საინფორმაციო შეხვედრა IPRM მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია და კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები სათემო ლიდერი ქალები იღებდნენ მონაწილეობას.
გამართული დისკუსიის ფარგლებში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ არაკონტროლირებად რეგიონებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული გამოწვევები და ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. ქალებმა ხაზი გაუსვეს გამყოფი ზოლის მოსახლეობაში ფიზიკური საფრთხის გაზრდილ განცდას, განსაკუთრებით რუსი მესაზღვრეეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ; ასევე აღინიშნა მოსახლეობაში მენტალური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საბაზისო საჭიროებებსა და მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა.