ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამართულ მრგვალ მაგიდას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, პოლიციის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მომზადებულ დოკუმენტს „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი სიტუაციაა რეფერირების ადგილობრივი სუბიექტების თანამშრომლობის კუთხით. სახეზეა საბიუჯეტო პროგრამებიც, რაც მსხვერპლს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს მისი პრობლემების დანახვა, რეაგირება, დასაქმება.
ყველაზე დიდ გამოწვევად დასახელდა თავად საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება ძალადობის ფაქტებზე და გამოიკვეთა საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის უდიდესი საჭიროება. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ამ კუთხით ძალიან სასარგებლო იქნება მუნიციპალიტეტისთვის.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე. შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.
ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.
„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ფონდმა „სოხუმმა“ პირველად დაიწყო ინტენსიური მუშაობა. პირველ შეხვედრას - პროექტის პრეზენტაციას - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომლებზე მუშაობაც პროექტითაა გათვალისწინებული: ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახების გაძლიერება, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა მხარდაჭერა, გენდერულ პრობლემებზე რეაგირება.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სამწლიანი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გაძლიერებას და პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.
„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.
პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.
ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.
ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.