

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ექვსი შეხვედრა გამართეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრებზე ძირითადი თემა იყო ცვლილებები კანონში ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც დამტკიცდა 24 იანვარს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონში შესულ 4 ცვლილებაზე:
1. ადევნება დასჯადი ქმედება გახდა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
2. ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით ისჯება
3. გაფართოვდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო
4. გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი.
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა შეხვედრა ჩაატარა #15 სკოლაში, სადაც ესწრებოდა 35 მოსწავლე - ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების სამართლებრივ ასპექტებზე.
გარდა ამისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები. ბორჯომში ძალადობის მსხვერპლ ქალს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია და მუშაობა შემდეგომ თვეებშიც გაგრძელდება, გამომდინარე საქმის სირთულიდან. ხონში გამოვლინდა ქალი, რომელიც მიეკუთვნება ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფს.





დევნილთა შემწეობის რეფორმის შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში. ამ საკითხს მიეძღვნა საინფორმაციო შეხვედრა ხონის დევნილთა დასახლებაში. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დევნილთა რეფორმასა და ცვლილებებზე. მათ შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც განხილვისათვის მიეწოდება დევნილთა და განსახლების სამინისტროს.



ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგმა სხდომამ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა. სხდომაზე მოწვეული იყო ლელა ქელბაქიანი - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ამ შეხვედრას კლუბის წევრები საგანგებოდ ელოდნენ და შეკითხვებიც მოამზადეს. ქალბატონმა ლელამ შეკრებილებს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამები გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა. სხდომაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე, რაც კლუბისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.