ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით Zoom-ის პლატფორმაზე მრგვალი მაგიდის ფორმატით შეხვედრა გაიმართა თემაზე „კონფლქიტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე საპასუხოდ - სათემო ლიდერების როლი კრიზისზე რეაგირების პროცესში".
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ქობულეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები: ვიცემერები, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის და ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ასევე თემის ლიდერები, ფონდი „სოხუმის“ მოდერატორები.
- რა გამოწვევები შეიქმნა პანდემიის შედეგად, როგორ პასუხობს ადგილობრივი თვითმმართველობა, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს ადგილობრივ დონეზე და რამდენად იცნობენ მოქალაქეები ამ პროგრამებს - ფოკუსირება, ძირითადად, ამ საკითხებზე გაკეთდა. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ ჩატარებული კვლევის შედეგებზე და ტენდენციებზე. მუნიციპალიტეტებს შორის ინფორმაციის გაცვლამ საინტერესო გარემო შექმნა დებატებისთვის. გამოიკვეთა მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სათემო ლიდერების გააქტიურების აუცილებლობა.
მრგვალი მაგიდა გაიმართა პროექტის „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემა - თეორია და პრაქტიკა “ ფარგლებში და ამ აქტივობით მონაწილეთა ჯგუფი შეუერთდა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.