15-16 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში საირმეში გაიმართა ტრენინგი თემაზე „გენდერული ბიუჯეტი და სამოქალაქო ჩართულობის პროგრამები“.
საბჭოს წევრებმა დეტალურად განიხილეს სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხი, ისაუბრეს ბიუჯეტის პროგრამებზე გენდერულ ჭრილში, სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე ინოვაციური სერვისების დანერგვის მხრივ. გამოიკვეთა საინტერესო პერსპექტივები სამოქალაქო ბიუჯეტის პრინციპის დანერგვის კუთხით, რაც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ფონდი „სოხუმის“ორი გამოცემა - „გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში“ და „ადგილობრივი ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მეთოდოლოგია“. მონაწილეთა შეფასებით, ეს მეთოდური სახელმძღვანელოები დაეხმარება მათ ადგილობრივი გენდერული დღის წესრიგის შექმნაში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებების გამოვლენასა და გათვალისწინებაში.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ფონდი „სოხუმის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.
გასულ თვეს ზუგდიდის, წალენჯიხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში გაიმართა სამოქალაქო ფორუმები (პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში). ფორუმის ბოლოს ყველგან შეიქმნა ათკაციანი სამუშაო ჯგუფები. სწორედ ამ ჯგუფებისთვის ფონდმა „სოხუმმა“ საირმეში ჩაატარა ტრენინგი თემაზე „რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“.
ტრენინგზე მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა 1325-ის ლოკალიზაციის მნიშვნელობაზე, იმ ამოცანებზე და საჭირო ღონისძიებებზე, რომელთა დახმარებით მათ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული სხვა ჯგუფების სოციალური დაცვა, ეკონომიკური გაძლიერება, და ყველაზე მთავარი - მათი უშუალო ჩართულობა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციის პროცესში.
გაკეთდა „საგზაო რუკა“ თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. განისაზღვრა ღონისძიებები თვითმმართველობის, სხვა ადგილობრივი ჯგუფების ჩართვით. ტრენინგის მონაწილეთა აზრით, დაგეგმილი საქმიანობა ხელს შეუწყობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას და მათი უფლებების რეალიზებას.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება: იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“ (ქუთაისი).
- პოსტრამვული სტრესის სინდრომის განსაზღვრა. მსხვერპლის იდენტიფიკაცია და შემდგომი ეტაპები. მონაცემების სისტემატიზაცია, - ამ საკითხების განხილვით დაიწყო ტრენინგის მესამე, ფინალური დღე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ფონდ „სოხუმში“.
მონაწილეებმა ჯგუფური სავარჯიშოების გამოყენებით იმსჯელეს, რა ბარიერები ახლავს ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიკაციის პროცესს. ისაუბრეს მოსალოდნელ რისკებზე. მათი განსაზღვრის შემდეგ კი უსაფრთხოების გეგმასა და მსხვერპლის დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
ექიმები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრენინგი ყველა კლინიკაში უნდა ჩატარდეს. მასშტაბების გაზრდა ხელს შეუწყობს სამედიცინო პერსონლის ინფორმირებას და ძალადობის მსხვერპლის ეფექტურ დახმარებას.
ტრენინგების ციკლი ჩატარდა პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდა პროექტის ფარგლებში გამოცემული მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში“.
1-4 დეკემბერს სტამბულში, შვედეთის კვლევით ცენტრში გაიმართა ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ ტრენერთათვის კონფლიქტების ადრეული პრევენციის თემაზე სისტემა GREWS-ის გამოყენებით. ტრენინგი დააფინანსა შვედეთის ქალთა ფონდმა Kvinna till Kvinna.
როგორ მოვიზიდოთ მოხალისეები კონფლიქტის ადრეული პრევენციის და ადრეული რეაგირების სისტემაში მონაწილეობისათვის, ცვლილებების თეორიასთან დაკავშირებული სისტემა GREWS-ის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება - ეს და სხვა მრავალი საკითხი იყო განხილული ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგზე.
ჯგუფი ესტუმრა სირიის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც სტამბულში მუშაობს კონფლიქტების ადრეული პრევენციის საკითხებზე, აგრეთვე თურქეთში შვედეთის გენერალურ კონსულს, რომელმაც მოისმინა ინფორმაცია ჩვენს საქმიანობაზე და გაგვიზიარა გამოცდილება თურქ ქალებთან მუშაობის შესახებ.
ოთხი ნაყოფიერი, შემეცნებითი დღე დაძაბულ, მაგრამ სასარგებლო მუშაობაში გავიდა.
სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში 1 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
ტრენინგის ორგანიზატორები არიან: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი და ეროვნული ქსელის იმერეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელი - ფონდი „სოხუმი“.
ტრენინგი საინტერესოდ ჩატარდა - იყო ინფორმაციის გაზიარება, ახალი ცოდნის მიღება და ბევრი აქტუალური საკითხის განხილვა.
1 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთათვის.
ტრენინგის თემა იყო „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“. მონაწილეებმა იმსჯელეს ძალადობის პრობლემაზე, მოიყვანეს არაერთი მაგალითი, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
ფონდი „სოხუმი“ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის იმერეთის რეგიონული კომიტეტის წარმომადგენელია და აქტიურად მუშაობს ძალადობის პრევენციის კუთხით.
ქუთაისის სხვადასხვა კლინიკის ექიმები და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები მეორე ტრენინგზე შეიკრიბნენ ფონდ „სოხუმში“.
გაგრძელდა საუბარი ტრენინგის თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“მეორე დღეს მონაწილეებთან იმუშავეს ფსიქოლოგმა და ექიმმა. განიხილეს ძალადობის ციკლის თეორია, მსხვერპლისა და მოძალადის თანაცხოვრების ფაზები და ეტაპები, მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქო სოციალური პორტრეტები, პაციენტის პირველადი ვიზიტი და მსხვერპლის იდენტიფიკაცია ექიმის მიერ. სპეციფიკური ნიშნები: გარეგნულად შესამჩნევი სხეულის დაზიანებები და გარეგნულად შეუმჩნეველი ნიშნები.
ტრენინგების ციკლი ტარდება პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.
მალე მონაწილეები მესამე, ფინალურ ტრენინგზე შეხვდებიან ერთმანეთს და პრაქტიკულ საკითხებზე იმსჯელებენ.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
ამდენი ექიმი პირველად შეიკრიბა ფონდი „სოხუმის“ ოფისში - ქუთაისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა ტრენინგში თემაზე „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“
პირველი ტრენინგი მიეძღვნა გენდერულ პრობლემებს სოციალურ და სამართლებრივ ჭრილში. განხილულ იქნა აქტუალური საკითხები: ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბები. გენდერული ძალადობის ანატომია. სამართლებრივი გარემო: კანონი და მისი აღსრულების მექანიზმები. რეფერალური სუბიექტები.
ტრენინგების ციკლი ტარდება პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში.
ერთ კვირაში მონაწილეები მეორე ტრენინგზე შეიკრიბებიან.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით
9 ნოემბერს კიდევ ერთი გაკვეთილი-ტრენინგი გაიმართა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.
გაკვეთილის თემა იყო „კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები“. მოსწავლეები გაეცნენ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების პრინციპებს და რჩევებს სწორი ქცევის შესახებ. მუშაობა ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). როგორც წინა 9 გაკვეთილი, მე-10 გაკვეთილიც მოეწონათ მონაწილეებს - ეს იყო საინტერესოდ, გონივრულად გატარებული დრო, ბევრის შეძენა.
მე-9 გაკვეთილი-ტრენინგი ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლაში (ქუთაისი). გაკვეთილის თემა იყო: „ქცევის სტილი კონფლიქტურ სიტუაციებში“. მოსწავლეებმა შეისწავლეს ქცევის სტილები, განსხვავებები მათ შორის. ასევე გაეცნენ, რომელ სიტუაციაში რომელი ქცევის სტილია მისაღები. გაკვეთილი ჩატარდა ხალისიანად, თითოეული მონაწილის აქტიური ჩართვით.
მუშაობა განხორციელდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ძალადობის გარეშე ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდობის შენებისთვის“ ფარგლებში.