ეკატერინე გამახარიამ, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა, აღნიშნა ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მეტი მხარდაჭერის სერვისის შექმნის აუცილებლობა. განსაკუთრებით, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. აუცილებელია იმ ბარიერებზე რეაგირება, რომლებიც ხელს უშლის მათ ჩართვას ეკონომიკურ საქმიანობაში (მაგ: სოციალური ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლებში, ბავშვთა მოვლის არასაკმარისი სერვისები, ბაღებისა და სკოლების არსებული გრაფიკის შეუსაბამობა დასაქმებული ქალის სამუშაო დროსთან და ა.შ.). ასევე, საყურადღებოა ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებული ახალ საკანონდებლო ცვლილებზაე, რომელიც 1 ივლისიდან შევა ძალაში, მუნიციპალიტეტების არაინფორმირებულობა და მოუმზადებლობა.
დისკუსია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის შესასრულებელი 16 საერთაშორისო რეკომენდაციის შესახებ
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია. ღონისძიებაზე განხილულ იქნა GREVIO-ის (დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) იმპლემენტაციას) და სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაციები.
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად და GREVIO-ის წევრი და მეორე ვიცე პრეზიდენტის, მარია-ანდრიანი კოსტოპულოს მონაწილეობით, განიხილეს მხარეთა კომიტეტის მიერ 2022 წლის ბოლოს დამტკიცებული 16 რეკომენდაციის შესასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები. რეკომენდაციები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს მითითებულია 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ საქართველოს შესახებ GREVIO-ის საბაზისო ანგარიშში.