ეკოკლუბში ლიის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საპროექტო მუშაობა შეაჯამეს. პროექტის მონაწილეებმა ასეთი შეფასება გააკეთეს: ახალი გამოწვევა ყოველთვის სასარგებლო და ინფორმაციულია; გუნდური მუშაობა იძლევა კარგ შედეგს - ამაში პროექტზე მუშაობისას დავრწმუნდი; არაფორმალური განათლება ერთ-ერთი სასარგებლო ინსტრუმენტია ახალი ინიციატივების დანერგვითვის;  მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის.

ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გასულ თვეში დაწყებული ადვოკატირების პროცესი წარმატებით დაასრულა. მოამზადა წერილი მერის სახელზე, შეაგროვა ხელმოწერები, ჩართო სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი. საბოლოოდ პრობლემა მოგვარდა - სოფელში სანაგვე ურნები განთავსდა. ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის  წალენჯიხის მერიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი მუშაობს თემში გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის. გამოიკვეთა ნაგვის ურნების არარსებობა, რაც სავალალო მდგომარეობას ქმნის. ჯგუფმა მოამზადა წერილი მერის სახელზე, შეაგროვა მოსახლეობის ხელმოწერები და შეუდგა  ადვოკატირებას.

ლიის სკოლის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი კი ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსთვის“. სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბი. ბავშვებმა დაიწყეს მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ონლაინ ფორმატში მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიციის, ბაგა-ბაღების, სკოლების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი. გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების სტატისტიკა, პრობლემებზე იდენტიფიკაცია, მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სიტუაცია...

რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.

საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.

საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს სენაკის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

სხვადასხვა თემში გამართული შეხვედრების მონაწილე ქალები ისმენენ ინფორმაციებს, რა სახის სერვისები არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, რეაგირების კუთხით რა სამართლებრივი მექანიზმები მუშაობს  და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ძალადობის შემთხვევებზე.  შეხვედრებზე ხშირად ისეთი ისტორიის ჩანიშვნაც ხდება, რომელიც ითხოვს რეაგირებას, ჩაძიებას. კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე, რეაგირების პროცესში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტიც ერთვებიან.

„ტოლერანტობა და კონფლიქტი“ – ეს თემა განიხილეს სოფელ ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში.

შეხვედრის მონაწილეთა საერთო განწყობა ბოლოს ასეთი იყო: მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა მოგექცნენ შენ, ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ტოლერანტული სახელმწიფო...

მეორე შეხვედრა გაიმართა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფთან. შეფასდა ქალთა საჭიროებების კვლევის ტექნიკური მხარე. ჯგუფის წევრებმა, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ისაუბრეს ჩატარების პროცესზე, ხელის შემშლელ ფაქტორებზე და იმაზე, რამ შეუწყო ხელი მუშაობის დროს.

შეხვედრების მონაწილეები გეგმებსაც შეეხნენ. აღინიშნა, რომ ჯგუფების მუშაობა საკმაოდ კარგი ეფექტის მომცემია.

ფონდ „სოხუმს“ 10 ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქვს თერჯოლის, ვანის, ტყიბულის, ბაღდათის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მობილიზატორთა განახლებული შემადგენლობისთვის ორდღიანი ვორკშოპი გაიმართა. ყველა განხილული თემა ერთნაირად საჭირო და აქტუალური იყო: სამიზნე ჯგუფების შერჩევა, აუდიტორიასთან მუშაობა, პრობლემების იდენტიფიცირება, მსხვერპლის ანკეტის შევსება და შესაბამისი რეაგირება, ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, მსხვერპლთა მხარდაჭერის სამართლებრივი მექანიზმები, თვითმმართველობებთან მუშაობა, მუნიციპალური პროგრამები და სახელმწიფო სერვისები ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით, ინფორმირება, თვითპრეზენტაცია, ფასილიტაცია და მოდერაცია.

„მობილიზატორის მუშაობა რთული მომეჩვენა, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა, უკვე ვიცი, როგორ ვიარო ნაბიჯ-ნაბიჯ. ვორკშოპმა დამანახა პროცესის თანმიმდევრობა,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მობილიზატორმა ვორკშოპის ბოლოს.

ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების და რეაგირების სისტემის ინსტრუმენტები, განხორციელების ძირითადი ეტაპები და ადამიანური უსაფრთხოების კომპონენტები. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებების შესწავლაზე და შეირჩა მონაწილეები, რომლებიც ამ კუთხით ჩაატარებენ კვლევას (ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები დ ანკეტირება).

იმავე დღეს ჩატარდა მსგავსი შეხვედრა ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთან ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) #1 სათემო სკოლაში. ბავშვებმა დაწერეს ესეები აფხაზეთის თემაზე და გზავნილები აფხაზ თანატოლებთან. ამ ჯგუფის სამმა წევრმა კი საინიციატივო ჯგუფების საერთო ტრენინგზე შეძენილი ცოდნა გაუზიარა მეგობრებს.

„ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ - ფონდმა „სოხუმმა“ ამ პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო. დაიწყო ცვლილებებით, ახალი შტრიხებით.

პროექტის არეალია დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონი: იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა. მუშაობა წარიმართება 10 მუნიციპალიტეტში: ვანი, ბაღდათი, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ჩოხატაური, ქობულეთი.

ერთ-ერთი სიახლე ის არის, რომ პროექტის ფარგლებში პირველად იქმნება ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ვანში, ბაღდათში, სამტრედიაში, ტყიბულსა და ჩოხატაურში.

ფონდ „სოხუმს“ ჰყავს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილებზე იმუშავებენ ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვისთვის, შეეცდებიან პრობლემების ადვოკატირებას გენდერზე ორიენტირებული სისტემით. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციას ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და კოორდინაციით.  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები