ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.
გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.
კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.











სენაკის, ქუთაისის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგი შეხვდა 28 ქალბატონს 22-დან 65 წლამდე.
საუბრის თემა: ქალური შიშები, შიშის ენა და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
შიში ყველას უგრძვნი, მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ დაამარცხოს შიში.
ფსიქოლოგის რეკომენდაციებიდან:
სანამ შიში მნიშვნელოვან ინტენსივობას არ მიაღწევს და პანიკაში არ გადაიზრდება, გაურკვევლობასა და შიშის მიზეზებზე უნდა იმოქმედოთ - ანუ გააფართოოთ თქვენი ცოდნა, ისწავლოთ პრიორიტეტების დასმა, პრობლემას ყველა მხრიდან შეხედოთ და გააანალიზოთ. თხოვნაც უნდა შეძლოთ, სიამაყის მიუხედავად - თუ არ თხოვთ, ვინ დაგეხმარებათ?
მარტში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჯგუფური კონსულტაცია ჩაატარა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო ტრადიციული კულტურის გავლენა ქალის ფსიქო-სექსუალურ ჯანმრთელობაზე.
პატრიარქალურ-ტრადიციული კულტურის ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქალები ხშირ შემთხვევებში ხდებიან ფსიქო-სექსუალური პრობლებემის მსხვერპლნი, რაც საფრთხეს უქმნის წყვილთა შორის ჯანსაღ ურთიერთობებს.
დამსწრეთათვის თემა საინტერესო აღმოჩნდა და შეხვედრაც ინტერაქტიულად წარიმართა.
ფოთისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ძირითადად, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა. ზოგი ქალბატონი საჭიროებდა ერთჯერად კონსულტაციას, ზოგთან კი დაიგეგმა განმეორებითი ვიზიტი.
ოჯახური ბედნიერების საფუძვლები - ამ თემაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგიურ ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. როგორ და რა ნიადაგზე იგება ოჯახური ბედნიერება, რა გზითაა შესაძლებელი ძალადობის პრევენცია - ამ საკითხებზე აქტიურად მსჯელობდნენ შეკრებილები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ქალების ნათქვამი, რომ ოჯახში კეთილდღეობის ფაქტორებია - ქალის სასიამოვნო ლაპარაკი, უანგარობა და ორმხრივი პასუხისმგებლობა.



ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ბიბლიოთეკაში მოაწყო. შეხვედრას 20-დან 65 წლამდე ასაკის 13 მონაწილე დაესწრო. საუბრის თემა აქტუალური იყო ყველასთვის - კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.
ითქვა, რომ კონფლიქტის დროს ჩვენ არასასიამოვნო შეგრძნებების მთელ გამას განვიცდით - წყენას, სიბრაზეს, დანაშაულს, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, წყენას. ეს განცდები სხვა ბევრ მიზეზს შორის იმასაც ნიშნავს, რომ ურთიერთობების დროს არ შეგვიძლია საკუთარი მოთხოვნილეების დაკმაყოფილება.
შეხვედრაზე დაისვა ბევრი შეკითხვა, იყო განმარტებები და რეკომენდაციები.