მასმედია (137)
მასმედია – ეს არის ინფორმაციის მასობრივი საშუალებები. ამ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, ამასთანავე ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში მომზადებული ტელეგადაცემების, რადიოსიუჟეტებისა და სტატიების თაობაზე.
ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა შეხვედრა ოზურგეთელ ჟურნალისტებთან.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთის თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარდგენილ გენდერული თანასწორობის გეგმას და 2016 წელს გენდერული საკითხებისთვის: 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში.
შეხვედრის მონაწილეებისთვის ეს საინტერესო ინფორმაცია მომავალი მასალების თემა გახდება. შეხვედრაზე გაჩნდა მედიაპროექტის იდეაც, რომელიც მოიწონა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ.


ქუთაისელი ჟურნალისტები ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა მუშაობას ეწევა ფონდი „სოხუმი“. 23 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ფონდის სააქტო დარბაზში მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
შეხვედრის თემა იყო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.
ჟურნალისტები აქტუალურად მიიჩნევენ ქალთა მიმართ ძალადობის თემას და წლებია, ბევრს მუშაობენ ამ კუთხით. ისინი დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მიიღეს სათანადო პასუხები, რაც შემდგომში მათ მასალებში აისახება.
21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სენაკელი ჟურნალისტები გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო მედიის აქტიურობას ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ირაკლი კაჭარავა - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მან შეკრებილებს უამბო ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კუთხით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამის შესახებ იყო მასალები ადგილობრივ მედიაში. გაჩნდა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა, გაჩნდეს სპეციალური რუბრიკები და კიდევ უფრო აქტიურად გაშუქდეს გენდერული თემები.
რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე? რა შეიცვლება ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, როგორია საზოგადოების განწყობა და რამდენად საჭიროა ლიდერი ქალების ხელშეწყობა?
ამ საკითხებზე საუბრობენ ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტთან ქუთაისში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“ ჩატარდა 21 ივნისს. მისი მთავარი მიზანი იყო ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბების (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ერთწლიანი მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
მოუგვარებელი კონფლიქტები და მათი გავლენა ქალებზე, კონკრეტული ისტორიები და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ფილმის გმირები კონფლიქტის ზონასა და მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაყურებელს. საკითხის სიმწვავის აღიარებას არ გაურბიან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც და საუბრობენ იმ ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამ საკითხების მიმართ კი ქალები უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენენ.
როგორია ქვეყანაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, რატომ არ არიან პასუხისმგებელ თანამდებობებზე ქალები, როგორ უნდა მოხდეს მათი პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა - გადაცემის სტუმრებმა, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დეტალურად ისაუბრეს გავლილ პოლიტიკურ გზაზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე, საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით - ქალთა გააქტიურების კუთხით.
საუბარი შეეხო ოზურგეთში გასამართ რიგგარეშე არჩევნებს. სოფელ ნასაკირალში კენჭს ქალი დეპუტატი იყრის „ქართული ოცნებიდან“.
გადაცემის სტუმრების პოზიციით, მაჟორიტარი კანდიდატობა ნამდვილად არ არის ადვილი, განსაკუთრებით ქალისთვის, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ქალების ჩართულობაც აუცილებელია. ქალები კონკრეტულ საკითხებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალურ თემებთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქალები პოლიტიკაში უნდა გაძლიერდნენ, უნდა მივცეთ წარმოდგენილ პედაგოგ ქალს შანსი და დავამსხვრიოთ მითი, რომ მაჰმადიანი თემი ქალს არ აირჩევს დეპუტატად“, - აღინიშნა გადაცემაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
ეს ფილმი ეძღვნება ფონდი „სოხუმის“ პროექტს „ქალთა შესაძლებლობების გაფართოება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“.
ფილმი, რომელიც ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, ასახავს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს: ტრენინგი ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფთან, მრგვალი მაგიდა და კვლევის პრეზენტაცია, შეხვედრა კვიპროსზე, პროექტის პრეზენტაცია თბილისში.
რა ტიპის საფრთხეები არსებობს საზოგადოებაში, რატომ არიან ქალები მაღალი რისკის ქვეშ, რა სახის პრევენციული ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის ასამაღლებლად - ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი სტუმრებმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირი ეთერში.
გადაცემას თან ახლდა სიუჟეტი, რესპონდენტები ხაზგასმით საუბრობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგება.
ტელეგადაცემის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება თითოეული ადამიანის თვითშეგნების ამაღლებით უნდა დაიწყოს და მას ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა უნდა ერთვოდეს. შესაბამისი ეფექტი მხოლოდ კოორდინირებული მუშაობით მიიღება.