ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე. შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.
ქობულეთის, ტყიბულის, სამტრედიის, ვანის და თერჯოლის ახალგაზრდულ ჯგუფებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე „ტოლერანტობის პრობლემები ახალგაზრდებში. კონფლიქტის მართვა. ბულინგი“.
ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლება, საკითხები, რომლებზეც ხდება მსჯელობა. ყველა მონაწილე მოტივირებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს ახალ უნარ-ჩვევას დაეუფლოს.
გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ „საშინაო დავალებებს“. მაისში მათ ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები თანატოლებთან ტოლერანტობის, კონფლიქტის და ბულინგის თემებზე. ასეთი შეხვედრები კიდევ გრძელდება...
მაისში დასრულდა თოჯინების თეატრის წარმოდგენის „გვრიტის“ აწყობა: შეიქმნა თოჯინები, დაიწერა ტექსტი და მუსიკა.
ახალგაზრდა მსახიობებმა სტუდიაში ჩაწერეს თავიანთი როლები, იყო აქტიური რეპეტიციები ქუთაისის მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.
სულ მალე ჩატარდება გენერალური რეპეტიცია და პრემიერა - „გვრიტი“ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს და ჩრდილების თეატრს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ჰყავდა. მაყურებელი აწი ინტერესით დაელოდება თოჯინების თეატრის წარმოდგენებსაც.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს,
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ფონდი „სოხუმის“ და დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფორუმის მიმართვა
მოგახსენებთ, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“, რაც ემსახურება საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ადგილობრივ დონეზე ეფექტიანად და ჯეროვნად გატარების ხელშეწყობას.
ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფების და სამშვიდობო კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა საჭიროებების კვლევის „საველე სამუშაოები“ დაამთავრეს. GREWS მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარებული ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები საშუალებას იძლევა, მოხდეს დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება.
მოცემულ ეტაპზე დამთავრებულია მონაცემების სისტემატიზება და მიმდინარეობს ანგარიშზე მუშაობა. იწყება პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები - სამიზნე ჯგუფების ყველაზე პრიორიტეტული საკითხების გამოყოფა ადგილობრივ პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგისთვის, ასევე მუშაობა ონლაინ პლატფორმაზე „ამომრჩევლის აპლიკაცია“ .
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
ხონის, ბაღდათის, თერჯოლის, ვანის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში დასრულდა მესამე მონიტორინგი, რომელმაც შეაფასა ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხი. მონიტორინგი ჩაატარა ფონდმა „სოხუმმა“ იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ და მეწარმე ქალთა ფონდთან პარტნიორობით.
პუბლიკაციაში „საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის (PAR) მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში“ წარმოდგენილია მესამე მონიტორინგის ანგარიში: მეორე მონიტორინგის შემდეგ მიღწეული პროგრესი და რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მომსახურების უკეთესი ხარისხის მისაღწევად.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
14 მაისს ონლაინ ჩატარდა მორიგი შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროექტის მონაწილეებმა შეკრებილებს გაუზიარეს „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ ამოქმედების პროცესში მიღებული გამოცდილება და ისაუბრეს მომავალ არჩევნებში მსგავსი პლატფორმის დანერგვასა და გამოყენებაზე.
სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და გამოხატეს მოსაზრებები აპლიკაციის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებისა და პოლიტიკური ნდობის ამაღლების თვალსაზრისით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი დანერგვის აუცილებლობასა და პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის გაკვეთილები ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში. მონაწილეებმა წარმოადგინეს საპროექტო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები. მათ მოკლედ ისაუბრეს თავიანთ თავზე, იმ დადებით შედეგებსა და გამოცდილებაზე, რაც დაუგროვდათ მუშაობის პროცესში - როგორც პროფესიული განვითარების, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხით. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლების მხრიდან.
ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ კლუბებში მოზარდებმა ტოლერანტობაზე ისაუბრეს. მათ საინტერესო ანალიზი გააკეთეს ტოლერანტობის დეფიციტზე, ტრადიციებზე, შერეულ ოჯახებზე და მათ პრობლემებზე.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტოლერანტობის თემაზე მოამზადეს ესეები და ვიდეორგოლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
ტოლერანტობის პრობლემა იყო ძირითადი თემა ონლაინ ჩართვების დროს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. მოზარდები საუბრობდნენ რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე, გამოიკვეთა მათი შემწყნარებლური დამოკიდებულება. აღინიშნა, რომ ტოლერანტობის თემის განხილვა მოზარდებისთვის აუცილებელია, რადგან ტოლერანტობა ამცირებს ძალადობას.