გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ, თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის ბარიერების შესწავლა და არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით პარლამენტისთვის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავების ხელშეწყობა.

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი - ეკატერინე გამახარიაც იღებდა მონაწილეობას. მან თავის მოხსენებაში ფოკუსი დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ფინანსურ რესურსებზე ქალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების, სიღარიბესთან და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, არამედ მას ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობის და ნდობის აღდგენის საქმეში უდიდესი დატვირთვა აქვს.

დღეს არა საუბრების, არამედ კონკრეტული მოქმედებების დროა! რადგან ვიდრე ჩვენ პრობლემებზე ვსაუბრობთ და ვბჭობთ, ქალების დიდი ნაწილი უშუალოდ უპირისპირდება უთანასწორობას, ძალადობას, დრომოჭმულ სტერეოტიპებს და ეკონომიკური დამოკიდებულების მთელ სიმწარეს... ბევრ მათგანს უწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გადარჩენისთვის... მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერ ქალებს შეუძლიათ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, ძალადობასთან ბრძოლა, და მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის შენება“... - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა იმსჯელეს პრობლემების დაძლევის კონკრეტულ გზებზე და ერთმანეთს საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები