ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა (203)
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა – გულისხმობს საქმიანობას ახალგაზრდობასთან მათი გაძლიერებისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის. მუშაობა მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ხურჩა/კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ლანჩხუთი, ოზურგეთი. ტარდება საინფორმაციო შეხვედრები გენდერულ და ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდულ კლუბებში, კონფლიქტოლოგის ვორკშოპები ახალგაზრდებთან, ეწყობა შეხვედრები ვაჟებთან, ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ტრენერთა ჯგუფი, იმართება ტრენინგები და სხვადასხვა სახის შეხვედრები ახალგაზრდების მონაწილეობით.
ნოსირის (სენაკის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის ახალგაზრდულ კლუბებში მოზარდებმა ტოლერანტობაზე ისაუბრეს. მათ საინტერესო ანალიზი გააკეთეს ტოლერანტობის დეფიციტზე, ტრადიციებზე, შერეულ ოჯახებზე და მათ პრობლემებზე.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეებმა ტოლერანტობის თემაზე მოამზადეს ესეები და ვიდეორგოლები, რომლებიც ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
ტოლერანტობის პრობლემა იყო ძირითადი თემა ონლაინ ჩართვების დროს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების წევრებთან. მოზარდები საუბრობდნენ რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებზე, გამოიკვეთა მათი შემწყნარებლური დამოკიდებულება. აღინიშნა, რომ ტოლერანტობის თემის განხილვა მოზარდებისთვის აუცილებელია, რადგან ტოლერანტობა ამცირებს ძალადობას.
დეკემბერში კიდევ 4 ვორკშოპი ჩატარდა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“, მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი), მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტის) და ქვედა სიმონეთის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) №1 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.
მონაწილეები გაეცნენ კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის 5 სტილს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით ელოდებიან ყველა ჩართვას, ითვალისწინებენ კონფლიქტოლოგის რჩევებს და მეგობრებსაც უზიარებენ.
გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფოთის №4 საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან ონლაინ ვორკშოპები ჩატარდა თემაზე „კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“.
მონაწილეებისთვის ახალი და უცხო იყო ეს ინფორმაცია. მათ ისწავლეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება. შეხვედრების ბოლოს მოზარდებმა აღნიშნეს:
„თქვენ ისე გასაგებად გვიხსნით თემას, რომ გაუგებარი არაფერი რჩება“.
„სიხარულით ველოდები თქვენს მესიჯს, თუ როდის ჩაგვიტარდება შეხვედრა“.
„ძალიან მომწონს ეს გაკვეთილები. ვიცი, ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება“.
დეკემბერში ონლაინ მიმდინარეობდა მუშაობა ვაჟებთან. ფონდის „სოხუმის“ ტრენერი დაუკავშირდა თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. ჩართვები გაიმართა ჯგუფურადაც და ინდივიდუალურადაც. ზუმის პლატფორმაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები, რომლებიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვას, ბულინგს, ტოლერანტობას. შეხვედრები დაგეგმილ დროზე მეტხანს გრძელდებოდა, რადგან ბიჭებს ყოველთვის ბევრი კითხვა აქვთ და დისკუსიებიც იმართება. დაიგეგმა იანვრის შეხვედრებიც - ბიჭები ისევ აქტიურად ჩაერთვებიან.
„კონფლიქტის შესაძლო შედეგები და კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სტილები“ – ამ თემაზე ჩატარდა ონლაინ ვორკშოპები ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის) №2 და ქობულეთის №5 საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მონაწილეებმა გაიგეს, რას ნიშნავს მოგება-მოგება, მოგება-წაგება და წაგება-წაგება, რომელ სიტუაციაში რომელი სტილია უფრო მისაღები, როდის უნდა აარიდო თავი კონფლიქტურ სიტუაციას, როდის უნდა წახვიდე კომპრომისსა თუ თანაშრომლობაზე.
მათ აღნიშნეს, რომ ეს საკითხები მათთვის სიახლე იყო და ყველაფერი გასაგებად აუხსნათ კონფლიქტოლოგმა. მონაწილეები დიდი ინტერესით დაელოდებიან მომდევნო ონლაინ ჩართვას, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგონ ამ აქტუალურ თემაზე.
თემა: ტოლერანტობის პრობლემა მოზარდებში. ამ საკითხზე იყო მსჯელობა ონლაინ ჩართვების დროს ოთხ ახალგაზრდულ კლუბთან (ფოთის 1-ლი, ქობულეთის მე-5, თერჯოლის მე-2 და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლები).
მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. ისაუბრეს ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ პრობლემებზე, შერეულ ოჯახებზე, საზოგადოების აგრესიაზე „განსხვავებულის“ მიმართ.
მოეწყო ერთგვარი გაცვლითი შეხვედრა - ქობულეთის და ფოთის ახალგაზრდული კლუბები „ერთმანეთს შეხვდნენ“ ონლაინ სივრცეში. საინტერესო იყო მონაწილეების მონაყოლი ამბები შემწყნარებლობაზე, სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მოსწავლეების შესახებ. ასეთი შეხვედრები ბევრ რამეზე დააფიქრებს მოზარდებს და სასიკეთოდ ცვლის მათ დამოკიდებულებას აქტუალური პრობლემების მიმართ.
ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთულ ვიდეოგაკვეთილს კონფლიქტის ესკალაციის თემაზე დიდი გამოხმაურება მოყვა.
ვორკშოპების მონაწილეები წინასწარ გაეცნენ თემას. მერე - ონლაინ მუშაობისას კიდევ უფრო აქტიურად იმსჯელეს მელაურის (სამტრედიის მუნიციპალიტეტის), მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხაჯალიას (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებმა. თეორიული მასალის გარდა, მათ პრაქტიკული მაგალითებიც აინტერესებთ, აღელვებთ არჩევნებთან დაკავშირებული დაძაბულობა, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი.
ვორკშოპების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის უცხო ტერმინი იყო „ესკალაცია“, უკვე იციან მისი არსი და კიდევ უფრო მეტის გაგება უნდათ კონფლიქტების მოგვარებაზე. ისინი ჩაერთვებიან საერთაშორისო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ“.
ნოემბერში იწყება საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კამპანიაში აქტიურად ერთვებიან დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბები. კამპანიის დაწყებამდე ონლაინ სამუშაო შეხვედრები შედგა ახალგაზრდული კლუბების ლიდერებთან და განიხილეს ღონისძიებების გეგმა. ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო იდეა აქვთ და მათი აქტიურობა გამოჩნდება 16 დღის მანძილზე.
„მე პირველად გავიგე ტერმინი ესკალაცია“, „თქვენ ძალიან საინტერესოდ და გასაგებად აგვიხსენით თემა“, „როდის გვექნება მომდევნო შეხვედრა?“- ასეთია მოსწავლეების უკუკავშირი.
კონფლიქტის ესკალაციას მიეძღვნა ვორკშოპები ქობულეთის № 5 საჯარო სკოლის, ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) №2 და გურიანთას (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების კონფლიქტის მართვის ჯგუფის წევრებთან.
მოსწავლეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეოგაკვეთილი ამ თემაზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. კონფლიქტოლოგმა მესენჯერის ჩათებში გაუგზავნა მათ პატარა მოთხრობები, რომლებშიც კარგად ჩანს ესკალაციის სტადიები.