წინასაახალწლო დღეებში
კარზეა მომდგარი ახალი წელი და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მასპინძლებმა და სტუმრებმა ლამაზი საახალწლო გარემო შექმნეს.
დეკემბერში აქ იმყოფებოდა ძალადობის მსხვერპლთა კიდევ ერთი ჯგუფი - ორი ქალი ბავშვებთან ერთად, სულ 6 ადამიანი. ორი კვირის განმავლობაში მათ გაიარეს კომპლექსური მუშაობა ფსიქოლოგთან, იურისტთან და სოციალურ მუშაკთან. ბავშვები საინტერესოდ და კრეატიულად ატარებდნენ დროს პედაგოგთან ერთად.
2023 წელს შვილებიანად 30-ზე მეტმა ქალმა მიიღო ჩვენი მხარდაჭერა.
ფსიქოლოგმა მანანა გოცირიძემ ერთ-ერთი ქალის ისტორია გაგვიზიარა. ნანი (პირობითი სახელი) 45 წლისაა. ის ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს ორ შვილთან ერთად.
ნანი რამდენჯერმე წავიდა სახლიდან და მოლაპარაკებების და ხვეწნა-მუდარის შემდეგ ისევ დაბრუნდა. სამი წლის წინ პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ შემდეგ განცხადება გამოითხოვა.
„ჩემზე ახლაც ამბობენ, ეს ის ქალია, ქმრის ჩასმა რომ უნდოდაო ციხეში. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქმართან დავრჩენილიყავი - არ არის კარგი, განქორწინებულს რომ დაგიძახებენ, მოითმინე, დაგეხმარებით, სად დაბრუნდები, შენი რძალია სახლში და შენი ადგილი აქ არ არის, უკვე სტუმარი ხარო. გათხოვების შემდეგ დავიკარგე და დღემდე ვერ ვპოულობ ჩემს თავს. მხოლოდ ბავშვები მაძლევენ სტიმულს, მაგრამ უკვე არ მინდა, ამ გარემოში მყავდეს ბავშვები. მანამდე კარების სრულად გამოხურვა ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად შევძლებ.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)