დედამთილს უამბო ყველაფერი. ის დაჰპირდა, რომ დაელაპარაკებოდა თავის ვაჟიშვილს და ისიც შეიცვლებოდა. მშობლები აგზავნიდნენ ფულს, ეხმარებოდნენ. ბიჭი გააჩინა, ფიქრობდა, ყველაფერი დალაგდებაო, მაგრამ უარესობა დაიწყო - უფრო მეტად ბრაზდებოდა, ეჭვიანობდა, სცემდა. როცა ქმარი მთვრალი მოდიოდა, მეზობლებთან იმალებოდა. დედასთან გარბოდა, მაგრამ მერე ქმრის ნათესავები ჩაერეოდნენ ხოლმე და ისევ ბრუნდებოდა.
მორიგი ფიზიკური ძალადობის შემდეგ პოლიციაში დარეკა…
გვიამბობს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე:
„ჩვენთან მოვიდა გახდარი, მოხრილი, წინა კბილების გარეშე, შეშინებული მზერით, დაბალი თვითშეფასების მქონე ახალგაზრდა ქალი. ამბობდა, რომ ეს მისი ხვედრია. დედამისი ითმენდა მამის სიმთვრალეს და ცემას. მას ეცოდებოდა დედა. ახლა თავისი ქმარი ეცოდება, რომ მარტო დატოვა დიდ მეურნეობაში. შვილთან ერთად წამოვიდა მისგან, მაგრამ მერე იმან მიიტყუა ბიჭუნა, რომ უყიდის ტელეფონს, მოპედს და ა.შ. არ უნდა, რომ შვილი მემკვიდრეობის გარეშე დარჩეს, უმამოდ იცხოვროს. ახსოვს, ბავშვობაში როგორ უჭირდა დედასთან ერთად, მამის გარეშე. არასოდეს იფიქრებდა, რომ თვითონაც ასეთ სიტუაციაში მოხვდებოდა.
ჩვენ რვათვიანი ფსიქორებილიტაცია გავიარეთ, არტ-თერაპიის და კოგნიტური ქცევითი თერაპიის სეანსები, მუშაობა ასოციაციური ბარათებით - ვმუშაობდით ნეგატიურ ემოციებზე, ბავშვობის ტრავმებზე, შიშებზე, თვითშეფასების ამაღლებაზე.
ჩვენი ორგანიზაცია დაეხმარა, რომ ძალა მოეკრიბა, სტილისტის კურსებზე გაუშვა, სწავლის საფასური გადაუხადა. დღეს ის მუშაობს, ახალი მეგობრების წრეში ტრიალებს, დედას ეხმარება...
მან გაიარა კონსულტაცია ჩვენს იურისტთან - იურისტი დაეხმარა სათანადო საბუთების მომზადებაში, ურჩია ადვოკატი.
განქორწინების შემდეგ მადლობას გვეუბნებოდა, რომ დავუბრუნეთ ქალური ღირსება, რწმენა, თავდაჯერებულობა, სულიერი სიმშვიდე…
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)