სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიეძღვნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის სამიზნე ჯგუფების და მეთოდების განსაზღვრას. კვლევა დასრულდება მაისში და მიღებული შედეგების გაანალიზებით, საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს 2017 წლის ბიუჯეტისთვის.
სხდომაზე დაიგეგმა ღონისძიებები საბჭოს ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ სოფლებში. პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან გაიმართება 25 აპრილს, შემდეგ კი სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში ჩამოყალიბდება გენდერული საინიციატივო ჯგუფები. პროექტის ძირითადი მიზანია ქალებისა და ახალგაზრდების როლის გაძლიერება ოჯახში ძალადობის პრევენციის პროცესში.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა საკრებულოს დარბაზში. საბჭოს წევრები გაეცნენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევას, განიხილეს ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები 2017 წლის ბიუჯეტისთვის.
საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ გააკეთა მოკლე ანგარიში მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წარმატებით დასრულდა ვორკშოპების სერია გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემაზე სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიასთან: ახალგაზრდობა, მოსწავლეები, სკოლის და საბავშვო ბაღების პედაგოგები, ექიმები. სულ ჩატარდა 56 ვორკშოპი 600-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.
სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს ახალ პროექტზეც, რომლის დაწყება ივლისიდან იგეგმება - მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოფლის საბავშვო ბაღების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. პროექტი ხელს შეუწყობს არაძალადობრივი საზოგადეობის ჩამოყალიბებას სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გენდერული განათლების დანერგვით.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 2016 წლის პირველი სხდომა 22 იანვარს გაიმართა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს 2016-2017 წლების ღონისძიებების გეგმაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით (კერძოდ, იმ მუხლებზე, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება) და წარმოადგინეს გარკვეული ცვლილებები და დამატებები.
საბჭოს სხდომაზე აქტიურად განიხილეს ახალი საპროექტო იდეები, დიდი აქცენტით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებზე. თებერვალში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე სოფლის რწმუნებულებისა და დეპუტატებისთვის.




მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულდება, სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განაგრძობს საქმიანობას და ხელს შეუწყობს საზოგადეობრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას - აღინიშნა დასკვნით კონფერენციაზე, რომელმაც შეაჯამა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამწლიანი მუშაობის შედეგები და მიღწევები. კონფერენცია გაიმართა 25 ივლისს, სასტუმრო „ოსკარში“. ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის პირველი პირები - საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (აბაშა, ხობი, წალენჯიხა, მარტვილი) ხელმძღვანელები, გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
გამომსვლელებმა შეაჯამეს საბჭოს სამწლიანი გამოცდილება, შეკრებილებს გაუზიარეს ინფორმაცია განხორციელებულ პროექტებზე, ერთობლივ ინიციატივებზე, ადგილობრივი საჭიროებების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე, ამომრჩეველ ქალთა კლუბთან და ადგილობრივ მასმედიასთან თანამშრომლობაზე.
კონფერენციაზე მოწვეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მის გაგრძელების და მხარდაჭერის აუცილებლობას. მათი თქმით, ასეთი თვალსაჩინო გამოცდილება დაეხმარება მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი გენდერული საბჭოები საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული შესწორებების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს გენდერული საბჭოების შექმნას მუნიციპალიტეტის საკრებულოებთან.








გაფართოებული ფორმატით გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 23-ე სხდომა. პირველი ნაწილი მიეძღვნა ფონდი „სოხუმის“ კვლევის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციას. თემიდან გამომდინარე, სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, დეპუტატები, სოციალური სამსახურის, სურსათის უვნებლობის სამსახურის და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები,საბავშვო ბაღის გამგეები. მათი მონაწილეობით გაიმართა კვლევის შედეგად გამოვლენილი უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა სენაკის მუნიციპალიტეტის კონტექსტში.
სხდომის მეორე ნაწილში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ საბჭოს წევრებმა, რომელთაც დეტალურად განიხილეს ახალი პროექტი, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ერთეულში მუშაობისკენ გენდერისა და გენდერული ძალადობის საკითხებზე გამგებლის წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატების, პედაგოგების, სკოლის დირექტორების და აქტიური ახალგაზრდების ჩართვით.საბჭოს წევრებს პროექტის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 24-ე სხდომა დაიწყო ახალგაზრდული საკრებულოს წევრების საინტერესო ინიციატივების წარდგენით. საბჭომ განიხილა ახალგაზრდული პროექტის შემუშავებისა და თანადაფინანსების საკითხი, რაც აქტიურ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ თავიანთი ინიციატივები მცირე გრანტების მეშვეობით. თავის მხრიდან, ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ჩაერთონ გენდერული საბჭოს პროექტებში.
ამას გარდა, სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს ახალგაზრდებისა და ქალთა როლის გაძლიერებაზე ოჯახში ძალადობის პრევენციის და სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოციალური პრობლემების ადვოკატირების პროცესში. საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და ფონდი „სოხუმი“ მხარს დაუჭერენ მათ პროექტს.
{youtube}_6xuFWYsLbc{/youtube}
პროექტი ხორციელდება სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „ სოხუმის“ მხარდაჭერით.
