ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურმა შეიმუშავა 2018 წლის გეგმა და მუშაობის კონცეფცია, რომელიც მოიცავს: იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციებს, შეხვედრებს კონფლიქტოლოგთან, საინფორმაციო შეხვედრებს ახალგაზრდებთან, მუშაობას ოჯახურ წყვილებთან, კრიზისული ოჯახების წარმომადგენლებთან და ძალადობის მსხვერპლებთან.
იანვარში ფსიქოლოგმა უკვე ჩაატარა ინდივიდუალური კონსულტაციები. ერთ ბენეფიციართან გაიმართა სამი სეანსი. მეორე შემთხვევაში - ჯერჯერობით მიმდინარეობს პრობლემის დიაგნოსტიკა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონში, კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა თემას - გენდერული ძალადობის მიზეზები და დაცვითი მექანიზმები.
ხონში, როგორც ყოველთვის, ბიჭები უფრო აქტიურობდნენ. მათი აზრით, თემის განხილვაში გოგონებიც უნდა ჩაერთონ, რომ ყველაფერში უკეთ იყვნენ გარკვეულნი.
კოკელი ახალგაზრდების თქმით, ამ თემაზე ლაპარაკი პირველად „სოხუმში“ დაიწყეს და ახლა თავისუფლად მსჯელობენ და დასკვნებსაც აკეთებენ.
ქუთაისში სტუდენტებთან გამართული შეხვედრა დაიწყო მოკლე ინფორმაციით ფონდი „სოხუმის“ შესახებ. ინტერაქტივიმა აჩვენა, რომ მათთვის ეს თემა საინტერესო და აქტუალურია.
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ქალები ცვლიან მომავალს“ ფარგლებში ჩატარდა 3 საინფორმაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მათხოჯი, ნახახულევი და კუხი.
შეხვედრების დროს ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალდობის კანონის, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების დარღვევაზე. მათ გაიგეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზეც.
შეხვედრებზე აქტიური დისკუსია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

სტარტი აიღო წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტმა „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“.
პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სოფელ წყალტუბოში და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები. ეს შეხვედრები ხელს უწყობს სოფლის მცხოვრებთა ინფორმირებას ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით.



პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა დევნილთა რეფორმის პროექტის თემაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს წევრები, გამგეობის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და აპარატის თანამშრომლები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეფორმა დევნილთა საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ოჯახების მიმართ.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში ჩაატარა. შეკრებილებმა გაიგეს სიახლეებზე ქალაქის სოციალურ პროგრამებში, რაც ყოველი მათგანისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა. ისაუბრეს თავიანთი პრობლემების მოგვარების შესახებ.
ასისტენტი ასევე დაესწრო ებრაელ ქალთა კლუბის შეხვედრას. ამ კლუბის მთავარი მიზანია ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციების გაზიარება, თანადგომა. ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა გააცნო ქალბატონებს ფონდის მუშაობის შესახებ და ზოგიერთი მათგანი მოიწვია ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე, რათა თვითონაც ჩაერთონ მუშაობაში და პრობლემების ადვოკატირებაში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები ნიკეას ქუჩაზე ყოფილ მე-8 ბაღში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ და მათ ყოფა-ცხოვრებას გაეცნენ.
შენობა რეაბილიტირებულია და საკუთრებაშია გადაცემული, მაგრამ იქ ჩასახლებული 21 ოჯახი მაინც არაერთ პრობლემას უჩივის (არ არის შემოღობილი ეზო, დამტვრეულია ეზოში დამონტაჟებული საქანელები...).
ამ პრობლემების ადვოკატირებაში ჩაერთვება ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭო.
