ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლობაც ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. თუმცა დისკუსიისას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის იმ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილეს, რაც უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების სახელმწიფო პოლიტიკაში გაუთვალისწინებლობას გულისხმობს. ეს კი, ცხადია თანმშრომლობის მოტივაციას უკარგავს თითოეულ ჩვენგანს.