რეპორტაჟი: ქალთა ფონდი „სოხუმი“ - უკრაინისთვის!

24.02.22 – დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო და ჩვენ ყველანი, ფონდი „სოხუმის“ ქალები – ომი უკრაინაში!

25.02.22 – უკრაინელ ქალთა მხარდასაჭერად დავწერეთ მიმართვა და ყველგან დავაგზავნეთ!

26.02.22 – დავიწყეთ თანხების შეგროვება უკრაინელების მხარდაჭერისთვის. ქალთა ფონდი „სოხუმის“ 54 თანამშრომელმა უკრაინის დახმარების სხვადასხვა ფონდში გადარიცხა თანხა.

28.02.22 – დამატებით შევაგროვეთ 1500 ლარი და შევიძინეთ ბავშვის საკვები, პამპერსი, ქალის ჰიგიენური საშუალებები და 12 ყუთი ჩავიტანეთ თბილისში, დახმარების მიღების პუნქტში უკრაინაში გასაგზავნად.

უკრაინაში ყველა ნაცნობ თუ უცნობ ქალთა ორგანიზაციას გავუგზავნეთ მხარდაჭერის წერილი და ვეკითხებოდით: რითი შეგვიძლია დაგეხმაროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?

08.03.22 - ქუთაისში მოვაწყვეთ აქცია „ქალთა ფონდი „სოხუმის“ სოლიდარობა - უკრაინელ ქალებს!“ აქციაში მონაწილეობდნენ ქალები მთელი დასავლეთ საქართველოდან.

10.03.22 - დავიწყეთ ქუთაისში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დახმარება.

11.03.22 – მივიღეთ აქტივისტი ქალის წერილი მელიტოპოლიდან, რომელიც მზად იყო, ადგილზე დახმარებოდა ქალებს, ხანდაზმულებს და ბავშვებს. დაასახელა ორი ძირითადი პრობლემა: სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი.

17.03.22 – დაიწყო „ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების ხელახლა შეგროვილი თანხის გადარიცხვა მელიტოპოლში - ქალების დასახმარებლად. პროცესი რთული აღმოჩნდა, მაგრამ ზაპოროჟიეში მაინც მოხერხდა გადარიცხვა. ვაშა! გამოვიდა! ოკუპირებულ მელიტოპოლში მიიღეს 55 285 უკრაინული გრივნა მედიკამენტებისა და საკვებისთვის!

23.03.22 – ჩამოვიდა შესყიდვის პირველი ქვითრები და ფოტოები.

მელიტოპოლელი ქალი, თავის მეგობარ ქალებთან ერთად, შიშის და რისკის მიუხედავად, ურიგებდა ადამიანებს იმას, რაც სჭირდებოდათ. მათ მიჰქონდათ არა მარტო პროდუქტები და წამლები, იმედიც, რომ ისინი ახსოვთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც კი არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, ფიქრობენ და ზრუნავენ მათზე!

ამონარიდები მისი წერილებიდან:

„აი, ახლა მივემგზავრები სოფელში, იქ კავშირი არ არის. მიმაქვს საჭმელი, პროდუქტების მეორე წყების ნაწილი.“

„ის იყო, წამლები დავარიგე და ორი მანქანით სამხედროები შევიდნენ ეზოში, გამოვასწარი...“

„ძალიან რთული სიტუაციაა. სოფელში სამხედროები მოვიდნენ ავტობუსებით და ყველა სახლი გაჩხრიკეს. მიმძიმს, არასოდეს ვყოფილვარ ასე…“

„უფალო! უღრმესი მადლობა თქვენ, რომ დაგვეხმარეთ. ბევრი ტირის, წამლებს რომ ვაძლევ“.

„ბებიებმა მოკითხვა დამაბარეს თქვენთან, საქართველოში და დიდი მადლობა დახმარებისთვის“.

„ცოტათი შვებას გვაძლევს ის, რომ ადამიანებს რაღაცას მაინც ვაძლევთ, მაგრამ ვითარება სულ უფრო რთულდება“.

„ორკებმა თავიანთი ხელისუფლება დასვეს დასახლებებში, დადიან სოფლებში და ჩხრეკენ სახლებს“.

„უკვე გვიანია, ღამით შედარებით უკეთესია ინტერნეტის ჩატვირთვა“.

„ბლოკადაზე მყოფმა რაშისტებმა წაიღეს გამაყუჩებლების ერთი შეკვრა, რამდენი ამპულა, ბინტი, დამამშვიდებლები. მადლობა ღმერთს, დანარჩენი მივიდა ადგილამდე. ხსნიან ყუთებს, მუდმივად ამოწმებენ“.

„უღრმესი მ ა დ ლ ო ბ ა ! ვერც წარმოიდგენთ, როგორ დაეხმარეთ ჩვენს ხალხს“.

„ზაპოროჟიეს გზა დაკეტეს, ვეძებთ ახალ გზებს“...

„ვიპოვეთ! ვაშა! მივიღე წამლების ბოლო ამანათი. კომენდანტის საათის დაწყებამდე ცოტა რაღაცის დარიგებაც მოვასწარი“.  

„ჯერჯერობით აქ ვრჩები, ვეძებ კიდევ, ვის შეიძლება მივმართო დახმარებისთვის“.

„საკვებს ცოტას მაინც იშოვი, მედიკამენტები კი პრაქტიკულად არ არის“.

«Все буде Украiна!»

ასეთია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მამამაცი ქალების მუშაობის მოკლე რეპორტაჟი...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები