440 მონაწილე ესწრებოდა შემაჯამებელ შეხვედრებს ხუთი მუნიციპალიტეტიდან (სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, ვანი, ზუგდიდი): ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრის წევრები, მათი მშობლები და პედაგოგები, სკოლის დირექტორები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული დეპარტამენტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები.
ეს იყო ფონდ „სოხუმთან“ ურთიერთობის და ექვსთვიანი აქტიური მუშაობის ერთგვარი ანგარიში.
რა გაკეთდა? რა ისწავლეს მოსწავლეებმა? როგორ გამოიყენებენ ცოდნას პრაქტიკაში?
ამ კითხვებს ახალგაზრდებმა პრეზენტაციებით გასცეს პასუხი და ონლაინ აუდიტორიას დაანახეს თავიანთი გამოცდილება, შეძენილი უნარ-ჩვევები, ახალი შესაძლებლობები.
- კომპლექსები დავძლიე, აქტიური გავხდი, ბევრი რამ ვისწავლე, დამოუკიდებლად გავაკეთე, შევიცვალე - ეს სიტყვები გაისმოდა ახალგაზრდების გამოსვლებში.
ეს არის ფრაგმენტები ბავშვების წერილებიდან.
მშობლებს მიმართავენ. სიყვარულს გამოხატავენ და პრობლემებზე საუბრობენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებისთვის ჩატარებული ერთ-ერთი შეხვედრის ნაწილი შვილებისა და მშობლების ურთერთობას მიეძღვნა. მაშინ გაჩნდა იდეა, ბავშვებს მესიჯები გაეგზავნათ დედებისთვის და მამებისთვის...
დანარჩენს თვითონ წაიკითხავთ:
- მინახავს დედა, ჩემი ან ჩემი ძმის სიტყვების გამო აცრემლებული. როცა მას ვუყურებ, მეც გული მტკივა, ვუფიქრდები ჩემს დანაშაულს... მისი ცრემლი ჩემთვის დიდი ტკივილია. ბოდიშს ვუხდი და ვეუბნები, რომ ძალიან მიყვარს...
- დარწმუნებული ვარ, როდესაც შვილი მეყოლება ისიც ისევე მომექცევა, როგორც მე ვექცეოდი ჩემს მშობლებს, ამიტომ ვცდილობ, გული არ ვატკინო მათ.
ქობულეთის, ზუგდიდის, ჩოხატაურის, წალენჯიხის და სენაკის ახალგაზრდულ ცენტრებში დასასრულს მიუახლოვდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსი. ბოლო შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს თემები: „კონფლიქტის მოგვარების გზები. ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პრობლემები და მიზეზები“. ახლა ისინი ემზადებიან შემაჯამებელი ღონისძიებისთვის, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართება. ხუთი ჯგუფიდან შერჩეულია 20 პრეზენტატორი, რომლებიც პროექტის გავლენაზე ისაუბრებენ.
თებერვალში დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში 10 ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგებში ჩართული იყო 196 მონაწილე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს ყველაფერი ჩვენი შეხვედრების შემდეგ ხდება. თვეში ერთი შეხვედრა/ტრენინგი ტარდება და ტრენინგიდან ტრენინგამდე ბავშვები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ სათქმელს - იმას, რაც ისწავლეს, რაც მოსწონთ და აღელვებთ.
სამტრედიის ჯგუფის მომზადებული ვიდეორგოლი, ზუგდიდისა და ქობულეთის ჯგუფების ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და კიდევ უამრავი რამ: დიაგრამები, წერილები მშობლებს, კომიქსები, ვიდეორგოლები, ნახატები, პრეზენტაციები...
ამ ღონისძიებებს ინიცირებულ ღონისძიებებს ვეძახით, რადგან ისინი ჩვენი ტრენინგების გამოძახილია. თებერვალში ათ ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებული შეხვედრების თემები იყო: კონფლიქტი, ეთიკა, ესთეტიკა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები. ცენტრების ლიდერების მიერ ჩატარებული აქტივობებიც ამ საკითხებს მიეძღვნა.
ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრების ექვსთვიანი სატრენინგო კურსის ბოლო შეხვედრები ჩატარდა. 97 მონაწილე ესწრებოდა სამტრედიის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის და ვანის მუნიციპალიტეტებიდან.
ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მონაწილეთა მაღალი ინტერესი თემისადმი „კონფლიქტის მოგვარების გზები. ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები. მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, პრობლემები და მიზეზები“.
მარტში გაიმართება შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ათივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალგაზრდები აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ თავიანთ სკოლებში - 5 ცენტრის 10 ლიდერი პრეზენტაციებს გააკეთებს და თავის ცოდნას გაუზიარებს მოსწავლეთა ჯგუფებს.
ამ თვეში განსაკუთრებული იყო შვილების წერილები მშობლებს. ტრენერებმა მონაწილეებს სთხოვეს, დაეწერათ მესიჯი მშობლებისთვის, გამოეხატათ თავიანთი სიყვარული, ფიქრები, სურვილები... საკმაოდ დიდი და კარგი მასალა დაგროვდა და მალე ცალკე დაიბეჭდება ჩვენს ვებგვერდზე, როგორც წარმატების ისტორია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
აქტიურად გაგრძელდა სატრენინგო კურსი კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში. თერჯოლის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრებში ტრენინგები ჩატარდა ერთსა და იმავე თემაზე: გენდერული თანასწორობა, ტრადიციები და სტერეოტიპები ძალადობის პრევენციისთვის. კონფლიქტის გადაჭრის გზები.
ყველა ტრენინგი თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განსხვავდება მონაწილეთა ჩართულობით. ახალგაზრდულ ჯგუფებზე აისახება ლიდერების აქტიურობა, ტრენინგების დასრულების შემდეგ იწყება ინიცირებული ღონისძიებები, რაც ჩვენი მუშაობის თვალსაჩინო შედეგია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
10 იანვრიდან განახლდა მუშაობა ახალგაზრდებთან. დაიწყო ტრენინგების ციკლი - ჩატარდა 5 შეხვედრა-ტრენინგი.
თვის პირველი ხუთეული: ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ქობულეთის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები.
ტრენინგის თემები: გენდერული თანასწორობა, ტრადიციები და სტერეოტიპები ძალადობის პრევენციისთვის. კონფლიქტის გადაჭრის გზები.
შეხვედრების მონაწილე მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, ონლაინ ფორმატის მიუხედავად. სამტრედიასა და ტყიბულში აქტიური მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმაც. როგორც აღინიშნა, ეს მუშაობა ზრდის ლიდერულ უნარ-ჩვევებს ახალგაზრდებში და მეტის გაკეთების მოტივაციას აძლევს მათ. ცენტრების წევრებმა უკვე ინიცირებული ღონისძიებების ჩატარების გრაფიკი შეადგინეს - როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. ისინი დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა ფორმას არჩევენ (შეხვედრა თანატოლებთან, ვიდეორგოლის მომზადება, ესეს დაწერა და ა.შ.).
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდულ ცენტრებში ჩატარებულ ტრენინგებს მოჰყვა დამატებითი ინიცირებული ღონისძიებები: საინფორმაციო შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, ინტერვიუების ჩაწერა, ვიდეორგოლები...
ღონისძიებების ერთი ნაწილი ჩატარდა დეკემბრის დასაწყისში და მიეძღვნა 16-დღიან კამპანიას, მეორე ნაწილი კი ეხმაურებოდა ტრენინგებზე განხილულ თემებს: ნაადრევი ქორწინება და ტოლერანტობა. ყველაზე მეტი აქტივობა ჩაატარეს სამტრედიის, ბაღდათის, ვანის და წალენჯიხის ახალგაზრდულმა ცენტრებმა. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე წარმოდგენილია ახალგაზრდების ყველა ნამუშევარი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი - ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრებში დეკემბერში გაგრძელდა ტრენინგების ციკლი - ამჯერად ტოლერანტობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე. იყო აქტიური განხილვები, დისკუსია და, რაც ყველაზე მთავარია, ნდობა მონაწილეთა მხრიდან, რომელსაც პედაგოგები აღნიშნავენ.
ტრენინგებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ჩაუდგნენ სათავეში ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებას. აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები, მშობლები - ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 1255 მოსწავლემ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)