ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების აქტიური მუშაობა
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების მუშაობა თანდათან აქტიურდება. ჩატარდა შეხვედრები ყველა ათივე ჯგუფში. პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ხუთ მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, სამტრედია, ქობულეთი, თერჯოლა, ჩოხატაური) შეხვდა ჯგუფის წევრებს - შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა ქალების საჭიროებებსა და პრობლემებზე, ადვოკატირებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობაზე.
ქალებმა იციან, რომ პრობლემების ადვოკატირებისთვის მეტი უნდა ისწავლონ, ამიტომაც შეხვედრებს დაემატა ახალი კომპონენტი - ციფრული წიგნიერების კურსები. კურსები უკვე დაიწყო ქობულეთის, თერჯოლის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრებზე ქალებმა ისწავლეს, როგორ უნდა მოძებნონ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში და დეტალურად გაეცნენ უნიკალურ პლატფორმას - sosfsokhumi.ge, სადაც განთავსებულია ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო მასალები. ეს მუშაობა ხელს უწყობს ჯგუფის წევრების ციფრული წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებას.
ურთიერთდახმარების ერთ-ერთი ჯგუფის წევრი ახლა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში გადის ფსიქორეაბილიტაციას, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს სახლში და მეტი აქტიურობით იმუშაოს ჯგუფში.
პროექტით გათვალისწინებულია მობილური ტელეფონების გადაცემა SOS აპლიკაციით, რაც გაუადვილებს ქალებს საკუთარი თავის და შვილების დაცვას. ივლისში ტელეფონები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს. თანადგომის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - დავით გოგბერაშვილმა.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)