დღის ცენტრების ისტორიაში ეს დღე ყველაზე სასიამოვნოა ხოლმე: ფინიში, სერტიფიკატების მიღება, შედეგების ჩვენება...
წალენჯიხის დღის ცენტრში დასრულდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საბაზისო ჭრა-კერვის ორთვიანი კურსი.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეისწავლეს სასურველი დიზაინის „გაცოცხლება“. სწავლის პერიოდში ბევრი რამ შეკერეს და შემდგომშიც აქტიურად გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული შეხვედრები ახალი ინფორმაციის წყაროა მონაწილეებისთვის. გარდა ინფორმირებისა, შეხვედრებს ურთიერთობის და აზრთა გაზიარების მისიაც გააჩნია.
ქალები ხმამაღლა საუბრობენ საკუთარ და საერთო პრობლემებზე, შემდეგ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ, გეგმავენ...
ამ პროცესში ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის მათთან ერთად არის და ცდილობს, ქალების საჭიროებებს უპასუხოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები ჩაატარა სენაკის, ხობის, წყალტუბოს, ვანის და თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მან შეხვედრებზე ისაუბრა იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ბავშვებს ძალადობა.
- ძალადობაგამოვლილ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა აგრესიული ქცევით. ბავშვი ადრეული ასაკიდან გამოიმუშავებს აგრესიული რეაქციების დამახასიათებელ სტილს და ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ბავშვისთვის გარესამყარო მტრულადაა განწყობილი, უძლიერდება საფრთხის შეგრძნება და, სავარაუდოდ, მისი რეაგირებაც აგრესიულია. ამიტომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიხსნას მშობელმა ძალადობრივი გარემოდან, - აღნიშნავს ფსიქოლოგი ეკა ქვაჩაკიძე.
ქალები ფსიქოლოგის რჩევებს სასარგებლოდ მიიჩნევენ და ეს შეხვედრებიც მნიშვნელოვანია მათთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ინიციირება, სამოქალაქო განათლების ლექსიკონის მიხედვით, ნიშნავს რაიმე საკითხის წინ წამოწევას, საკუთარი ინიციატივით დღის წესრიგში დასმას.
ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში ხშირად ეწყობა ინიციირებული ღონისძიებები. განსაკუთრებით - ახალგაზრდულ ჯგუფებში.
ტრენინგებზე ახალგაზრდები ეცნობიან სხვადასხვა თემას კონფლიქტების მართვასთან თუ ძალადობასთან დაკავშირებით. შემდეგ კი თვითონ ავლენენ ინიციატივებს და ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და კონკურსებს, ამზადებენ ვიდეორგოლებს და პოსტერებს, წერენ ესეებს, ხატავენ თემატურ ნახატებს და ა.შ.
ახლა აქტიურად იმართება ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან და პარალელურად იგეგმება ინიციირებული ღონისძიებები. ეს ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხუთმა ახალგაზრდულმა კლუბმა მიიღო ქალთა ფონდი „სოხუმის“ მცირე გრანტი. და ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები აქტუალურ თემებზე.
საპროექტო განაცხადში თერჯოლის ახალგაზრდული კლუბის წევრები წერდნენ: თანამედროვე მსოფლიოში მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება ხშირად დგას გამოწვევების წინაშე. ამ პრობლემის შესაცნობად და ურთიერთობების გასაჯანსაღებლად შევიმუშავეთ პროექტი „ჰარმონია ოჯახში – ურთიერთგაგება თაობებს შორის“. ტრენინგზე იყო აქტიური დისკუსია, შთამბეჭდავი ემოციები და სამომავლო გეგმების დასახვა...
ამ თემას მიუძღვნა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდულმა კლუბმა: „მშობლებისა და შვილების ურთიერთობების გავლენა პიროვნულ განვითარებაზე“. მონაწილეებმა „ემოციების ხეზე“ სიმბოლურად გამოხატეს დამოკიდებულება მშობელ-შვილური ურთიერთობების მიმართ. იყო აქტიური ჩართულობა, როლური თამაში „შეცვალე პერსპექტივა“, დისკუსია. ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნა: „შთამბეჭდავი ტრენინგი იყო. ვისაუბრეთ და მოვუსმინეთ ერთმანეთს. მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს!“
მარტში ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში დასრულდა კიდევ ერთი სატრენინგო კურსი. აპრილში კი 10 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფები. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები პედაგოგები, წინა სატრენინგო კურსის ლიდერები. წარმატებით ჩატარდა სატრენინგო კურსის პირველი თვის სამუშაო.
- სიძნელეები გვხვდება, მაგრამ, მიუხედავად ბევრი შემაფერხებელი ფაქტორისა, ვფიქრობთ, რომ ფორმირებულ ჯგუფებთან გავაგრძელებთ ტრენინგების ჩატარებას, - აღნიშნავენ ტრენერები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წყალტუბოში რამდენიმე ახალი წევრი შეემატა. ახალი წევრები ჰყავს თერჯოლის ჯგუფსაც. სენაკში განიხილეს ახალი მძიმე ქეისები. ახლა ანკეტების დამუშავება მიმდინარეობს.
ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტშიც აქტიურად ჩატარდა მარტის შეხვედრები. ჯგუფის მორიგ შეხვედრებზე მონაწილეები დაინტერესდნენ სახელმწიფო სერვისებით. მათ უკვე აქვთ ინფორმაცია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამების და მომსახურების შესახებ. ქალებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური გაძლიერება. ინფორმირებულობით და ურთიერთდახმარებით ცდილობენ ისინი პრობლემების მოგვარებას. ჯგუფის შეხვედრები იმედის მომცემია თითოეული მონაწილისთვის, რადგან ისინი აქტიურდებიან, ძლიერდებიან და უკეთ უმკლავდებიან გამოწვევებს.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
სამედიცინო პერსონალის როლი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლთა დაცვაში - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგი წყალტუბოში. ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის სამედიცინო მუშაკები: პოლიკლინიკის, ოჯახის, სკოლის ექიმები.
ტრენინგზე განიხილეს აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, ძალადობის ანატომია, სამართლებრივი გარემო: კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები, რეფერალური სუბიექტები, სამედიცინო პერსონალის როლი და პასუხისმგებლობა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
პარასპეციალისტები სოციალური მუშაობის სფეროში არიან ის პირები, რომლებიც არ ფლობენ სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს ან პროფესიულ ლიცენზიას, თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდ როლს ასრულებენ მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ფუნქცია ისეთ პირობებში, სადაც სოციალური მომსახურება არ არის ჯეროვნად ხელმისაწვდომი, ან საკმაოდ შეზღუდულია.
ეს არის ამონარიდი ახალი პუბლიკაციიდან.
„პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი და ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად“ - ეს დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ და სიღრმისეულ რესურსს იმ საზოგადოებრივი და სათემო ლიდერებისათვის, რომლებიც თანამშრომლობენ ქალებთან ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
რა პრობლემები აქვთ ქალებს სხვადასხვა თემში, როგორ აგვარებენ ამ პრობლემებს, როგორ ხდება ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და რა გამოწვევებს აწყდებიან, - ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ სამობილიზაციო შეხვედრებზე.
მონაწილეთა შეფასებით, ყოველთვიური შეხვედრები მათთვის ინფორმირების წყაროა - ეცნობიან ახალ ინფორმაციებს, საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, ცდილობენ, ხელი შეუწყონ ოჯახური შემთხვევების იდენტიფიცირებას, დაეხმარონ ქალებს სათემო პრობლემების მოგვარებაში. ისაუბრეს ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების მნიშვნელობაზე. მიაჩნიათ, რომ ქალებს არა აქვთ საჭირო უნარები, რათა იდეა პროექტად აქციონ და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.
ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და მსხვერპლთა დახმარების კუთხით მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ პარასპეციალისტები.
მთელი თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 150-ზე მეტ ქალს მიეწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე. ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გადამისამართდა ათი ქალი. სამმა ქალმა იურისტის დახმარებით მდგომარეობა გაიუმჯობესა.
სოციალური მუშაობის გაძლიერებით ქალთა მხარდაჭერა უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)