უკრაინელი ბიჭუნა და კიდევ 14 ადამიანი
პატარა უკრაინელი ბიჭუნა მეორე წელია, საქართველოშია დედასთან ერთად, მაგრამ ჯერაც ვერ შეეჩვია აქაურობას. ენატრება იქ დარჩენილი მამა, ახლობლები... სტრესი ქცევებშიც გამოიხატება. ამიტომ მოიყვანა ის დედიკომ ფსიქოლოგთან. ხატვა, შეხება კენჭებთან, ქვიშასთან - ამ მეთოდებით არკვევს ფსიქოლოგი მის ემოციურ მდგომარეობას. ასე ტარდება პირველი სეანსები. თანდათან ბიჭუნას მეტი სითამამე უჩნდება, შიშები ქრება, სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობაც ეწყობა. რასაკვირველია, დედაც მადლიერია.
7 ოჯახის წარმომადგენელთან ჩაატარა შეხვედრები ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. 15 ადამიანს გაესაუბრა - უკრაინიდან ლტოლვილს, ომგამოვლილს - და მათი განცდები გაიზიარა. მათთან მუშაობისას მთავარია ტრავმების დაძლევა, კრიზისთან გამკლავება... ზოგიერთი მათგანი პირველად იყო და ფსიქოლოგმა მათი საჭიროებები გაიგო, ზოგიერთთან კი გაგრძელდა ფსიქორეაბილიტაციის პროცესი. ასეთ მხარდაჭერას უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)