პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში დასრულდა ორი ჯგუფის საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. ქალებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები საერთაშორისო სტანდარტებით, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, საქართველოს კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია, ორისის პროგრამა. ბოლო გაკვეთილზე ჩაუტარდათ შემაჯამებელი ტესტირება, რომელზეც ჯგუფებმა დადებითი შედეგები აჩვენეს. კურსდამთავრებულებს გადაეცა სერტიფიკატები.
პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
7 წლამდე ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგიური აღზრდის თავისებურებები - ამ თემაზე გაიმართა ჯგუფური შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან სენაკის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების კოლექტივებთან.
ხონში, წყალტუბოსა და ქუთაისში გრძელდება მუშაობა კრიზისულ ოჯახებთან. მიმდინარეობს ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული კონსულტაციებიც. ფსიქოლოგის მუშაობა ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების მოგვარებას და ძალადობის პრევენციას.
ოქტომბერში სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.
შეხვედრების თემა იყო - სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე. ეს დღე შეახსენებს საზოგადოებას, რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა. სახელმწიფომ უნდა გააცნობიეროს, რომ სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური ქალი ბევრ სასიკეთოს მოუტანს როგორც თავის ოჯახს, ასევე მთელ საზოგადოებას. ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, რათა მათთვის პრიორიტეტული გახდეს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებები. შეხვედრებზე დაისვა საკითხები, რომლებზეც ადვოკატირების ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა.
აქტიურ ფაზაშია ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ძალადობის ჯაჭვი“. კოლეჯ „ფაზისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქალთა კლუბის წევრების მიერ ორგანიზებული შეხვედრა. სამედიცინო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოების, გენდერული საბჭოს და სხვა სფეროების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის წარმოშობის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე. ქალთა კლუბის წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს ინიციატივით, რომ მუნიციპალიტეტის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმაში აისახოს შესაბამისი საბიუჯეტო რესურსები და უზრუნველყოფილ იქნას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება.
არტ-გალერეა 34-ში გაიმართა ფოთის დღის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების კონკურსი „ჩემი საოცნებო ოჯახი“. კონკურსმა აჩვენა, როგორია ბავშვების საოცნებო ოჯახი, რამდენად ახლოსაა ან შორდება რეალობას.
ფოთის სამაუწყებლო კომპანია „მე-9 ტალღამ“ მოამზადა სიუჟეტი პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრის შესახებ.
https://nwbc.ge/2019/10/16/ძალადობის-ჯაჭვის-ფარგლე/?fbclid=IwAR3jD0kB-c6sArFlW713iPJ_20tG63hGZlrVXy38aAHE9kp_hH85Zad4tnA
ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი. ოქტომბერში ჩატარდა შეხვედრები ჯგუფის წევრებთან. ასევე გაიმართა შეხვედრა ოზურგეთის ბაღების პედაგოგებთან იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. მათ მიიღეს ინფორმაცია, როგორ გამოავლინონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და ვის მიმართონ ფაქტზე რეაგირებისთვის.
წყალტუბოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს ორი შეხვედრა გენდერულ საკითხებზე. პრობლემის უფრო ნათლად გააზრების მიზნით ნაჩვენები იყო ფილმები ძალადობისა და ბულინგის თემაზე. ფილმების შემდგომ იმართებოდა აქტიური დისკუსიები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რეფერალურ მექანიზმებზე და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ სერვისებზე.
შეხვედრები წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა.
ძალადობის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და აქტიური დიკუსია გაიმართა თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.
ასევე მოეწყო შეხვედრა-დიალოგი მშობლებთან ფონდი „სოხუმის“ იურისტის, კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. მშობლები გულახდილას საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე. მათი სურვილია, ასეთ შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი მიეცეს და მშობელთა რაოდენობაც გაიზრდოს. საერთო შეხვედრის გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც ჩატარდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამიზნე ბაღების გამგეებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. განხილულ იქნა ოჯახში ძალადობის თემატიკა, პრობლემაზე რეაგირების მექანიზმები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია ხელშეწყობა რეფერალურ სუბიექტებს შორის კოორდინაციის სისტემის დასანერგად. ეს მნიშვნელოვანი იქნება ძალადობის პრევენციისთვის.
ორი ღონისძიება გაიმართა ლანჩხუთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში.
ერთი იყო შეხვედრა საბავშვო ბაღში - ფონდი „სოხუმის“ იურისტის, ფსიქოლოგის და კონფლიქტოლოგის მონაწილეობით. შეკრებილები გაეცნენ რეფერირების პროგრამას. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოავლინონ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი.
აგრეთვე ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ხუთ თემში, სპეციალიტები და სოციალური მუშაკი. მათ მიიღეს ინფორმაციები ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების კუთხით.
თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან და მშობლებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში. ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და ფსიქოლოგმა აღნიშნეს, რომ აღმზრდელები უნდა ჩაერთონ ძალადობის ფაქტების გამოვლენაში. მშობლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას სტრესულ სიტუაციაში ყოფნამ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.