EUMM Georgia-ის მოწვევით, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ წაიკითხა ლექცია თემაზე: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება პრაქტიკაში; ადამიანის უსაფრთხოება და ქალთა მიმართ ძალადობა კონფლიქტით დაზარალებულ თემებში“.
შეხვედრა გაიმართა „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის“ ფარგლებში. ეკატერინემ მონაწილეებს გააცნო ფონდ „სოხუმის“ მუშაობის ძირითადი მიმართულებები, ბოლო კვლევების მიგნებები და დევნილი ქალების უსაფრთხოების გამოწვევები. მათ შორის სოციალური და ეკონომიკური რისკები, ძალადობის მაღალი გავრცელება და მხარდაჭერის სერვისებზე შეზღუდული წვდომა.
განხილულ იქნა ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის აუცილებლობა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასა და რეალიზაციაში, ასევე სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო აქტორებს შორის პარტნიორობის გაღრმავების გზები.
პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.
ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, ქალთა ფონდმა „სოხუმი“ გამართა რეგიონული კონფერენცია „16 აქტიური დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში. ღონისძიების მიზანი იყო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილების შეჯამება და 2025 წლის შედეგების გაზიარება.
კონფერენციას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის 10 მუნიციპალიტეტიდან — ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, სოციალურ მუშაობის პარასპეციალისტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.
მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის პრევენცია როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ასევე სისტემური და სტრუქტურული გამოწვევების ჭრილში.
კონფერენცია მოიცავდა სამ თემატურ პანელს:
ქალთა ჯგუფებთან ადგილზე მუშაობა
პრაქტიკული გამოცდილება: რისკების იდენტიფიცირება, პირველადი დახმარება, ტრავმაზე რეაგირება, თემის მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.
ახალგაზრდების ინიციატივები
ახალგაზრდებმა წარმოადგინეს კამპანიები და მცირე თემობრივი პროექტები, სადაც გამოიკვეთა ახალგაზრდების მზარდი როლი თემების პოზიტიურ ცვლილებაში.
ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მუშაობა
ფოკუსი: ფსიქოლოგიური დახმარება, ეკონომიკური გაძლიერება, სარეაბილიტაციო ცენტრები, მედიაწიგნიერება და ციფრული უსაფრთხოება.
ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებულად გამოიკვეთა, რომ 2025 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხე არის ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ძალადობა — ონლაინ თვალთვალი, კიბერბულინგი, ანგარიშებზე უნებართვო წვდომა და ციფრული მანიპულაცია.
პროექტი ხორციელდება Brot für die Welt-ის მხარდაჭერით.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის ფარგლებში ღია კარის ტრადიციული შეხვედრა გამართა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის 25 წლისთავს ეძღვნებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, მაღალი დონის დიპლომატიური წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოები და პარტნიორი ორგანიზაციები.
შეხვედრის მთავარი აქცენტი იყო დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოცდილებები, უსაფრთხოების ყოველდღიური გამოწვევები და ის სათემო ინიციატივები, რომლებიც ქალებმა საკუთარი თემების გასაძლიერებლად განახორციელეს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და ის მზარდი საფრთხეები, რომლებიც დღეს ქალთა ხმასა და აქტივიზმს უპირისპირდება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა: „როგორც ბევრმა დევნილმა ქალმა, ვიცი, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება… სწორედ ამიტომ იქცა ეს დღის წესრიგი ჩემთვის და ბევრი ქალისთვის გარდამტეხი ინსტრუმენტი… ეს არის მთავარი მონაპოვარი, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და არ დავთმოთ!“
შეხვედრა ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის, მიერ გამართული თბილი მიღებით დასრულდა, რაც ქალთა ლიდერობისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ტექნოლოგიების გამოყენება კონტროლისთვის, თვალთვალისთვის და ზეწოლისთვის პარტნიორულ ურთიერთობებში წარმოადგენს ციფრულ ძალადობას.
ის ხშირად იწყება შეუმჩნეველი ნიშნებით და შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დანაშაულებში - პირადი მონაცემების მოპოვებიდან კიბერმუქარამდე.
პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ WAVE ქსელის მხარდაჭერით.
ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგის ანგარიშის „რატომ მიდიან ქალები?“ (https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15769-2025-07-08-16-30-02) მიგნებების საფუძველზე მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფმა ათ მუნიციპალიტეტში თემის ლიდერებთან და ახალგაზრდებთან თანამშრომლობით ჩაატარა დისკუსიებისა და საკონსულტაციო შეხვედრების სერია, შემდეგ კი შეიმუშავა თემზე დაფუძნებული სამოქალაქო ინიციატივები:
ზუგდიდი (სოფელი ხურჩა) - „მიგრაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში“
სენაკი - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მიგრაციის პრევენციისთვის“
ვანი - „ინფორმირება ქალთა გაძლიერებისთვის“
ჩოხატაური - „ერთობით ყველაფერს დავძლევთ“
ხონი - „სათემო ინიციატივები მიგრაციის პრევენციისთვის“
ხობი - „თაობათაშორისი დიალოგი მიგრაციის პრევენციისთვის“
ფოტოებში კარგად ჩანს, რა შთამბეჭდავია ინიციატივებზე მუშაობა. ჩოხატაურში შეიქმნა შეხვედრების სივრცე, სადაც გაგრძელდება დიალოგი. ხონის სათემო განათლების ცენტრში გაჩნდა ლამაზი კუთხე ბავშვებისთვის - სანამ მშობლები სხვადასხვა კურსის სწავლებებს გადიან, ბავშვები გაერთობიან. ხობში, ორგანიზაცია „თოლისკურში“ ინიციატივის ფარგლებში წიგნები შეიძინეს და მკითხველთა კლუბი ამოქმედდა. ხურჩაში უკვე თავიანთი პრინტერი და აქვთ, საინფორმაციო და სხვა საჭირო მასალებსაც ამობეჭდავენ. სენეკში კი მანიკურის შემსაწავლელი კურსები დაიწყო...
ინიციატივების მიზანია: მიგრაციის სოციალურ და ემოციურ შედეგებზე ცნობიერების ამაღლება, მიგრაციის მავნე გავლენის შემცირება, მოზარდებსა და მიგრანტ მშობლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ხელშეწყობა, დევნილ ქალთა პრაქტიკული უნარების გაძლიერება, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წესია, რომ აუდიტორია აქტიურად ჩაერთოს სცენებში, დისკუსიაში.
ეს იგრძნობოდა წყალტუბოს კერძო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე - ინტერესი და და სიტუაციის შეცვლის სურვილი...
მოსწავლეები დააფიქრა ნანახმა. ზოგმა საკუთარი თავი ამოიცნო სცენებში. ისინი გაეცნენ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებს - მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში ამდენი ბერკეტი არსებობს.
მეორე ჩვენება თერჯოლაში ჩატარდა, ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრებთან.
ამფითეატრის სცენაზე მსახიობებმა წარმოადგინეს ოთხი სცენა. იყო საინტერესო ჩართულობა დისკუსიაში - ჯგუფის წევრებმა გახსნილად ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე. მაყურებლისთვის ნაცნობი და მტკივნეული იყო ყველა სცენა, რადგან ფორუმ-თეატრი რეალურად წარმოადგენს ძალადობის ყველა ფორმას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სამობილიზაციო შეხვედრებმა ახალი ბენეფიციარები მოიცვა. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდს „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ინფორმაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებზე, მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე.
„მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია ყველა ქალს უნდა მიეწოდოს, რადგან მათ დაინტერესებას იწვევს. ამიტომ ინფორმაციის გავრცელება უნდა გაგრძელდეს,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ინფორმირების პარალელურად, მონიტორინგის შედეგად ახალი რისკის ჯგუფის ოჯახების იდენტიფიცირება მოხდა სენაკის, ხობის და წალენჯიხის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქეისების შინაარსიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე მობილიზატორები და პარასპეციალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ ამ ოჯახებთან. შემდგომ კი ფსიქოლოგი განაგრძობს მუშაობს, რათა კონფლიქტის განვითარების რისკები აღმოიფხვრას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხონის, სენაკის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქალთა ჯგუფებს შეხვდა ორგანიზაციის ფსიქოლოგი. შეხვედრების თემა იყო ძალადობა და მიზანი - ინფორმირება ძალადობის პრევენციასა და მხარდაჭერის მექანიზმებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქალების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
დაგეგმილია მსგავსი შეხვედრების გაგრძელება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ერთმანეთის დახმარებას, ერთმანეთისთვის სტიმულის მიცემას და გაძლიერებას ემსახურება ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა შეკრებილები წარმატებული ქალების ისტორიას ისმენენ და ფსიქოლოგიც თვითშეფასების ამაღლებისკენ მოუწოდებს.
ქუთაისის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს წარმატებული სტუმარი ჰყავდა. ასე იყო წყალტუბოს და თერჯოლის შეხვედრებზე. ეს კარგი მოტივაცია იყო ჯგუფის წევრებისთვის.
ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა ხურჩაში, ქობულეთში. ქალებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერის შესახებ. თერჯოლაში ჯგუფის წევრების წინაშე გამოვიდა ჩვენი ფორუმ-თეატრი და წარმოდგენებს გულახდილი, ემოციური დისკუსია მოჰყვა...
ნოემბერში შეხვედრები ჩატარდა ყველა ჯგუფში. ყოველი ახალი შეხვედრა იმის დასტურია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს რეგიონებში მცხოვრები ქალების გაძლიერებისთვის.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ https://sosfsokhumi.ge/, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაცია აძლევს ქალებს.
ასევე ყველა მონაწილეს მიეწოდა ინფორმაცია კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შესახებ.
მონაწილეებს ჰქონდათ არაერთი შეკითხვა კამპანიის შესახებ, მუნიციპალურ პროგრამებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაზე და სათანადო პასუხებიც მიიღეს.
ყველა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება 16-დღიან კამპანიაში, რადგან ეს კამპანია სწორედ მათნაირი ქალების მხარდასაჭერად იმართება მთელ მსოფლიოში.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
