წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წარმატების ისტორია.

ისინი სხვანაირ, ბევრად უკეთეს საზოგადოებას შექმნიან...

ლიკა,

ანასტასია,

მარიამი,

მათე,

ნინი,

ნური და სხვები...

სულ ოცნი არიან. ერთნაირად განსხვავებულები და ინდივიდუალურები. ნებისმიერ საკითხზე საკუთარი პოზიციები აქვთ, საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი არგუმენტები.

ისინი წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.

 ქალთა მხარდაჭერა, გენდერული თანასწორობის თემა საპროექტოდ შემთხვევით არ შეურჩევიათ. ამ თემაზე ხშირად დისკუსიობენ. ამბიციები დიდი აქვთ და მიაჩნიათ, რომ ხვალინდელი საზოგადოება ბევრად უკეთესი იქნება: ისეთი, სადაც თანასწორობას და ჰარმონიას თანაბარი შესაძლებლობები დააბალანსებს.

“ჩემთვის თანასწორობა ნიშნავს წესრიგს საზოგადოებაში. ამ პროცესში ქალიც და კაციც თანაბრად უნდა იყოს ჩართული. ორივე ერთნაირ გზას უნდა გადიოდეს მიზნის მისაღწევად“- ეს ანასტასიაა. ის ჯგუფის აქტიური წევრია. პროექტის ფარგლებში ვიდეორგოლი შექმნა თანასწორობის თემის პროპაგანდით  და ასე მიაწვდინა საზოგადოებას ახალგაზრდების სათქმელი.

„სტერეოტიპები ყველა ასაკის ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს, თუ ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ქალი უნდა იყოს ოჯახში, გამოდის რომ ისინიც სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არიან  -  ეს ნურია.  ის ჯგუფის მთავარი ანალიტიკოსია. აინტერესებს ყველაფერი რაც მის ირგვლივ ხდება. მისი იდეა იყო პროექტის ფარგლებში ონლაინ გამოკითხვის ჩატარება ახალგაზრდებს შორის და მათი დამოკიდებულების შესწავლა. სწორედ ამ გამოკითხვაში გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ახალგაზრდებთან.

„სად უნდა იყოს  ქალის ადგილი ოჯახში, თუ საზოგადოებაში, უნდა განსაზღვროს თვითონ ქალმა და არავინ სხვამ.  - ეს უკვე ნინია. პროექტისთვის პატარა ნახატი შექმნა და ახალგაზრდების სათქმელი ამ ნახატით გამოხატა.

 ამ პატარა პროექტმა ჯგუფის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. შეხვედრები პოლიტიკოს ქალებთან, მათი ისტორიების პოპულარიზება სწორედ ასეთი შესაძლებლობა იყო ლიკასთვის:

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა წარმატებულ ქალებთან, საკრებულოს წევრებთან. ვისმენდით მათ ისტორიებს, როგორ მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში, რა გზა გაიარეს და რას მიაღწიეს. დავინახეთ, რომ ეს გზა არ არის მარტივი გასასვლელი. უნდა ვიცნობდეთ მათ ისტორიებს. ახალგარდებისთვის ეს ძალიან საჭიროა.“

ახალი შესაძლებლობა იყო ჯგუფის წევრებისთვის ფოტოკონკურსი თემაზე: „გენდერი პოლიტიკაში და საზოგადებაში“.  გენდერული ბალანსის და დისბალანსის თემას ეძებდნენ საკუთარ ქალაქში: ტრანსპორტში, ქუჩაში, ბაზარში, პარკში, მერიაში, საკრებულოში... ასე აღმოჩნდა მათ მიერ გადაღებულ ფოტოებში ქალი ტაქსის მძღოლი, ქალების ფრენბურთი, ქალი ავტოშემკეთებელი... ქალი საკრებულოს წევრი და სხვა . მთავარი მათი შეფასება იყო: „სხვანაირად შევხედეთ ქუჩას, გარემოს, ადამიანებს... ჩვენ ვიპოვეთ გენდერი ჩვენს ირგვლივ,... ეს ძალიან საინტერესო იყო “

სუბგრანტით მიღებული პროექტი დასრულდა: ის მხლოდ ორი თვე გაგრძელდა, მაგრამ ახალგაზრდებს დაუტოვა გამოცდილება, დაუტოვა ინფორმაციები, ახალი ხედვები, დაუტოვა კითხვები, რათა გააგრძელონ ფიქრი იმ საკითხებზე, რომელიც პროექტზე მუშაობის დროს დაუგროვდათ.

 ლიკა,

ანასტასია,

მარიამი,

მათე,

ნინი,

ნური და სხვები...

 ისინი შექმნიან ისეთ საზოგადოებას, სადაც ქალების შესაძლებლობებს სხვა ფასი ექნება.  სადაც თანასწორობა უპირობო არჩევანი იქნება.

 ისინი ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ახალგარდული ჯგუფის წევრები არიან.

 პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები