ქრისტინა ქუთათელაძის წარმატების ფორმულა

ქრისტინა ქუთათელაძე გაგრიდან დევნილია, ამჟამად წყალტუბოში, პატარა მწვანე ქალაქში ცხოვრობს. წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და №4 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს. მე-8 კლასიდან არასამთავრობო სექტორთან მჭიდროდ ურთიერთობს.

აქტიური საქმიანობისა და წარმატების ისტორიაზე თავად ქრისტინა გვესაუბრება:

„წლების წინ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგზე ბენეფიციარის სტატუსით მივედი. ახლა მათ მიერ განხორციელებულ არა ერთ პროექტში ვმონაწილეობ, წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ქსელის კოორდინატორი ვარ. აქტიურ ქალებთან ერთად კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიცირებასა და ადვოკატირებას ვახდენ. ფონდმა „სოხუმმა“ სწორი გზა გვიჩვენა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ საკუთარი უფლებების დაცვა დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქალების გაძლიერებას. ასევე ვარ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ტრენერი, ქალებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარებით.

წარმატებამდე მისასვლელი გზა სავსეა ეკლებით, დაცემით, ეჭვით, უნდობლობით, კარის დაკეტვით. რთულია და ძალიან გამბედავი, მიზანდასახული და შენი საქმის ერთგული უნდა იყო, რომ წარმატებას მიაღწიო. წარმატების ჩემეული ფორმულა? - აკეთეთ ის, რაც გიყვართ, მთელი გულით და არასდროს დაიღალოთ, წარმატება კი თავისით მოვა.

აქტიურად ვარ ჩართული ქალთა და გოგონათა გაძლიერებაში, როგორც თემში, ასევე ქალაქშიც, ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა ტრენინგსა და შეხვედრაზე ხშირად დამყავს და მიხარია, რომ ფონდი „სოხუმის“ საშუალებით ძალიან ბევრ რამეს ვახერხებ. როგორც ჩემი თემის ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე - ახალი თაობის სწორი პრინციპებით აღზრდას.

საზოგადოებაში ქალის მიმართ დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ შეცვლილა. სიტყვები - შენ ვერ შეძლებ, ძალა არ გაქვს, ვერ გაბედავ - უფრო მაძლიერებს, ჟინს მმატებს და მოტივაციას მაძლევს.  ჩემი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დღეღამეში მხოლოდ 24 საათია და დრო არ მყოფნის, ყველაფერი მინდა, მოვასწრო და გავაკეთო.

ქალებს ვუსურვებ გამძლეობას, შემართებას, არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა, შექმნან და მართონ, მაგრამ არასოდეს ამართინონ თავი სხვას.“

 

როექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები