ციფრული რესურსცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის

„ქმარი ჩემზე თითქმის ყოველდღე ძალადობს, შეუძლებელია მასთან დარჩენა, წასასვლელი კი არსად მაქვს. რამე არსებობს, სადაც შემიფარებენ და ამ ჯოჯოხეთისგან მიხსნიან?“ - კითხულობს ერთი ქალი.

მეორე ქალი მეზობელ ოჯახზე დარდობს: „ჩემი გვერდითა მეზობლებისგან ხშირად გამოდის ყვირილის, ტირილის და ლეწვა-მტვრევის ხმა. ქმარი ცოლზე ძალადობს, მაგრამ ცოლი ძალიან დაუცველია. მაქვს უფლება ჩავერიო? რა ვიღონო? არ შემიძლია, ამ სცენების ყოველდღიურად მოსმენა“.

იქვეა პასუხები, რა ქნან, სადაა გამოსავალი.

არის ასეთი მიმართვაც:

ხარ ძალადობის მსხვერპლი? ან ხედავ ძალადობის ფაქტს? ეძებ დახმარებას?

საჭირო სივრცეში აღმოჩნდი!

აქ იპოვი ამომწურავ ინფორმაციას შენთვის საინტერესო საკითხებზე.

იურიდიული, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის დახმარება, დასაქმების პერსპექტივა თუ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები.

მართლაც აქ ყველა კითხვაზე გიპასუხებენ, საჭირო რჩევებს მოგცემენ - სახლიდან გაუსვლელად.

ეს ყველაფერი ონლაინ ხდება. ახალ ვებგვერდზე, რომლის სახელწოდებაა „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.

ამ პლატფორმაზე თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია: სერვისები ძალადობის მსხვერპლთათვის, კანონმდებლობა, ეროვნული რეფერალური მექანიზმი, პუბლიკაციები (ანგარიშები და კვლევები), მობილური აპლიკაციები და ცხელი ხაზის ნომრები, პასუხები სხვადასხვა კითხვაზე, სიახლეები.

ვებგვერდის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ვებგვერდი შეიქმნა ფონდი „სოხუმის“ მიერ კანადის გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით და ამჟამად მუშაობს სატესტო რეჟიმში.

http://gbvdigitalresourcecenter.ge/

ეს ინფორმაცია მომზადდა WAVE-ის გაზეთისთვის (WAVE არის არასამთავრობო ორგანიზაციათა ევროპული ქსელი, რომელიც ეხმარება ძალადობისგან დაზარალებულთ.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები