







ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა შეხვედრა ოზურგეთელ ჟურნალისტებთან.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლის მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთის თვითმმართველობამ მხარი დაუჭირა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ წარდგენილ გენდერული თანასწორობის გეგმას და 2016 წელს გენდერული საკითხებისთვის: 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში.
შეხვედრის მონაწილეებისთვის ეს საინტერესო ინფორმაცია მომავალი მასალების თემა გახდება. შეხვედრაზე გაჩნდა მედიაპროექტის იდეაც, რომელიც მოიწონა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ.


ქუთაისელი ჟურნალისტები ყოველთვის საქმის კურსში არიან, რა მუშაობას ეწევა ფონდი „სოხუმი“. 23 მარტს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები ფონდის სააქტო დარბაზში მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ.
შეხვედრის თემა იყო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წინადადებები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით.
ჟურნალისტები აქტუალურად მიიჩნევენ ქალთა მიმართ ძალადობის თემას და წლებია, ბევრს მუშაობენ ამ კუთხით. ისინი დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მიიღეს სათანადო პასუხები, რაც შემდგომში მათ მასალებში აისახება.
21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, სენაკელი ჟურნალისტები გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში შეიკრიბნენ. საუბარი შეეხო მედიის აქტიურობას ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ირაკლი კაჭარავა - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. მან შეკრებილებს უამბო ახალგაზრდებთან გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კუთხით ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამის შესახებ იყო მასალები ადგილობრივ მედიაში. გაჩნდა სურვილი, გაგრძელდეს თანამშრომლობა, გაჩნდეს სპეციალური რუბრიკები და კიდევ უფრო აქტიურად გაშუქდეს გენდერული თემები.
რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე? რა შეიცვლება ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში, როგორია საზოგადოების განწყობა და რამდენად საჭიროა ლიდერი ქალების ხელშეწყობა?
ამ საკითხებზე საუბრობენ ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტთან ქუთაისში გამართული ხალხმრავალი კონფერენციის მონაწილეები.
კონფერენცია „ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში - დემოკრატია მოქმედებაში“ ჩატარდა 21 ივნისს. მისი მთავარი მიზანი იყო ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბების (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი) ერთწლიანი მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის დასახვა.
პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
მოუგვარებელი კონფლიქტები და მათი გავლენა ქალებზე, კონკრეტული ისტორიები და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები - ფონდი „სოხუმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოზიტიური ტრანსფორმაციისათვის ოფიციალურ მოლაპარაკებებში ქალთა ჩართვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ფილმის გმირები კონფლიქტის ზონასა და მოსაზღვრე რეგიონში მცხოვრები ქალბატონები არიან, რომლებიც საკუთარ სატკივარს უზიარებენ მაყურებელს. საკითხის სიმწვავის აღიარებას არ გაურბიან სახელმწიფო ჩინოვნიკებიც და საუბრობენ იმ ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომლებიც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს მდგომარეობას. ამ საკითხების მიმართ კი ქალები უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენენ.