10 სექტემბერს ხუთი ადამიანი პოლონეთის გავლით მშვიდობით ჩავიდა სამშობლოში. ახლა ისინი სოფელში არიან, იქ უფრო სიმშვიდეა. ოჯახი ძალიან ემადლიერება ფონდ „სოხუმს“.
ამჟამად ჩვენს ბაზაში 293 ადამიანია. სექტემბერში კიდევ 34 ბენეფიციარი დაემატა. დახმარება გაეწია 22 ოჯახს - გადაეცათ პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია. ზოგიერთ ოჯახს დავეხმარეთ ბინის ქირის გადახდაში, ზოგს კომუნალური გადასახადები დავუფარეთ, ბავშვებს სასკოლო ნივთები და ჩანთები ვაჩუქეთ. ერთ ქალს ქიმიოთერაპიის თანხა გადავუხადეთ.
ქალებთან და ბავშვებთან მთელი თვის განმავლობაში მუშაობდა სამი ფსიქოლოგი.
ჩვენი ჯგუფი უკრაინელ ლტოლვილებს აცნობს საჭირო ინფორმაციას, მაგ., რომ 300-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმათ ეძლევა, ვინც თავიდან სასტუმროში ცხოვრობდა; რომ უკრაინელებს შეუძლიათ მიიღონ უფასო სამედიცინო დახმარება მხოლოდ რეფერალურ საავადმყოფოებში - ქუთაისში ასეთია ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველის სამედიცინო ცენტრი; რომ ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში არის ქართული ენის უფასო კურსები. ასეთი ინფორმაციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო მოხვდნენ ჩვენს მხარეში.
ბოლოს ძალიან სასიამოვნოს შესახებ: 15 სექტემბერს ჩვენს ოფისში გაიმართა უკრაინული სამზარეულოს დღე. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. უკრაინელმა ქალებმა გემრიელი კერძები მოამზადეს, თავიანთ ამბებზეც უამბეს შეკრებილებს, როგორ მოხვდნენ საქართველოში, როგორ ცხოვრობენ აქ. ტატიანას და ნატალიას დაბადების დღე მიულოცეს - მათთვის ამაღელვებელი იყო ეს ყურადღება და საჩუქრები. შეხვედრამ გულთბილად ჩაიარა. ბოლოს ყველას საჩუქარი გადაეცა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)