ბევრი ლიდერი ქალი გამოკვეთა საპროექტო მუშაობამ.
მარი ჭითანავა ერთ-ერთი მათგანია. ამიტომაც შეჩერდა მასზე არჩევანი, როცა დაიწერა სტატია ჩვენს პარტნიორ მედიაგამოცემაში „აქტ2“.
მარი აფხაზეთიდანაა. 26 წლისაა, სამი შვილის დედა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ სამუშაო შეხვედრებზე რომ მიიწვიეს, უარი თქვა, არც ინტერესი ჰქონდა და არც დრო. მაგრამ მერე მაინც გადაწყვიტა ჩართვა ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფში. თანდათან იზრდებოდა მისი ინტერესი, სულ უფრო აქტიურობდა და ისრუტავდა ყველაფერს, რასაც უზიარებდნენ ცოცხალ თუ ონლაინ შეხვედრებზე.
მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში კოალიციური პროექტით „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში იგპ და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გაზრდა“.
მიუხედავად საზაფხულო არდადეგებისა, ჩვენი ქალბატონები აგრძელებენ აქტიურ რეჟიმში მუშაობას და ახალი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ.
ქალთა საინიციატივო ჯგუფები უკვე მუშაობს იმ საკითხებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება უახლოეს მომავალში.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომლებზეც მოხდა ადვოკატირების გეგმების საბოლოო ვარიანტების შემუშავება და გაცნობა.
ამ ეტაპზე შემდეგი თემების ადვოკატირება მოხდება: „ხონში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში სანაგვე ურნების დამატებით განთავსება.“
„ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა და ნაკლები ჩართულობა. “
„ქალთა პასიურობა, ინდიფერენტულობა, გულგრილობა, ნაკლები ჩართულობა, მენტალიტეტი, ეკონომიკური საქმიანობის არცოდნა.“
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისათვის“ ფარგლებში ZOOM პლატფორმაზე ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა რეგიონული ქსელის შექმნას. მასში გაერთიანდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში შექმნილი ქალთა საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აღმოსავლეთ საქართველოდან.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ, შეფასდა არსებული სიტუაცია და გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში იკვეთება გაეროს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის პროცესში.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქსელის შექმნა? ამ ინსტრუმენტის გამოყენება რას შეცვლის საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაში და როგორია მოსალოდნელი შედეგები? - დისკუსია, ძირითადად, ამ მიმართულებით გაგრძელდა.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით აგვისტოში სამობილიზაციო შეხვედრებში 158 ადამიანი ჩაერთო. ოჯახური ძალადობის პრობლემები, რეაგირება და მსხვერპლთა დახმარების ეფექტიანი მექანიზმები მწვავე დისკუსიების საფუძველი გახდა. მონაწილეებმა ფემიციდის ფაქტები გააანალიზეს. მათ აღნიშნეს: „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ქალთა გახშირებულ მკვლელობას, ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი და უფრო მეტ რეაგირებას მოითხოვს როგორც სახელმწიფოსგან, ასევე საზოგადოებისგან.“
შეხვედრებმა გამოკვეთა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით ქალთა მხარდაჭერის ცენტრების როლის გაძლიერება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობა დასჯადია და მსხვერპლი არ არის მარტო.
სამტრედიის, თერჯოლის, ტყიბულის, ვანის, ბაღდათის, სენაკის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩოხატაურის და ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მოსახლეობის ინფორმირების პა რალელურად თვის განმავლობაში ძალადობის რვა ახალი შემთხვევა გამოავლინეს.რეაგირება უკვე დაწყებულია. ფონდი „სოხუმის“ სერვისებს ბენეფიციარები აქტიურად იყენებენ, რაც ზრდის მსხვერპლთა უსაფრთხოების გარანტიებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აგვისტოში ხალხი თითქმის გასულია ქალაქიდან, მაგრამ ბევრია სტუმარი... ძირითადად, სწორედ ისინი ესწრებოდნენ ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ქუთაისის უბნებში.
ჩატარდა ორი წარმოდგენა., მაყურებელი დაინტერესდა ამ ფორმატით. ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდა ნანახი და განაგონი, ზოგიერთი ჩაერთო სცენებშიც. სამწუხაროდ, ყველამ უარი თქვა ფოტოების გადაღებაზე, ამიტომაც ფოტოებში ჩანან მხოლოდ მსახიობები და ეპიზოდები სცენებიდან.
ღია ცის ქვეშ წარმოდგენები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს როგორც საზოგადოების ინფორმირების, ძალადობის პრევენციის მექანიზმი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„გამიმართლა, რომ დამაკავშირეს ფონდ „სოხუმს“. დღე, როდესაც ტელეფონი გადმომცეს, მთელი ცხოვრება გამყვება. რწმენა დამიბრუნდა ამ საოცარი ადამიანების წყალობით“.
„ქალთა ფონდი „სოხუმს“ აქვს ტრადიცია, ადამიანებს უთხრას: „შენ არ ხარ მარტო“. ეს ჩემთვის სტიმულია, იმედიანად გავაგრძელო ცხოვრება“.
ეს უკუკავშირი მოჰყვა აქციას, რომლის ფარგლებშიც მოწყვლადი ჯგუფების 10 ქალს SAFE YOU აპლიკაციით და SOS ღილაკით აღჭურვილი მობილური ტელეფონები გადასცეს საჩუქრად. აქციამ 7 მუნიციპალიტეტი მოიცვა: თერჯოლა, ბაღდათი, ტყიბული, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი და ქობულეთი. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალური მდგომარეობის უკეთ აღქმას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
თერჯოლის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები, საზოგადოების წარმომადგენლები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ მოიცავს ყველა ინფორმაციას, რომელიც სჭირდება ძალადობის მსხვერპლს, მთავარია, რომ ამის შესახებ გაიგოს ბევრმა ადამიანმა, რათა ვებგვერდის ფუნქციები და საკონტაქტო ინფორმაცია გამოიყენოს ყველამ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. ამით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, აღიარონ თაობათა ურთიერთკავშირი და სხვადასხვა ასაკის ხალხთა პრობლემები ერთობლივად გადაწყვიტონ, აამაღლონ ახალგაზრდების ინფორმირებულობა არსებული პრობლემების, რისკებისა და მათი გადაწყვეტის ხერხების შესახებ.
ამ თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს ფონდი „სოხუმიც“, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობს ახალგაზრდებთან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას.
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, გააკეთეს პრეზენტაციები, მიაწოდეს თავის თანატოლებს ამომწურავი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ, აჩვენეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ხოლო შეხვედრების ბოლოს მოაწყვეს დისკუსია თემაზე თუ რა გამოწვევებს ხედავს ახალი თაობა დღევანდელ რეალობაში.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
შეჩერე ოჯახური ძალადობა! - წერია ერთგან.
ძალადობა არ არის გამოსავალი! - ამბობს მეორე.
ეს ბავშვების გაკეთებული პოსტერებია.
მესამეგან - კვლევის ერთ-ერთი დიაგრამაა.
კითხვაზე: ვინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ოჯახში? პასუხები ასე განაწილდა: ქალი - 12%, კაცი - 32%, ორივე - 56%.
ყველაფერი იმ მოზარდების ნახელავია, რომლებიც ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გადიან ექვსთვიან სატრენინგო კურსს.
ცენტრები 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს - სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი.
კონფლიქტის მოგვარების გზები, ძალადობის პრევენცია, ნაადრევი ქორწინება - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ტრენინგებზე. მერე კი მოზარდები ერთგვარ საშინაო დავალებას იღებენ: ვინ გაავრცობს თემას? ვინ მოიფიქრებს სათქმელის ორიგინალურ ფორმას? როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია პრობლემაზე?
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ღონისძიებას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძეც ეწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დასავლეთ საქართველოს 100-მდე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის და ტოლერატული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, პირადი სიმპათია გამოხატა სასკოლო მედიაციის პილოტირების მიმართ და საკუთარი გამოცდილებით, ყურადღება გაამახვილა Peer Mediation-ის საჭიროებასა და დროულობაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.