
სტატისტიკა ასეთია: 12 შეხვედრა იურისტთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ინფორმაციის მიწოდება ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მექანიზმებთან დაკავშირებით. ამას გარდა - კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ქუთაისის თავშესაფრის იურისტის მეშვეობით ფონდი „სოხუმის“ იურისტს მომართა ბენეფიციარმა, რათა მას მიენიჭოს მსხვერპლის სტატუსი და მიეცეს თავშესაფარში დარჩენის და სარეაბილიტაციო კურსის დასრულების უფლება. მან წარმოადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც გაიგზავნა თბილისში, მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელ კომისიაში. კომისიის გადაწყვეტილებით, ბენეფიციარს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი და დარჩა თავშესაფარში.

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული შეხვედრები მიუძღვნეს კანონს ოჯახში ძალადობის შესახებ. ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე - შემაკავებელ და დამცავ ორდერზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვაზე ძალადობის პრევენციის პროცესში. ასევე გაიცა ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები კონკრეტული საკითხებზე.
იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მცხოვრებლებთან. გაირკვა, რომ მაკვანეთშიც იგივე პრობლემა აწუხებთ, რაც კვირიკეთში - ერთ-ერთ კომპანიას მდინარიდან ქვა-ღორღი ამოაქვს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ კალაპოტის 6 მეტრით დაღრმავება ჭებში წყლის დაშრობას გამოიწვევს.

მარტში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჯგუფური კონსულტაცია ჩაატარა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო ტრადიციული კულტურის გავლენა ქალის ფსიქო-სექსუალურ ჯანმრთელობაზე.