სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრა

კოალიცია „მეტი ჩართულობის“ ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრა მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე კრიზისს, სადაც კოალიციის წევრებმა იმსჯელეს საქართველოში უკრაინიდან ლტოლვილთა ძირითად საჭიროებებზე და მათ დასახმარებლად განსახორციელებელ სტრატეგიებზე.

უკრაინაში არსებული მდგომარეობის და საქართველოში უკრაინელ ლტოლვილთა საჭიროებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული  ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ (ორგანიზაციას გააჩნია ფილიალი კიევში). მისი თქმით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200 უკრაინელი ტურისტი და 250-მდე ლტოლვილია, რომელთა საჭიროებებზე ყველაზე ქმედით რეაგირებას ამ ეტაპზე უმეტესწილად კერძო სექტორი, მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებენ. საკმაოდ სუსტია სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის ხარისხი და ამ ეტაპამდე არ არსებობს უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების სტრატეგია. 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ აღნიშნა საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების და ლტოლვილების რეგიონების მიხედვით აღრიცხვის მწყობრი მექანიზმის შექმნის აუცილებლობისა და დაინტერესებულ პირთათვის ლტოლვილთა არსებული სტატისტიკის ხელმისაწვდომობის საჭიროების შესახებ. ასევე მიუთითა, რომ სასურველია კოალიციის წევრთა ბაზის შექმნა, რომელშიც განისაზღვრება დახმარების თუ სერვისების ნუსხა, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ინტერსექტორული თანამშრომლობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის აუცილებლობა და ერთიანი ძალისხმევის საჭიროება უკრაინელი მოქალაქეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოსაჩენად. 

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები