ვორკშოპი ქუთაისში ქალთა მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საკითხებზე
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი თემაზე - „ადგილობრივ თემებში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და რეაგირება“. შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა.
ვორკშოპის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დაეხმარებოდათ ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობაში, მხარდაჭერის გზების გააზრებასა და შესაბამის სერვისებზე წვდომაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მექანიზმებს, რომლებიც ქალებს ეხმარება როგორც საკუთარი თავის დაცვაში, ისე სხვა ქალების მხარდაჭერაში.
შეხვედრა მონაწილეებისთვის ღია საუბრის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთმოსმენის სივრცედ იქცა. განხილვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ფორმაში არ ვლინდება და ხშირად უხილავი ნიშნებითაც იჩენს თავს. მონაწილეებმა განსაკუთრებით გამოკვეთეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათ აძლევს ცოდნას, თავდაჯერებულობას და ეხმარება უფრო მკაფიოდ დაინახონ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ძალადობის ამოცნობისას.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
