დევნილთა/ლტილვილთა საერთაშორისო დღე ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ სოხუმური ყავის არომატით აღნიშნა, ქუთაისის ბულვარში - უკვე მესამედ.

სტუმრებმა ქვიშაზე მოდუღებულ ყავასთან ერთად, დააგემოვნეს ორცხობილები აფხაზეთის თემატიკის მოხატული მინანქრით.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მადლობის სერტიფიკატები გადასცა: კახა ენუქიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი), ნოდარ გიორგიძეს (ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე), შალვა კირთაძეს (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ქეთევან ცხაკაიას (იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ ხელმძღვანელი), ლადო ჯურხაძეს (ხონის მუნიციპალიტეტის მერი), ალუ გამახარიას (ასოციაცია „საქმიანი და მშვიდობიანი კავკასიას“ დამფუძნებელი), ფაქიზო ფანჩულიძეს (წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლის  დირექტორი), მაია ნუცუბიძე-ქობულიას (წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი), ელისო ფანცხავას (ასოცირებული პროფესორი, მთარგმნელი).

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი. მორიგი შეხვედრა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ადვოკატირების ჯგუფისა და ბაღდათის   მერიის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისიის ორგანიზებით  სოფელ ფერსათში ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ზეგანის, საკრაულას და ფერსათის ბაღების მენეჯერები და აღმზრდელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების კოორდინატორისგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა სერვისები აქვთ მოწყვლადი ოჯახებისთვის. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და სერვისების შესახებ. მონაწილეებმა პრობლემად დაასახელეს ის, რომ მსხვერპლს არ აქვს დაცულობის გარანტია და პრევენციის კუთხით მუშაობა სუსტია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური სატრენინგო კურსი გრძელდება ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ივნისში კიდევ 5 ტრენინგი გაიმართა - ამჯერად: სენაკის, სამტრედიის, ვანის, ქობულეთის და  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ეს იყო საინტერესო და კრეატიული აქტივობებით დატვირთული დღეები.

ყველა ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერული თვისებების მქონე ახალგაზრდები. მათ ნასწავლის დუბლიცირება დაიწყეს. სკოლებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალგაზრდები არ ანელებენ მუშაობის ტემპს, ცდილობენ, თავიანთ სკოლებში, ქალაქებსა თუ სოფლებში ბევრი ინიცირებული ღონისძიება ჩაატარონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთის მერიაში, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ბავშვთა უფლებების განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი თანამშრომლობა  ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული  ფსიქო-სოციალური გარემოსთვის“.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის  და მხარდაჭერის  განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გააცნეს. დიალოგი შედგა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში  საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული ქეისები, რომლებიც სასწრაფო წესით მართვას საჭიროებს. მოხდა შეთანხმება, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლას სისტემატიური ხასიათი მიეცეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხობის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით, სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების და გენდერული სამართლიანობის კიდევ ერთი გარანტია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას, ქალების ფსიქოსოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ერთობლივად განახორციელებენ ეფექტიან ინიციატივებს, ახალგაზრდულ პროექტებს და სხვა.

„ფონდი „სოხუმი“ წლებია, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელება შევძელით. იმედი გვაქვს, ხობის მუნიციპალიტეტშიც ბევრ „წარმატების ისტორიას“ შევქმნით თანამშრომლობის სწორი სტრატეგიით,“ - განაცხადა ალლა გამახარიამ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამტრედიის #2 საბავშვო ბაღში ადვოკატირების ჯგუფის და მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.

მონაწილეები - ბაღის ადმინისტრაცია და პედაგოგები - დეტალურად გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და იმ სერვისებს, რაც მათ ქალებისთვის აქვთ. ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ.

შეხვედრისას დასახელდა არაერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. მონაწილეებმა ბავშვთა განყოფილებასთან თანამშრომლობაც დაგეგმეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მუნიციპალიტეტის უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მონაწილეობით სენაკში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანდაცვის სფეროს, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და პოლიციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო იურისტს, რომელმაც მონაწილეებს რეფერირების დოკუმენტი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები გააცნო.

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდულ ჯგუფებში აქტიურად დაიწყო ივნისი. ტარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება. გაიმართა ტრენინგები წალენჯიხის, ბაღდათის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მეხუთე მუნიციპალიტეტი კი ხობია, სადაც ახლა ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი და ისიც ისე უნდა გააქტიურდეს, როგორც დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში.

ყველა ტრენინგი განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, განსაკუთრებული იყო ტრენინგი ხობში, სადაც ტრენერები პირველად შეხვდნენ ახალგაზრდებს.

სულ მუშაობაში ჩაერთო 102 მონაწილე. მათი დიდი ნაწილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, ინიციატივებს ავლენს და უკვე საინტერესო ღონისძიებებსაც ატარებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალებმა სხვა მონაწილეებთან ერთად დასვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების  პრობლემებზე, გამყოფ ზოლში ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.

მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან, რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.

ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ საკითხზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვა. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები