ვორკშოპები ქალების ჯგუფთან გაიმართა ხონში, სენაკში, ხურჩაში. ოჯახური კონფლიქტების მაგალითების გარჩევის შემდეგ მუშაობა ინტერაქტიულად წარიმართა. მონაწილეებმა აღიარეს, რომ საკუთარი თავისთვის „გარედან“ არასოდეს შეუხედავთ და აღმოაჩინეს, რომ ხშირად თვითონვე ყოფილან ოჯახში კონფლიქტების ინიციატორები.
-ძნელია, საკუთარ თავს გაუბრაზდე, სამაგიეროდ სხვებზე გაბრაზება ადვილია.
-ხშირად,როცა ვინმეზე ნაწყენი ვარ, ბრაზს ოჯახში ვანთხევ, იმიტომ რომ საკუთარ თავთან ყოველთვის რთულია წინააღმდეგობების დაძლევა.
- თუ ყველა ადამიანი შეძლებს პიროვნული, შიდა კონფლიქტების მართვას, ნაკლები იქნება ოჯახური კონფლიქტები, - ასეთი იყო მონაწილეთა მოსაზრება.
ვორკშოპებზე აღინიშნა, რომ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტოლოგია, როგორც საგანი, განსაკუთრებით ბოლო კლასებში, რადგან ახალგაზრდები უკეთ შეისწავლიან საკუთარ თავს და უფრო ადვილად შეძლებენ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების დარეგულირებას.


პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინტერესო ისტორიების გაანალიზებით წარიმართა ვორშოპები ქალთა ჯუფებთან, თემაზე „ქალთა სოლიდარობა - ოჯახური კონფლიქტების მართვის ერთ-ერთი მექანიზმი“.
- ძალადობის პრევენცია, მსხვერპლის დახმარება ქალთა სოლიდარობის და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, ოჯახური კონფლიქტების დროს ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს. თუ შვილი ძალადობის მსხვერპლია, მან იცის, რომ პირველ რიგში დედისგან ვერ მიიღებს მხარდაჭერას, - მიიჩნევენ მონაწილეები. დასახელდა რეალური ისტორია, როცა ქმრისგან ნაცემი გოგო ტვინის შერყევით საავადმყოფოში აღმოჩნდა, დედა ექიმებს „უსაბუთებდა“, რომ მას კარადიდან გადმოვარდნილი ყუთი დაეცა.
შეხვედრის მონაწილე ქალებმა აღნიშნეს, რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ქალთა ერთიანობის, სოლიდარობის დეფიციტი მაინც არსებობს და მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება ქალებს, მხარდაჭერა გამოხატონ მსხვერპლის მიმართ.
ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, სენაკში, ქუთაისში.
ვორკშოპები კონფლიქტოლოგიაში გაიმართა წყალტუბოში, სენაკში, ხონში. მასში სხვადასხვა ასაკის ქალებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვისას, რატომ ვერ ვახერხებთ ეფექტურ ურთიერთობას ერთმანეთთან - ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია.
მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები გააანალიზეს. ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის, ან პირიქით - ეხმარება.
ვორკშოპის მონაწილე ქალების აზრით, დისკუსიები ამ საკითხზე უნდა გაგრძელდეს, რადგან კომუნიკაციის როლი კონფლიქტების მართვაში მნიშვნელოვანია. რაც მეტი ადამიანი გაეცნობა ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკას, უფრო მეტად შემცირდება ოჯახური კონფლიქტების განვითარების რისკი.
გრძელდება ქუთაისის გენდერული საბჭოს პროექტი „გენდერული ასპექტების გაძლიერება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში აქტიური ჩართვისათვის“.
ტრენინგის შემდეგ, რომელშიც 21 სტუდენტი მონაწილეობდა, ჩატარდა ვორკშოპების ციკლი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისის კორპუსში. ვორკშოპებში 600-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
როგორც ფასილიტატორების ანგარიშებში აისახა, სტუდენტებს შორის გენდერის საკითხების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, რაც, მათი აზრით, ინფორმირების დეფიციტით არის გამოწვეული.
ვორკშოპების ბოლოს შემუშავდა წინადადებები სტუდენტურ საჭიროებებზე, რაც საბოლოოდ რეკომენდაციის სახეს მიიღებს და ადგილობრივ ხელისუფლებას წარედგინება.
პროექტის თანახმად, ამ ეტაპზე სტუდენტები კონფერენციისთვის ემზადებიან.






სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს ვორკშოპების სერია გენდერსა და ოჯახში ძალადობის თემაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის „ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში (ფონდი ,,სოხუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით).
ვორკშოპებს ატარებენ მწვრთნელები, რომლებმაც ივნისის დასაწყისში გაიარეს ტრენინგი. მწვრთნელთათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ ცოდნას გადასცემენ სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს: მისწავლეებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს, სოფლის მცხოვრებლებს...
- რატომ არ თანაუგრძნობს საზოგადოება მსხვერპლს, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ძალადობის პრევენციისათვის - ამ თემაზე ქალთა ჯგუფებთან მორიგი ვორკშოპები ჩატარდა კონფლიქტოლოგიაში სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
- საზოგადოებაში სოლიდარობის დეფიციტია. ჩვენ ხშირად ვხედავთ ოჯახურ კონფლიქტებს, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეხება. ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდეს ასეთ დღეში და მისი დახმარება ვერ შევძლოთ.
მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. თუ მსხვერპლი დარწმუნებული იქნება, რომ მას საზოგადოება თანაუგრძნობს, რომ მას დაიცავს სახელმწიფო, კანონი, ის ბევრად უფრო ადვილად შეძლებს წინააღმდეგობების დაძლევას.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე, რომელიც 25 ნოემბერს იწყება. ქალები მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და სოლიდარობა გამოხატონ ძალადობის წინააღმდეგ.

