ფონდი „სოხუმი“ აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან Kvinna till Kvinna იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების ადვოკატირებისათვის.
პროექტის კოორდინატორი რეგინა ეგოროვა მიესალმება ფონდის ადვოკატირების ინიციატივებს, რომელიც „ქვევიდან ზევით“ პრინციპით იდენტიფიცირებულია თავად ქალთა თემის აქტიური ჯგუფების მიერ, კონფლიქტების ადრეული პრევენციის გენდერულად მგრძნობიარე სისტემის (GREWS) გამოყენებით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციით თვალსაჩინოს ხდის არა მხოლოდ არსებულ საჭიროებებს, არამედ ქალთა ჯგუფების წარმოდგენებს მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო ცვლილებებზე.
სასიხარულო იყო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლის ინიციატივა - თავადაც ჩაერთოს საერთაშორისო დონეზე ადვოკატირებაში.
დასრულდა პროექტის ახალი კომპონენტის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც ზუგდიდის ამომრჩევლისთვის ონლაინ პლატფორმა „ამომრჩევლის რჩევის/კონსულტაციის აპლიკაციის“ (VAA) გაცნობას ითვალისწინებს. პროექტის გუნდი კონსულტაციებზე სამომავლო საქმიანობის საბოლოო დეტალებს აზუსტებს.
მომზადდა და კონსულტანტთან შეჯერდა პლატფორმაზე განსათავსებელი კითხვარი. განსაზღვრულია შეხვედრების ლოკაცია, სამიზნე ჯგუფები, გათვალისწინებულია შეხვედრების სპეციფიკა პანდემიის შეზღუდვების პირობებში.
ფონდ „სოხუმს“ მიღებული აქვს კარგი გამოცდილება საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მსგავსი პლატფორმის დანერგვის კუთხით, რაც პროექტის განხორციელებისას დაგვეხმარება.
პროექტის ფარგლებში 50 შეხვედრა ჩატარდება. პირველი შეხვედრები ივნისის ბოლოს იგეგმება. პლატფორმის გაცნობის კუთხით მალე დაიწყება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებიც.
ვანის სამუშაო ჯგუფის რიგით მეათე შეხვედრა დაეთმო პარტნიორი ორგანიზაციების „თანადგომა 2020“ და „მოქალაქეთა აქტიურობა ეფექტიანი მმართველობისა და სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლების მოხსენებებს, რომლებიც უკავშირდებოდა მათი მცირე პროექტების დინამიკას - რა აქტივობებს ახორციელებენ, რა ცვლილებებს ხედავენ წინა პროექტთან შედარებით და რა გამოწვევები არის ჯერ კიდევ საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობა ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში. ასევე მნიშვნელოვანია მათი უნარ-ჩვევების ამაღლება ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით, რაც სოფლებში მერების წარმომადგენელთა ჩართულობით შეიძლება გადაიჭრას - ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ითქვა ისიც, რომ წინა შეხვედრაზე შეთანხმებული ცვლილებები უკვე აისახა ჯგუფის სამოქმედო გეგმაში და დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე.
ამბროლაურის საკრებულოს დარბაზში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - აფხაზინტერკონტის“ და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მრგვალი მაგიდა თემაზე: „ახალი ხედვები საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებათა დასანერგად“. შეხვედრის ფასილიტატორმა ქრისტინა მურუსიძემ ისაუბრა პროექტის მიზნებსა და შედეგებზე. გაკეთდა საჭიროებათა შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის აქტივობებზე. მერიის წარმომადგენელმა კი მუნიციპალიტეტის ხედვა გაუზიარა შეკრებილებს კვლევაში გამოკვეთილი პრობლემების დასაძლევად. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეთათვის, რაც აქტიურ დისკუსიაში გამოჩნდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამბროლაურის მერიის და საკრებულოს, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრმა ორი პრემიერა გამართა ივნისში.
პირველი პრემიერა 1 ივნისს იყო - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - ფონდი „სოხუმის“ ოფისის ეზოში.
მეორე კი 20 ივნისს - დევნილთა საერთაშორისო დღეს - ქუთაისის ბულვარში.
მაყურებელს მოეწონა „გვრიტი“ - ქართული ზღაპრის ახლებური ვერსია. საინტერესო დეკორაციები, უცნაური თოჯინები, მუსიკა, ხმები...
რეჟისორ მაგდა ჩიხლაძის და ახალგაზრდა მსახიობების შრომამ კარგი შედეგი გამოიღო: პატარა მაყურებლის სიხარული და ინტერესი, მშობლების დადებითი შეფასება. „გვრიტი“ ასწავლის პატარებს სიყვარულს, მეგობრობას, თანადგომას, ტოლერანტობას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სხვადასხვა თემში. შეხვედრებზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეები ისმენენ ინფორმაციებს: რას ითვალისწინებს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, ძალადობის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, რეაგირების რა მექანიზმები არსებობს. ეცნობიან მსხვერპლთა დახმარების სერვისებს.
შეხვედრები ჩატარდა ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურის, წალენჯიხის, ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
საინფორმაციო შეხვედრებიდან უკვე მოხდა კონკრეტული ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება. რეაგირება გრძელდება ქეისების შინაარსის შესაბამისად, ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის ჩართულობით.
ძალადობის შემთხვევებზე ფსიქოსამართლებრივი რეაგირების მექანიზმები, მსხვერპლთა დახმარების სერვისები - ამ საკითხებზე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სხვადასხვა თემების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებასაც ახდენენ. რეაგირების მექანიზმი სხვადასხვაა: გამოიყენება ფსიქოლოგის და იურისტის კონსულტაცია. კონფლიქტურ სიტუაციაში რთავენ ავტორიტეტულ ადამიანებს. ეს ინსტრუმენტები ზრდის ეფექტიანობას.
შეხვედრებზე გავრცელდა ინფორმაცია ახალ ვებგვერდზე „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურცენტრი“ http://gbvdigitalresourcecenter.ge/. ეს გვერდი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე იძლევა სრულ ინფორმაციას.
მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ინფორმირება მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
რაც საზოგადოების კეთილდღეობას ეხება, ჩვენი საქმეა, - აღნიშნეს შეხვედრის ბოლოს კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. შეხვედრა ლიდერობას და სამოქალაქო აქტივიზმს ეხებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი რამ გაიგეს. ყველაზე მთავარი კი ის, რომ აქტივიზმი არის: აქტიურობა, მოქმედება, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მონაწილეობა, მოხალისეობა.
ამას გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდის და კოკი/ხურჩას ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე.
მონაწილეებმა შეარჩიეს გარკვეული სარეკომენდაციო წინადადებები - მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრების გახსნა სოფლებში (სალონი, სამკერვალო, ფეხსაცმლის შეკეთება), სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. საინიციატივო ჯგუფების წევრები პრობლემების ადვოკატირებას შეუდგებიან.
რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.
საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.
საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.
„რუდუნი“ არის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ახლახან შეიქმნა ლანჩხუთში. „რუდუნი“ ქვეგრანტების პროგრამით ახორციელებს მცირე პროექტს „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მუნიციპალური ელექტრონული სერვისების როლისა და მნიშვნელობის შესახებ". ორგანიზაციამ მოამზადა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელშიც სრულადაა აღწერილი ის ელექტრონული სერვისები, რომელთაც მოსახლეობას სთავაზობს ვებგვერდი www.lanchxuti.gov.ge და ელექტრონული მენეჯერი lcman.ge. საზოგადოებაში ბუკლეტის გასავრცელებლად, სხვა საშუალებეთან ერთად, გამოყენებულ იქნა ადგილობრივი გაზეთი „ჰო და არა“. ბუკლეტი გაზეთთან ერთად მიიღო მისმა 3000-მა გამომწერმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 15 ტერიტორიულ ერთეულში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით