ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
ძალიან საინტერესო, საჭირო და გამოსადეგი - ასე შეაფასეს მოსწავლეებმა ვორკშოპები კონფლიქტის თემაზე, რომლებიც 2, 4 და 6 თებერვალს ჩატარდა გვიშტიბის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ნიგვზიანის (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და ორულუს (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპის მსვლელობაში. მათი თქმით, ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევთ, თამამად დააფიქსირონ თავიანთი აზრები, მიიღონ ცოდნა და შემდეგ სხვებს გაუზიარონ.
ვაჟებთან შეხვედრისას ძირითადი ნაწილი დაეთმო გენდერული საკითხების განხილვას: მათ როლს პრობლემების მოგვარებაში, ქალთა უფლებების აღიარებას და დაცვას.
შეხვედრის მეორე ნაწილში როლური თამაშები გაიმართა. თამაშები ეხებოდა როგორც სკოლის, ასევე ოჯახური ცხოვრების ამბებს. ეს ნაწილი ბიჭებს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონთ და ამ დროს საკუთარ თავს რეალურ ისტორიებთან აიგივებენ.
ბოლოს შემაჯამებელ შეხვედრებზე ისაუბრეს, 2-3 ლიდერი ბიჭი შეირჩა, რომლებიც თებერვალში პრეზენტაციებს გააკეთებენ.
ვაჟებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის (18 იანვარი), ლანჩხუთის (21 იანვარი), თერჯოლის (22 იანვარი), წყალტუბოს (23 იანვარი), ხონის (24 იანვარი), ფოთის (25 იანვარი), ოზურგეთის (28 იანვარი), სენაკის (29 იანვარი) მუნიციპალიტეტებში.
აქტუალურ თემაზე წარიმართა საინფორმაციო შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ცხრა ახალგაზრდულ კლუბში. იანვარშიც ცხრა მუნიციპალიტეტის სკოლები მოხვდა საინფორმაციო არეალში: დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხაჯალია (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი“, ანასეული (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კუხი (ხონის მუნიციპალიტეტი), თეკლათი (სენაკის მუნიციპალიტეტი), ფოთის მე-11, წყალტუბოს მესამე და ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლა.
საინფორმაციო შეხვედრებზე განიხილეს ეთიკის და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ინსტრუმენტი ძალადობის პრევენციისთვის.
მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთა აქტიურობა, მათი ჩართულობა როლურ თამაშებში, ინიცირებული წარმოდგენები, გულახდილი საუბრები პრობლემებზე (მშობლების როლი, ნაადრევი ქორწინება, არაჯანსაღი ტრადიციები, მავნე ჩვევები). ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტი გამოხატა განსახილველი თემების მიმართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა შეხვედრა წარიმართა დიალოგის, ინტერაქტივის ფორმატით. ერთ-ერთი შედეგიც გამოიკვეთა: ქუთაისის კლუბი მზად არის, დამოუკიდებლად იმუშაოს თანატოლებთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან.
21, 22, 23 და 24 იანვარს, ლანჩხუთის, თერჯოლის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში ჩატარდა ვორკშოპები კონფლიქტის თემაზე.
მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა როლებში გაითამაშეს სწორი და არასწორი კომუნიკაციის, მოლაპარაკების გზით მოგვარებული პრობლემის სცენები. გააკეთეს კონფლიქტების ანალიზი და სამომავლო ინიციატივებზე იმუშავეს.
ახალგაზრდების თქმით, ასეთი შეხვედრების ჩატარება ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობას და ლოკალური კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.
ვაჟებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდის (6 დეკემბერი), თერჯოლის (7 დეკემბერი), ქუთაისის (10 დეკემბერი), სენაკის (12 დეკემბერი), ფოთის (13 დეკემბერი), წყალტუბოს (14 დეკემბერი), ხონის (17 დეკემბერი), ოზურგეთის (18 დეკემბერი) და ლანჩხუთის (20 დეკემბერი) მუნიციპალიტეტებში. ამჯერად განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხი და გენდერული როლები. იყო ღია დისკუსიები და ჯგუფური სავარჯიშოები. ერთ-ერთი სავარჯიშოს მიხედვით ბიჭებს უნდა გადმოეცათ ქალებისა და მამაკაცების როლი თავიანთ ოჯახებში. მათ აღნიშნეს, რომ ქალები უფრო მეტად არიან დატვირთულები. სავარჯიშომ დაანახა ბიჭებს პრობლემები, უთანასწორობის მიზეზები და მათ გაიაზრეს საკუთარი როლი.
ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს თემა: კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა კონფლიქტების მართვის დროს. იმიტირებულ წარმოდგენებშიც კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი.
-კონფლიქტების დიდი ნაწილი იწყება არასწორი კომუნიკაციით და მისი მართვაც მხოლოდ კომუნიკაციით არის შეაძლებელი, - ასეთი დასკვნა როლური სავარჯიშოების შესრულების შემდეგ გააკეთეს.
მონაწილეები თვლიან, რომ ასეთი შეხვედრები ეხმარებათ მათ, კომუნიკაციის დამყარებაში და ურთიერთობაში, რაც ამცირებს კონფლიქტებს მოზარდებში.
ვორკშოპის მონაწილეებმა სენაკში, ფოთსა და წყალტუბოში მოისმინეს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია კონფლიქტების მართვის დროს.
სავარჯიშოების დროს გამოიკვეთა არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა. როლური თამაშით მოზარდებმა წარმოადგინეს არასწორი კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი ოჯახური კონფლიქტები.
- მოსმენა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად გესმის, ხშირად ძალიან ახლო ადამიანებსაც, მაგალითად, მშობლებსა და შვილებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც უჭირთ ერთმანეთის გაგება. აქ მიღებული რჩევები კი დაგვეხმარება მომავალში, - აღნიშნეს მონაწილეებმა.
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ფოთსა და წყალტუბოში. თემა - ტოლერანტული საზოგადოება და კავშირი ძალადობასთან.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს ტრადიციებზე, საზოგადოების არატოლერანტულობაზე. მშობლებზე, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან ახალს და არ ეკითხებიან, უნდათ თუ არა ზოგიერთი მახინჯი ტრადიციის დაცვა.
როლურ თამაშებში ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად აირჩიეს აქტუალური თემები. იყო პრეზენტაციები, დისკუსია, ანალიზი. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ყველა ღონისძიებაში. ეს არის შეხვედრების უმთავრესი შედეგი.
რას ნიშნავს ეფექტური კომუნიკაცია და როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტების მართვის დროს - ამ თემით ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ და ეს ინტერესი დისკუსიისას აქტიურად გამოხატეს ზუგდიდში, თერჯოლასა და ქუთაისში.
მონაწილეების მიერ ნაჩვენებ იმიტირებულ წარმოდგენებში გამოჩნდა, რომ კონფლიქტები ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, სამსახურში ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არასწორი კომუნიკაციით.
- თუ გვეცოდინება კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა ბევრად უფრო მარტივი გახდება, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბები, ტრადიციულად, ჩაერთნენ საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), თერჯოლასა და ქუთაისში. საინტერესო და აქტუალურმა თემამ „ტოლერანტული საზოგადოება და კავშირი ძალადობასთან“ გამოიწვია მონაწილეთა აქტიური დისკუსია. ბევრ რამეზე ისაუბრეს: საზოგადოების არატოლერანტულობაზე, უმცირესობების პრობლემებზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე. როლური თამაშებისთვის ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად აირჩიეს თემები, საინტერესოდ წარმოადგინეს, ანალიზიც გააკეთეს და დასკვნებიც გამოიტანეს.