ვორკშოპები (87)
ვორკშოპები – (თარგმანში - „სამუშაო სახელოსნო“) ეს არის სასწავლო ღონისძიება (სემინარების, კურსების მსგავსი), რომელზეც მონაწილეები დამოუკიდებლად იღებენ ცოდნას. ვორკშოპები ტარდება ქალებთან და ახალგაზრდებთან სხვადასხვა თემაზე. ხშირად ვორკშოპებს თვითონ მონაწილეები ატარებენ.






მენტალიტეტი, პიროვნული ფასეულობები და მათი გავლენა ოჯახური კონფლიქტების განვითარებაზე - ამ თემაზე იმსჯელეს ფოთში, ქუთაისში და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გამართულ კონფლიქტოლოგიის ვორკშოპზე.
მონაწილეები - ახალგაზრდები - როლური თამაშით შეეცადნენ თემის გაანალიზებას: წარმოდგენილი სცენარით ქმარს ხშირად ავიწყდება ქორწინების დღე, მით უმეტეს იცის, რომ ამ თარიღს მისი მეუღლე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. დაპირისპირებაც სწორედ აქედან იწყება.
ახალგაზრდების აზრით, ადამიანებს განსხვავებული ფასეულობები გააჩნიათ, რაც ხშირად ხდება ოჯახში კონფლიქტების განვითარების მიზეზი. დისკუსიისას დაფიქსირდა, რომ ოჯახური ურთიერთობები ძირითადად ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ამიტომ ის, რაც ერთი მხარისთვის უმნიშვნელო დეტალია, მეორისთვის შესაძლოა განსაკუთრებულად ღირებული იყოს. ამ თემაზე დისკუსია ეხმარება ახალგაზრდებს, სწორად იაზროვნონ და გაითვალისწინონ დეტალები, რომლებიც კონფლიქტების მართვას ხელს შეუწყობს პრაქტიკაში.
ქალთა ჯგუფებთან კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები ჩატარდა ქუთაისში, ხურჩასა და სოფელ ივანდიდში (ხონის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რას ნიშნავს კონფლიქტის ანალიზი და რა მეთოდები არსებობს.
მონაწილეები თვლიან, რომ კონფლიქტის გაანალიზება დაპირისპირებულ მხარეებს ეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ამ საკითხმა სოფელ ივანდიდში:
„ჩვენს გვერდით, წლების განმავლობაში გრძელდება ძალადობის ფაქტები ოჯახებში, მეზობლებს ჩარევის უფლებას არ გვაძლევენ. კონფლიქტის შემდეგ ქალი ურიგდება მეუღლეს, იმ მოტივით, რომ ოჯახს ვერ დაანგრევს.“
მათი აზრით, მსგავსი ტიპის ინფორმაციები რაც შეიძლება მეტმა ქალმა უნდა მიიღოს, რადგან კონფლიქტის მართვა დაეხმარება მათ, თავიდან აიცილონ ძალადობა.
წყალტუბოში, ხონში, სენაკში ახალგაზრდების ჯგუფთან კონფლიქტოლოგიის ვორკშოპები გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტის ანალიზის მეთოდებს: „ხახვი“, „კონფლიქტის ხე“. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზეზების შესწავლა-გაანალიზება, რომლებიც კონფლიქტების განვითარებას უწყობს ხელს.
საინტერესო დისკუსია გაიმართა სოფელ ივანდიდში (ხონის მუნიციპალიტეტი). მსგავსი ფორმატის დისკუსიაში ახალგაზრდები პირველად მონაწილეობდნენ და განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ინფორმაციები დაეხმარება მათ, პრაქტიკაში გამოიყენონ ეს მეთოდები და შეძლონ კონფლიქტების მართვა.
ვორკშოპებზე ახალგაზრდების მხრიდან დაფიქსირდა ინიციატივები, დისკუსიები ამ თემაზე სკოლებშიც გააგრძელონ.
ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპზე პიროვნული კონფლიქტების ანალიზი ფსიქოლოგიური ტესტით დაიწყო, რამაც საშუალება მისცა მონაწილეებს დაედგინათ, ხასიათის მიხედვით რომელ ტიპებს მიეკუთვნებიან და რა მახასიათებლებით გამოირჩევიან.
ამ დავალებას მოჰყვა ოჯახური სცენების იმიტაცია. მონაწილეებმა კარგად მოირგეს აგრესიული ქმრისა და მორჩილი ცოლის როლები, გაითვალისწინეს ხელშემწყობი გარემოებები და კონფლიქტების განვითარების დინამიკა ასახეს. წარმოდგენებში კარგად გამოჩნდა, რომ ოჯახში კონფლიქტების ესკალაცია ხშირად ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული.
როგორ ვმართოთ კონფლიქტები, ისე რომ არ გავხდეთ არც მსხვერპლი და არც მოძალადე - ამ საკითხზე ინტერაქტიული მუშაობა წარიმართა.
სხვადასხვა მოსაზრების დაფიქსირების შემდეგ საერთო შეფასებაც გაჩნდა: უნდა შეგვეძლოს კონფლიქტის ანალიზი, ემოციის მართვა, რათა სწორად ვიმოქმედოთ და სიტუაციის განეიტრალება შევძლოთ.
„ჩემი მშობლები და მეც, მორწმუნეები ვართ და მარხვას ვიცავდით. ახალ წელს სამარხვო კერძებს ვამზადებდით. როცა გავთხოვდი, ჩემი ქმრის ოჯახში რადიკალური სიტუაცია დამხვდა. გამომიცხადეს, რომ ახალი წელი მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გოჭი, ინდაური, მწვადები და ასე შემდეგ. როცა მოკრძალებით გამოვაცხადე, რომ ამდენი სურსათი არ იყო საჭირო, შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაყარეს. ახლა მივხვდი, რომ არასწორი პოზიცია მქონდა. სხვის ფასეულობებს პატივი უნდა სცე,“ - მსგავსი რეალური ისტორიების ანალიზის ფონზე გაიმართა ვორკშოპები ქალების ჯგუფთან წყალტუბოში, სენაკში, ხონში.
მონაწილები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვების ფასეულობების გათვალისწინება, რომ ეს დაპირისპირების მიზეზად არ იქცეს.
ახალგაზრდების ჯგუფებთან ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში აქტიურად წარიმართა ვორკშოპები კომუნიკაციის თემაზე. მონაწილეებმა იმჯელეს კომუნიკაციის ვერბალურ და არავერბალურ მხარეებზე.
როგორც აღინიშნა, კომუნიკაცია პირდაპირ კავშირშია კონფლიქტებთან. ინფორმაციის მიწოდებისას ვერბალურთან ერთად არავერბალური მხარეც უნდა იქნეს გასათვალისწინებელი, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა კონფლიქტის გამწვავება. ვორკშოპების მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მიღებული ინფორმაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარება მათ ეფექტურად მართონ კონფლიქტები.
რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ოჯახური კონფლიქტების მართვაში - ამ საკითხზე გაიმართა ვორკშოპები ქალების ჯგუფებთან ხონში, ქუთაისსა და ხურჩაში.
მუშაობისას მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს, ამ მეთოდის გამოყენებით გააკეთეს ანალიზი და დაასკვნეს, რომ კონფლიქტების განვითარების ძირითადი მიზეზი არასწორი კომუნიკაციაა. ვორკშოპების მონაწილეებმა ცხოვრებისეული მაგალითები განიხილეს, რამაც შეხვედრები განსაკუთრებით ეფექტური გახადა.