დეკემბერში ჩვენს მონაცემთა ბაზაში 32 ახალი ადამიანი დავამატეთ.
წლის ბოლო თვეს:
- საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით დავეხმარეთ 45 ოჯახს (ეს არის 98 ადამიანი)
- 14 ოჯახს გადავუხადეთ ბინის ქირა
- 5 ოჯახს აუნაზღაურდა კომუნალური გადასახადები
- ოპერაციების თანხის ნახევარი დაუფინანსდა ორ ონკოპაციენტს. ერთ-ერთ მათგანს კვლევის საფასურიც გადავუხადეთ.
- ერთ მამაკაცს ფული ჩავურიცხეთ სატელეფონო საუბრისთვის
- ფსიქოლოგიურ შეხვედრებში მონაწილეობდა 30-მდე ადამიანი.
15 დეკემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ომით დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერისა და დახმარების საუკეთესო პრაქტიკა“. მასში მონაწილეობდა ყველა, ვინც მუშაობს მხარდამჭერთა ჯგუფში. ტრენერმა ქეთი ვასაძემ გაგვიზიარა გამოცდილება, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩვენი მუშაობის მიმართულებები. მოვახდინეთ მათი სტრუქტურირება და შევიმუშავეთ ახალი იდეები.
- აქციები, ვორკშოპები, საინფორმაციო შეხვედრები, ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმების განხილვა, ბავშვთა ნახატების გამოფენა - ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ინიცირებით განხორციელდა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.
- რა გამოიკვეთა, რა გამოჩნდა, რისი გაკეთება არის აუცილებელი? - ამ კითხვებზე პასუხს ჩატარებული ღონისძიებების შედეგები იძლევა.
ცენტრების მობილიზატორთა შეფასებით, საზოგადოება ინფორმირებულია 16-დღიან კამპანიაზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა ასაკობრივი სეგმენტი საკუთარი ჩართულობით გამოხატავდა ამ დაინტერესებას.
ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა, რომ ფემიციდის ფაქტები საგანგაშოა და აუცილებელია უფრო ქმედითი ცვლილებები ოჯახური ძალადობის პრობლემებზე რეაგირების და სერვისების გაუმჯობესების კუთხით. მათ წინადადებებში გაჟღერდა, რომ უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს და საზოგადოების პასუხისმგებლობა ძალადობის პრევენციის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიერ ინიცირებულ შეხვედრებზე სხვადასხვა თემაზე გაკეთდა აქცენტი.
გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში საგანმანათლებლო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა გამოიკვეთა ტყიბულის, თერჯოლის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე.
ქობულეთში, საბავშვო ბაღების პედაგოგებთან ჩატარებულ შეხვედრაზე მთავარი ფოკუსი ძალადობის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე გაკეთდა.
დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მსხვერპლთა დახმარების სერვისების გაუმჯობესება იყო მონაწილეთა მიერ გამოკვეთილი მთავარი საკითხი.
საინფორმაციო შეხვედრებში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებიც.
- აუცილებელია საზოგადოების სისტემატური ინფორმირება, კოორდინაცია, ეფექტიანი სერვისების დანერგვა - ასეთი შინაარსის იყო გზავნილები შეხვედრების მონაწილეთა მხრიდან.
შეხვედრების პარალელურად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში რვა ახალი კრიზისული ოჯახი გამოვლინდა. მუშაობა მათი საჭიროებების შესაბამისად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- დიდი მადლობა ყურადღებისა და სითბოსთვის, კომფორტისა და ოჯახური გარემოსთვის. ამ ორი კვირის განმავლობაში მე ყველა შემიყვარდა. ფსიქოლოგმა შეძლო ჩემი სტრესული დაძაბულობის განმუხტვა, ყოველი მისი გამოჩენა ტალღასავით შლიდა ჩემს შიშებს. წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი შვება და სიმშვიდე.
ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში კომპლექსურ ყოველდღიურ რეაბილიტაციას გადიოდა.
დეკემბრის დასაწყისში ცენტრში ორი ქალი და სამი ბავშვი იმყოფებოდა. ბავშვებს მასწავლებელი ართობდა - ისინი ერთად თამაშობდნენ, ხატავდნენ, სწავლობდნენ, ხალისობდნენ...
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი მუშაობდნენ ქალებთან იმ დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეცვლაზე, რომლებიც ხელს უშლის მათ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში. ისინი ეხმარებოდნენ მათ ემოციური და ქცევითი პრობლემების დაძლევაში, რათა გაუადვილდეთ ადაპტაცია საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული სტატისტიკის, ძალადობის პრევენციის და იმ სერვისების შესახებ, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მსხვერპლებს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების აქტიურ ჩართვას ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. უკრაინელები დიდი ხანია წმინდა ნიკოლოზს ჩვეულებრივი ხალხის მფარველ წმინდანად მიიჩნევს. ის ყოველთვის მიიჩქარის იმათ დასახმარებლად, ვისაც ეს სჭირდება. ამის გამო წმინდანს „სწრაფშემსმენელსაც“ უწოდებენ. წმინდა ნიკოლოზი ბავშვების მფარველად ითვლება - დღესასწაულის წინა დღეს ბავშვები წერილებს უწერენ სურვილებით და საჩუქრებსაც იღებენ.
ამ ტრადიციის მიხედვით, ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელი ბავშვებისთვის ზეიმი მოაწყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო გუნდმა შეასრულა უკრაინული სიმღერები, უკრაინის და საქართველოს ჰიმნი.
ნიკოლოზობის ერთ-ერთი „კეთილი ჯადოქარი“ იყო მიკოლა ვასილჩუკი, ქართულ-უკრაინული კომპანიის დირექტორი, რომელმაც ტკბილი საჩუქრები მოამზადა პატარებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და უკრაინელებს მიესალმნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
- ჩვენ დავბრუნდებით უკრაინაში და ქუთაისში გატარებული დღეებიდან ეს ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, - აღნიშნეს უკრაინელმა დედებმა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრს წყალტუბოს №1და №4 საჯარო სკოლებში უმასპინძლეს.
მაყურებლები დაინტერესდნენ წარმოდგენებით, იმ აქტუალური პრობლემებით, რომლებზეც აკეთებს აქცენტს ფორუმ-თეატრი.
მაყურებელთა ერთი ნაწილი სცენებშიც ჩაერთო ისე, როგორც ამას ფორუმ-თეატრის სპეციფიკა მოითხოვს. განსაკუთრებული დისკუსიის თემა გახდა სცენა, რომელიც დედ-შვილის ურთიერთობას ასახავს.
წარმოდგენების შემდეგ ორივე სკოლაში ჩატარდა მასტერკლასები, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ფორუმ-თეატრი და როგორია მისი მუშაობის თავისებურება. ამ პროცესში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეები სტრატეგიიდან გაეცნენ იმ ამოცანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შემუშავდა ქუთაისში ჩატარებულ ვორკშოპზე.
შეხვედრაზე ასევე შეფასდა ადვოკატირების პროცესის დინამიკა. პრობლემების მოგვარება, რასაც ცდილობს ჯგუფი, სიკეთის მომტანი იქნება თემისთვის. არა მარტო დევნილი ქალებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
ჩვენ გვიყვარს გამოცდილების გაზიარება.
გვიყვარს დახმარება.
წლების მანძილზე ბევრი ცოდნა დაგვიგროვდა. და, რა თქმა უნდა, ამ ცოდნის გაცემასაც ვცდილობთ.
ბოლო დროს წარმატებით ინერგება აუთსორსინგის პრაქტიკა.
აუთსორსინგი „გარე წყაროების გამოყენებას“ ნიშნავს (outer source using). ეს არის ერთი კომპანიის/უწყების მიერ მეორის რომელიმე სერვისის უზრუნველყოფა.
ჩვენი თანამშრომლები წლებია, კონსულტაციებს უწევენ გენდერული თანასწორობის საბჭოებს, ეხმარებიან გენდერული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში. სერვისების გაყიდვა კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ყველაზე ეკონომიური და ეფექტიანი გზაა შედეგის მისაღწევად, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობები/გენდერული თანასწორობის საბჭოები სულ უფრო ხშირად ცდილობენ, გამოიყენონ ჩვენი კვალიფიკაცია, წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილება.
დიდინეძის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგები. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევას, კერძოდ, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების საქმიანობის მონიტორინგს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 10 მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილების სერვისებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)