისბუქგვერდი სავსეა მადლობის სიტყვებით… ეს დიდი სტიმულია ახალი წარმატებებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები