21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ტარდება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აქციები და მსვლელობები. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეთა ჯგუფები, ახალგაზრდები - ერთად აღნიშნავენ ამ დღეს.
საერთაშორისო კამპანიას ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცხრავე ცენტრი შეუერთდა შემდეგი სლოგანებით: „მშვიდობა ცივილიზაციის სიკეთეა“, „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „მშვიდობა და სიყვარული მარადიულია“.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა. შეხვედრაზე შეჯამდა მიმდინარე მუშაობა და დაისახა სამომავლო გეგმები. მობილიზატორები გაეცნენ შიდა მონიტორინგის რეკომენდაციებს და შეიმუშავეს ამ რეკომენდაციების განსახორციელებლად მიმართული სტრატეგია. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის მიზნით.
თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქალთა კლუბი. დაიწყო ფილმის ჩვენება და დისკუსიები. აგვისტოში შეხვედრა ჩატარდა საზანოს თემის წარმომადგენლებთან და მათ მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის პრევენციის მექანიზმებზე.
ასევე გაიმართა დიალოგი მოძღვართან. ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. აღინიშნა საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების შესახებ. მოძღვრის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა გავლენა იქონია შეხვედრის მონაწილეებზე - მათ სხვა კუთხით შეხედეს პრობლემას.
გრძელდება მრგვალი მაგიდების ციკლი თემაზე „ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა“. ამჯერად შეხვედრა გაიმართა ხონის საკრებულოში.
რეფერირების სუბიექტების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ისაუბრეს, როგორ შეიქმნას ძალადობის პრევენციის სტრატეგია, გაუმჯობესდეს თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.
განსაკუთრებულად აღინიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს როლი, რომელმაც რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების კოორდინაციით ხელი უნდა შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ძალადობის ფაქტების, პრევენციული მექანიზმების და სხვადასხვა სერვისის შესახებ.
სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სამობილიზაციო შეხვედრები ჩაატარეს. ძირითადი თემა იყო ახალგაზრდების საერთაშორისო დღე და მნიშვნელობა. შეხვედრებამდე მობილიზატორები შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, დეტალურად შეისწავლეს მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამები და შემდეგ ისაუბრეს ამ პროგრამების შესახებ. აღინიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა საზღვარგარეთაა წასული სწავლის გაგრძელების მიზნით ან სამუშაოდ. უკან არ ბრუნდებიან, ეს კი ქვეყნის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.
აგვისტოში გაიმართა იურისტის ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები დევნილებთან, რომლებიც ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ. შეხვედრების თემა ბენეფიციარებმა განსაზღვრეს, რადგან ისინი სვამდნენ შეკითხვებს თავიანთი კონკრეტული პრობლემების მიხედვით. მაგრამ, ძირითადად, საუბარი შეეხებოდა ოჯახში ძალადობას და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს.
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის „ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პროექტის დიზაინი და მართვა“. ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რათა მათ პროექტის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ გრანტების მოძიება. მათ მიეწოდა საჭირო თეორიული და პრაქტიკული მასალები. ტრენინგზე გაიწერა 4 საპროექტო იდეის დრაფტი.
„მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ - სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ამ მცირე პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები თეკლათის გამგებელსა და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, რომელთაც მიეწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. რადგან პროექტი საბავშვო ბაღებში მუშაობას ითვალისწინებს, გაცნობითი სახის შეხვედრა მოეწყო სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის მოადგილესთან. შეხვედრების ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში.
პროექტის „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გამართა მორიგი შეხვედრა ქალთა კლუბის წევრებთან თემაზე: ოჯახური კონფლიქტები - ბავშვი მსხვერპლი, მოძალადე. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამედიცინო და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამონაწილეობით და კოორდინირებული მუშაობით ძალადობის პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგიის შექმნა. დაფიქსირდა, რომ ერთობლივი მუშაობა ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევს შედეგს და უპასუხებს არსებულ გამოწვევებს.
ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებული მექანიზმები - ეს იყო ივლისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული სამობილიზაციო შეხვედრების თემა. მონაწილეებს აინტერესებდათ კონკრეტული სერვისები და მიიღეს კიდეც პასუხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს ხანგრძლივ შედეგზე ორიენტირებული პროგრამები ძალადობის მსხვერპლთათვის - პირველ რიგში დასაქმების კუთხით.