ვორკშოპები (87)

ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.

  
ქუთაისში, ფონდი „სოხუმის“ ოფისში ვორკშოპი გაიმართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების გენდერული ასპექტები“. მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ლიდერი ქალები.
ვორკშოპი დაიწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ პრეზენტაციით. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჩატარებული კვლევების შედეგებზე, რის შემდეგაც მუშაობა ჯგუფებში გაგრძელდა.
რა უნდა გაკეთდეს უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად - ამ საკითხებზე ჯგუფებმა საინტერესო რეკომენდაციები შეიმუშავეს. მათ წინადადებებში გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომელთა გადაჭრაც ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.  შემუშავებულ წინადადებებში გამოიკვეთა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მიზნით. შეხვედრას დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
 
- სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამები სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს, რადგან არის შემთხვევები, როცა სოფელში ჯანმრთელი ადამიანები არ ამუშავებენ მიწას, არ იწყებენ სამსახურს დახმარების დაკარგვის შიშით, რაც ადამიანების დეგრადაციას იწვევს, - კომპეტენტური წინადადებებით და საინტერესო არგუმენტებით მიმდინარეობდა მსჯელობა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ვორკშოპზე.
მონაწილეებმა მათი ქალაქის, რეგიონის დონეზე არსებულ საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება და გამოსავალზეც იფიქრეს.
მონაწილეების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ადამიანური უსაფრთხოების ყველა კომპონენტს შეეხო. გამოიკვეთა, რომ აუცილებელია მეტი პოპულარიზება გაეწიოს პროფესიულ სასწავლებლებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოამზადებენ კადრებს. 
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
  
ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ფოთში, საჯარო ბიბლიოთეკაში ვორკშოპი გაიმართა ადამიანური უსაფრთხოების თემაზე. მონაწილეობდნენ საზოგადოების სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიან  კამპანიაზე, სოლიდარობის ნიშნად ყველა მონაწილეს ეკეთა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტი. 
შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში გამოცემული ბროშურის „ქალთა ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება დასავლეთ საქართველოში“ -პრეზენტაცია. მონაწილეებმა ადამიანური უსაფრთხოების თემა გენდერულ ჭრილში განიხილეს. აუდიტორიაში გამოიკვეთა, რომ ადამიანური საფრთხეებიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა ერთ-ერთი სერიოზულია. რეკომენდაციებში აღინიშნა,  რომ სახელმწიფოს როლი უნდა გაიზარდოს და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონით განესაზღვროს ვალდებულება ძალადობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.  
 
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები