ქალები და მობილობა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ონლაინ კონფერენცია გაიმართა თემაზე „ქალები და მობილობა - ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების „მობილობა ქალაქებისთვის“ პროგრამის დირექტორი მარტინა კოლბი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი.
დისკუსიის ნაწილშიაქტიურად ჩაერთო ნინო კორინთელი, ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის მკვლევარი. ის ონლაინ შეხვედრაზე დამოუკიდებელ კონსულტანტად მონაწილეობდა წარმოდგენილ კვლევაში და მისი თანაავტორია. მან პრეზენტაციაზე ხაზი გაუსვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობას(განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის) და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი “სოხუმის” მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ფოკუსირდება ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარების ბარიერებზე, ამ ორ კვლევას აერთიანებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობ (განათლება, პროფესიული ზრდა და დასაქმება) და ხელის შემშლელ (მაგ: გადაადგილების შეზღუდვა ფონდი სოხუმის კვლევაში განხილულია, როგორც განათლების მიღების ბარიერი) ფაქტორებზე აქცენტირება.