თანამონაწილეობა შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაცის საბჭოს“ და „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ გაერთიანებული შეხვედრა.
შეხვედრის მიზანს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის და მისი პირველი შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპის განხილვა წარმოადგენდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც თვალნათლივ იკვეთება შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში 2011 წლიდან დღემდე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ, კოლეგებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრის და ახალ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში მათი ასახვის აუცილებლობაზე. ასევე - შერიგების და ნდობის აღდგენის არსებული მექანიზმების უფრო მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური და ადამიანური რესურსების გაზრდის საჭიროებაზე.
საბჭოსა და პლატფორმის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თემატურ ჯგუფებში ჩართვის სურვილი.