ჯგუფის მონდომებული, ნიჭიერი, კრეატიული წევრები

მაკა ჯიშკარიანმა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ერთ-ერთი კურსი დაამთავრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მანამდე არასოდეს ჰქონია შეხება ამ საქმესთან. ყველასგან გამოირჩეოდა. რამდენიმე თვეში მისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო და მეტი სტიმული მიეცა. მერე კურსის მასწავლებლობა შესთავაზეს. ახლა თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს ბენეფიციარებს.

ახლანდელი ჯგუფი განსაკუთრებული მყავსო, - სიხარულით ამბობს - მონდომებულები, ნიჭიერები, დაუზარებლები, საოცარი იდეები აქვთ, გულით აკეთებენ საქმეს. ნახევარ სიტყვაში იგებენ ყველაფერს. იმდენად კრეატიულები არიან, რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან...

მასწავლებელი ცდილობს, მათ იდეებს თავისუფლება მისცეს, არ ჩასვას ჩარჩოში, რადგან ხელოვანს არ სჭირდება შაბლონები... კურსის ყველა მონაწილე თავის ამპლუაშია. სწავლობენ თიხაზე მუშაობის ტექნიკას და ცდილობენ მიაგნონ თავიანთ სტილს: ზოგი ბავშვის ჩასაწვენ კალათებს აკეთებს, ზოგი - სამკაულებს, ზოგიც - სხვადასხვა აქსესუარს, ზოგმა კი ქსოვის ელემენტები დაუმატა თიხას და ულამაზესი ნახატები შექმნა.

იცის მასწავლებელმა, რომ მისი ყველა მოსწავლე გამოიყენებს აქ მიღებულ უნარებს - დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქცევს.

ფონდმა „სოხუმმა“ მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა - ოჯახური პრობლემების მქონე ქალი წარმატებულ ადამიანად იქცა. მხატვრული განათლება არ ჰქონდა და დაოსტატება გადაწყვიტა - ახლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების მესამე კურსის სტუდენტია მხატვრული ქსოვილების განხრით. სწავლობს ღებვას, პიგმენტაციას, შალზე და თექაზე, ბატიკაზე და გობელენზე მუშაობას...

მაკამ მიაგნო თავის ადგილს. განსაკუთრებით უხარია, რომ საკუთარი შემოსავლით ბაბუას მიტოვებული სახლი აღადგინა,  აგარაკი, მარანი გააკეთა - მარტო ეჭიდება საქმეს, ერთადერთი ვაჟიც უდგას გვერდით და ეხმარება.

მაკა ჯიშკარიანი კარგი მაგალითია თავისი მოსწავლეებისთვის: როგორ შეიძლება შეიცვალო, აიმაღლო თვითშეფასება, ისწავლო, განვითარდე და გახდე დამოუკიდებელი, ძლიერი,  წარმატებული...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები