მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ქალებისა და გოგონების დაცვაზე პასუხისმგებელ ძირითად აქტორებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. თეორიული ნაწილი კონკრეტული ქეისის გარჩევით გაგრძელდა. მონაწილეებმა ქეისზე დაყრდნობით, ჯგუფური მუშაობის ფორმატით, განსაზღვრეს პასუხისმგებელი აქტორები და მათი მხრიდან ძალადობის პრევენციისთვის და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგიებზე იმსჯელეს.
ტრენინგის მეორე დღეს მონაწილეები გაეცნენ უკრაინის, სომხეთის, ბოსნია&ჰერცეგოვინას და საქართველოს ქალთა ორგანიზაციების სტრატეგიებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობაზე რეაგირებენ კონფლიქტების და პოსტკონფლიქტურ პერიოდში. ამ ორგანიზაციების საუკეთესო პრაქტიკებს შორის ფონდი „სოხუმიც“ აღმოჩნდა.
ინტერაქტიულმა ჩართულობამ, აქტიურმა დისკუსიამ საინტერესო მიგნებები და შეხედულებები გამოკვეთა.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მათთვის იყო ძალიან სასარგებლო, საჭირო და მნიშვნელოვანი:
„მე პირველად ვარ ასეთ ტრენინგზე. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ქალზე ძალადობაზე ბევრი თქმულა, ბევრი რამ მომისმენია. მეც გადამხდენია. მაგრამ ომის დროს ქალების მიმართ ძალადობის ფაქტები საშინელი მოსასმენია. კარგად ჩანს, რა საფრთხის წინაშე არიან ისინი. ჩემი როლი და მისია დავინახე. მინდა უფრო მეტად ვიყო აქტიური და პრევენციულ საქმიანობაში ჩავერთო. ამ ტრენინგმა ბევრი რამ დამანახა და მადლობა ამისთვის. “
„მე კონფლიქტგამოვლილი ქალი ვარ, თითქოს არ იყო ახალი, ომის დროს რომ ქალის გამოყენება ხდება ძალადობის იარაღად. ცუდი ის არის, რომ ეს საკითხი არ არის აქტუალური, ცუდი ის არის, რომ დღემდე ამ კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა, ამაზე არავინ საუბრობს. დღემდე არა აქვს სახელმწიფოს სტრატეგია ქალების დასაცავად.“